დღევანდელი თარიღი გვახსენებს იმ დიდ გზას, რომელიც საქართველომ ეროვნული მონეტარული სისტემის განვითარების მიმართულებით გაიარა. ლარი არა მხოლოდ ფინანსური ერთეულია, არამედ სტაბილურობის და განვითარების სიმბოლო - შალვა პაპუაშვილი
„წელს ეროვნული მნიშვნელობის მოვლენას - ჩვენი ეროვნული ვალუტის 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. ზუსტად 30 წლის წინ, ლარის შემოღებით საქართველოში ახალი ეტაპი დაიწყო. ეს იყო უდიდესი ნაბიჯი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ლარის საიუბილეო წელთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ეროვნული ვალუტა იქცა ქმედუნარიან ინსტრუმენტად საქართველოს იმ ეროვნული ინტერესების გასატარებლად, რასაც მშვიდობა, კეთილდღეობა და ეკონომიკური ზრდა ერქვა.
,,დღევანდელი თარიღი გვახსენებს იმ დიდ გზას, რომელიც საქართველომ ეროვნული მონეტარული სისტემის განვითარების მიმართულებით გაიარა. ლარი არა მხოლოდ ფინანსური ერთეულია, არამედ - ეკონომიკური სუვერენიტეტის, სტაბილურობისა და განვითარების სიმბოლო. მიმდინარე პერიოდში ჩვენ არაერთ საიუბილეო წელს აღვნიშნავთ. წელს ჩვენ გვაქვს კონსტიტუციის და ლარის 30 წლის იუბილეები, გაისად გვექნება ქართლის მოქცევის 1700 წლის აღმნიშვნელი ღონისძიებები. ჩვენ სამიათასწლოვანი სახელმწიფო გვაქვს და როგორც იცით, სუვერენულობის, შეიძლება ითქვას, უმთავრესი და ყველაზე გამორჩეული სიმბოლო გახლდათ ფული. მონარქიულ და ფეოდალურ სამყაროში მმართველის მიერ ფულის მოჭრა გახლდათ ის უზენაესი აქტი, რომელიც სრულად ასახავდა მმართველის უფლებას, სიმტკიცესა და ლეგიტიმაციას.
1995 წელს საქართველომ, მაშინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დიდი ღვაწლითა და ძალისხმევით შეძლო სახელმწიფოებრიობის მთავარი მდგენელის შექმნა. მივიღეთ ქვეყნის კონსტიტუცია და გამოვუშვით ეროვნული ვალუტა. გაჩნდა სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი დოკუმენტი და ფისკალური პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტი," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი განცხადებით, „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ უდიდესი როლი ითამაშა ეკონომიკური პოლიტიკის ახალ სიმაღლეზე ასაყვანად.
,,30 წლის განმავლობაში ბევრი სირთულე გამოვიარეთ. თუმცა ჩვენმა ხელისუფლებამ უდიდესი როლი ითამაშა როგორც ეკონომიკური პოლიტიკის ახალ სიმაღლეზე ასაყვანად, ასევე სამართლებრივი საკითხების მოსაწესრიგებლად. დღეს ქართული ლარი ღირსეულად უმკლავდება ყველა გამოწვევას და წარმოადგენს მართლაც საამაყო მემკვიდრეობას, რომელიც როგორც შინაარსობრივად, ისე გარეგნულად, სრულად გამოხატავს ჩვენი ერის ღირსებას, ისტორიას და იდეოლოგიას. ლარი, როგორც ფულადი ნომინალი, არ უნდა გაჩერდეს. მან უნდა გააგრძელოს განვითარება, დიზაინის განახლება, ახალ საჭიროებებზე მორგება, საიუბილეო კუპიურებისა თუ მონეტების გამოშვება. ქართული ლარის მეთვალყურე და მასზე მზრუნველია ეროვნული ბანკი, რომელიც წლების განმავლობაში თანმიმდევრულ და პასუხისმგებლიან მონეტარულ პოლიტიკას ატარებს. სწორედ საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობით, ჩვენი საბანკო სექტორი მრავალი წელია ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ საყრდენს წარმოადგენს. ის აგრძელებს სანდოობის განმტკიცებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე და ჩვენი ქვეყანა ახალი შესაძლებლობებისკენ მიჰყავს.
