ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სულხან თამაზაშვილის საქმიანობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე - ირაკლი კობახიძე
ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სულხან თამაზაშვილის საქმიანობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა თორნიკე რიჟვაძეს და აღნიშნა, რომ გასული წლების განმავლობაში აჭარაში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი პროექტები და ამ საქმეს ღირსეული გაგრძელება სჭირდება.
„თორნიკე რიჟვაძე 7 წლის განმავლობაში ემსახურებოდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, ჩვენი ქვეყნის ამ უმნიშვნელოვანეს მხარეს. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა აჭარისთვის გასული წლების განმავლობაში, განხორციელდა უმნიშვნელოვანესი პროექტები, პროგრამები იმისათვის, რომ განვითარდეს ჩვენი ქვეყნის ეს უმნიშვნელოვანესი, ულამაზესი მხარე. რა თქმა უნდა, ამ საქმეს სჭირდება ღირსეული გაგრძელება. ვფიქრობთ, წარმოგიდგენთ ძალიან ღირსეულ კანდიდატს, სულხან თამაზაშვილს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან სტრუქტურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, წლების მანძილზე ღირსეულად ემსახურებოდა ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ქვეყანას. ის არის აჭარელი, აჭარაში დაბადებული, გაზრდილი და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მისი საქმიანობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე. მას აქვს გამოცდილება, სათანადო უნარ-ჩვევები იმისთვის, რომ სათანადოდ წარმართოს მისი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განვითარებასთან. ბევრი გამოწვევაა ჩვენს წინაშე და დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამოწვევებს სულხან თამაზაშვილი თავს საუკეთესოდ გაართმევს", - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
ცესკოს თავმჯდომარემ ეუთო/ოდირის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
13.11.2026.11:42
„ონლაინ საარჩევნო კამპანიის სივრცის დაცვა: რეგულირების მიღმა არსებული მიდგომები“ - იყო ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრის განხილვის მთავარი თემა, რომელშიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და ამავე უწყების საერთაშორისო ურთიერთობის და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე იღებდნენ მონაწილეობას.
ღონისძიება ორ სამუშაო სესიას მოიცავდა. პირველი სესიის ფარგლებში მონაწილეებმა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და არჩევნების მთლიანობის დაცვის მიმართულებით სახელმწიფოების მზადყოფნასა და მედიაწიგნიერების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მეორე სესიაზე კი უშუალოდ შეფასდა ონლაინ საარჩევნო კამპანიის წარმოების პერიოდში, არსებული ქცევის კოდექსების გამოყენების გამოცდილება და მიღებული შედეგები.
სამუშაო შეხვედრამ ეუთოს წევრი ქვეყნების დელეგატებს, საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს, საარჩევნო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საშუალება მისცა ემსჯელათ ისეთ მნიშვნელოვან თემებსა და ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმაც შესაძლებელია რეგულირების ფარგლებს მიღმა, საარჩევნო კამპანიების წარმოების, ახალი საფრთხეების, დეზინფორმაციისა და მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა პანელურ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებაზე ისაუბრა.
“საერთაშორისო სამუშაო შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ეუთოს წევრ ქვეყნებს ძირითადად აქვთ საერთო გამოწვევები, რომელიც, რა თქმა უნდა, უკავშირდება ციფრულ დეზინფორმაციას, მანიპულაციას და მისგან მიღებულ შედეგებს, ასევე დაგვანახა რომ ის მიდგომები, რომლებსაც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით იყენებს, არის მეტნაკლებად ერთგვაროვანი, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა შესაძლებლობას იყენებს, რათა საზოგადოებამდე მიიტანოს სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია, რაც ხელს უწყობს საარჩევნო გარემოს დაცვასა და ამომრჩევლებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას“, -განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარემ ასევე გამართა შეხვედრა ალექსანდრე მაისურაძესთან, რომელიც ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ასევე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელია. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ვიზიტის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. ასევე ისაუბრეს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში საარჩევნო ადმინისტრაციის ჩართვისა და მონაწილეობის შესაძლებლობებზე. აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ეკატერინე ზოდელავა და ცესკოს საერთაშორისო ურთიერთობის და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე.
სამუშაო შეხვედრა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში 10 ნოემბერს, გაიმართა. გიორგი კალანდარიშვილი და თამარ კაპანაძე აღნიშნულ ღონისძიებაში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მიწვევით იღებდნენ მონაწილეობას.