დიდი პასუხისმგებლობაა იყო თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი და ორმაგი პასუხისმგებლობაა იყო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე - ზურაბ აბაშიძე
თბილისის საკრებულოში მერვე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს. ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას პირველ რიგში თბილისელებს, შემდგომ კი კოლეგებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ იყო დედაქალაქის საკრებულოს წევრი დიდი პასუხისმგებლობაა. ზურაბ აბაშიძემ მადლობა საქართველოს პრემიერ მინისტრს, დედაქალაქის მერს, პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობასაც გადაუხადა. მისი თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თბილისის წარმომადგენლობითი ორგანო თავდაუზოგავად იმუშავებს იმ დაპირებების და პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც დედაქალაქის მოსახლეობისა და თბილისისთვის სასიკეთო იქნება.
„ჩვენ თბილისელებს ძალიან ბევრი დაპირება მივეცით და ამ დაპირებების შესასრულებლად მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად ვიმუშავებთ. დარწმუნებული ვარ, რომ საკრებულოს ახალი შემადგენლობის მუშაობა იქნება პროდუქტიული და ჩვენ, ყველანი ერთად, თბილისისთვის ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ. მინდა, გამოცხადებული ნდობისთვის, მადლობა გადავუხადო თბილისის მოსახლეობას, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, პრემიერ-მინისტრს, დედაქალაქის მერს, პარტიის თავმჯდომარეს. დიდი პასუხისმგებლობაა იყო თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი და ორმაგი პასუხისმგებლობაა იყო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე. ჩვენ ისევ ისე თავდაუზოგავად გავაგრძელებთ მუშაობას, როგორც აქამდე ვმუშაობდით და თბილისში უამრავი, საჭირო პროექტი განხორციელდება“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
საკრებულოს მერვე მოწვევის თავმჯდომარე ოპოზიციასაც მიესალმა და მათ წარმატებული მუშაობა უსურვა. ზურაბ აბაშიძის თქმით, იგი იმედოვნებს, რომ მათი თანამშრომლობა კონსტრუქციული იქნება.
„მინდა, მივესალმო ოპოზიციის წარმომადგენლებს და ვუსურვო წარმატებები. მინდა მჯეროდეს, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ჩვენი კარი მუდამ ღია იქნება თქვენთვის. სამწუხაროდ, წინა გამოცდილება არ იყო ასეთი. წინა მოწვევის ოპოზიციის წარმომადგენლებმა მთელი დრო ბოიკოტის რეჟიმში გაატარეს. შესაბამისად, შედეგიც სახეზეა. ჩვენ ახალი მოწვევის საკრებულოში 45 წევრით ვართ წარმოდგენილები, ოპოზიცია კი მხოლოდ ხუთით“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა
11.12.2025.16:43
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა. თურქმენეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ყურადღება დაეთმო სატრანზიტო-ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და შუა დერეფნის მეშვეობით ცენტრალური აზიიდან საქართველოს საზღვაო პორტების მიმართულებით დამატებითი ტვირთების მოზიდვის პოტენციალს.
პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, საქართველომ ხელი შეუწყოს თურქმენული გაზის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირებას.
ირაკლი კობახიძემ თურქმენეთის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.
ირაკლი კობახიძემ სერდარ ბერდიმუჰამედოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.