ყველას გილოცავთ ქართული ლარის 30 წლის იუბილეს. მინდა ვისურვო, რომ ჩვენი ეროვნული ფულის ყოველი მომდევნო იუბილე მეტი და მეტი სიხარულის და სიამაყის მომტანი ყოფილიყოს!" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
30.05.2025.15:26
გუშინ ვაიმარის სამკუთხედის წევრმა პოლონეთის და საფრანგეთის საელჩოებმა გაავრცელეს გაფრთხილება საკუთარი მოქალაქეებისთვის, რომ ასჯერ დაფიქრდნენ და ისე ჩამოვიდნენ საქართველოში, ვითომცდა საქართველოს საზღვარზე არ შემოშვების დიდი რაოდენობის გამო, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც ის აღნიშნავს, ძალიან შემაშფოთებელია, თუ ქართულ პოლიტიკაზე წარუმატებელი თავდასხმების შემდეგ, ახლა, ქართულ ეკონომიკაზე თავდასხმები უნდა ვიხილოთ.
,,ტურიზმი ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ზრდისთვის მნიშვნელოვანი სფეროა, მასზე უსაფუძვლო თავდასხმა კი, ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე და ჩვენს ეროვნულ ინტერესზე თავდასხმაა.
სინამდვილე, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სხვაა ვიდრე ის აღქმა, რომლის შექმნასაც ამგვარი განცხადებებით ცდილობენ. საბედნიეროდ, საზღვრის კვეთა არა აღქმების სფერო, არამედ სტატისტიკის და ფაქტების სამყაროა.
სტატისტიკა კი ამ განცხადებების რეალობასთან აცდენას ამხელს და აჩვენებს, რომ საქმე სულ სხვაა, პოლონეთი და საფრანგეთი, ისევე როგორც ჯამურად ევროკავშირი, უფრო მეტ ქართველს ეუბნება უარს საზღვრის კვეთაზე, ვიდრე პირიქით:
▪️2024-2025 წლებში საქართველომ საზღვრის კვეთაზე უარი უთხრა პოლონეთის სულ 9 მოქალაქეს, ხოლო პოლონეთმა - საქართველოს 1250 მოქალაქეს, ანუ პოლონეთის მხრიდან იყო 140-ჯერ მეტი უარი საზღვრის კვეთაზე.
▪️2024-2025 წლებში საქართველომ საზღვრის კვეთაზე უარი უთხრა საფრანგეთის სულ 16 მოქალაქეს, ხოლო საფრანგეთმა - საქართველოს 145 მოქალაქეს, ანუ საფრანგეთის მხრიდან იყო 9-ჯერ მეტი უარი საზღვრის კვეთაზე.
▪️2024-2025 წლებში საქართველომ საზღვრის კვეთაზე უარი უთხრა ევროკავშირის სულ 184 მოქალაქეს, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებმა - საქართველოს 4825 მოქალაქეს, ანუ ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან იყო 26-ჯერ მეტი უარი საზღვრის კვეთაზე.
▪️აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ 2024-2025 წლებში, პოლონეთმა - 249, საფრანგეთმა - 280, ევროკავშირმა კი ჯამში 2463 საქართველოს მოქალაქე ქვეყნიდან გამოაძევა,” - წერს პაპუაშვილი.
მისი თქმით, საქართველოს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი საზღვარზე არშეშვების იმ რაოდენობებამდე მისასვლელად, რაც ევროკავშირის ჩვეული პრაქტიკაა.
მნიშვნელოვანია, რომ საელჩოები იცავდნენ ვენის კონვენციას და არ ავრცელებდნენ ისეთ ინფორმაციას, რომელიც ყალბ აღქმებს ქმნის ადგილსამყოფელი ქვეყნის შესახებ.
დეტალური სტატისტიკა კი ასეთია:
პოლონელების შემოსვლა საქართველოში:
2024 წელს, პოლონეთის 66,504 მოქალაქემ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი.
2024 წელს საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა პოლონეთის 7 მოქალაქეს.
2025 წელს, პოლონეთის 10,165 მოქალაქემ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი.
2025 წელს საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა პოლონეთის 2 მოქალაქეს.
2024 და 2025 წლებში, საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა ჯამში - პოლონეთის 76,669 მოქალაქემ.
2024 და 2025 წლებში საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა პოლონეთის 9 მოქალაქეს.
ქართველების შესვლა პოლონეთში:
2024 წელს, საქართველოს 65,835 მოქალაქემ გადაკვეთა პოლონეთის საზღვარი. საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა საქართველოს 975 მოქალაქეს.
2025 წელს, საქართველოს 15,964 მოქალაქემ გადაკვეთა პოლონეთის საზღვარი. საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა საქართველოს 275 მოქალაქეს.
2024-2025 წლებში, საქართველოს 81,799 მოქალაქემ გადაკვეთა პოლონეთის საზღვარი. აქედან საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა საქართველოს 1250 მოქალაქეს.
გარდა ამისა, 2024- 2025 წლებში დეპორტირებულ იქნა საქართველოს 249 მოქალაქე.