დღეს გამოცხადდება საჯარო კონკურსი, დანართებად აიტვირთება დოკუმენტები და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი საზოგადოებრივი ორგანიზაციისათვის, რომელიც დაინტერესდება და მოგვმართავს სახელმწიფო გრანტის მიღების სურვილით - თამარ ზოდელავა
სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების დოკუმენტის შემუშავება განხორციელდა სააგენტოს მოკვლევისა და ანალიზის საფუძველზე, შესწავლილი იქნა სახელმწიფოს ძირითადი დოკუმენტები, როგორიც არის „ხედვა 2030“, ასევე სექტორული დოკუმენტები. ამის შემდეგ უკვე ჩავატარეთ არაერთი საკონსულტაციო შეხვედრა, გაეგზავნათ საბჭოს წევრებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ პროცესში და საბჭომ შემდეგ მოკვლევის და კონსულტაციების შედეგების და ანალიზის საფუძველზე განსაზღვრა მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც შემდეგ წარედგინა მთავრობას დასამტკიცებლად, - განაცხადა სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ, თამარ ზოდელავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, ნებისმიერ დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციას ექნება საშუალება ისარგებლოს ინიციატივით და მიმართოს სააგენტოს სახელმწიფო გრანტის მიღების სურვილით.
„დაინტერესებულ პირად, საგრანტო განაცხადის მაძიებლებად, ჩვენი ინიციატივის ფარგლებში მოვიაზრებთ საზოგადოებრივ ორგანიზაციად. ეს გახლავთ არაკომერციული იურიდიული პირები. ნებისმიერ მათგანს შეუძლია, რომ ისარგებლოს ამ ინიციატივით. დღეს გამოცხადდება საჯარო კონკურსი, სადაც განსაზღვრული იქნება ყველა პირობა, დანართებად აიტვირთება დოკუმენტები და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი საზოგადოებრივი ორგანიზაციისათვის, რომელიც დაინტერესდება და მოგვმართავს სახელმწიფო გრანტის მიღების სურვილით. რაც შეეხება ბიუროკრატიას, ჩვენ იმისათვის შევიმუშავეთ ყველა წინაპირობა, განვსაზღვრეთ დანართები, რომ ხელი შევუწყოთ ყველა დაინტერესებულ პირს ისარგებლოს ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივით. ამას გარდა ჩვენ ვგეგმავთ, რომ სატელეფონო იქნება თუ ასევე პირადი კონსულტაციით ხელი შევუწყოთ ყველა პირს, რომელიც კონკურსის მონაწილედ გადაწყვეტს, რომ მომართოს სააგენტოს.
წელს სახელმწიფო ბიუჯეტში განსაზღვრულია 20 მილიონის ასიგნები, ხოლო რაც შეეხება ინდივიდუალურ საგრანტო წინადადებას, ამ კუთხით თავად გრანტის მაძიებელი განსაზღვრავს, თუმცა საკონკურსოდ ჩვენ გამოვაცხადებთ პირველ ეტაპზე მცირე გრანტებს, რომლის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 100 ათასს ლარს“, - განაცხადა თამარ ზოდელავამ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
21.07.2025.21:07
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან, ასევე ტრანსპორტის მინისტრ ნურლან საურანბაევთან და ენერგეტიკის მინისტრ ერლან აკენჟენოვთან. შეხვედრებზე საუბარი წარიმართა ქვეყნებს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მთავარ ასპექტებზე, პრიორიტეტულ მიმართულებებსა და მნიშვნელოვან რეგიონულ პროექტებზე.
„ყაზახეთის რესპუბლიკაში ნაყოფიერი ვიზიტი შედგა, რომლის ფარგლებში ჩვენ შევეხეთ ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა ლოგისტიკა, ტრანსპორტი, მათ შორის ავიაცია, ტურიზმი, ინვესტიციების ზრდა და რაღა თქმა უნდა, თანამშრომლობა ენერგეტიკის სექტორში, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. დავსახეთ საერთო გეგმები, განსაკუთრებით ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობს დაკავშირებადობის ზრდას და ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გარდა ასევე რეგიონული სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ საკითხთა ვრცელი სპექტრი განიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტრანსკასპიური სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროექტების მნიშვნელობაზე, მათ შორის „შუა დერეფნის" მარშრუტის შემდგომი განვითარების და ამ პროცესში თანამშრომლობის საკითხებზე.
„ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორიცაა მაგისტრალური გზების მშენებლობა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, ასევე თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის დაგეგმილი მშენებლობა. ორივე მხარე შევთანხმდით, რომ განვაგრძობთ მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით იმისთვის, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაიზარდოს", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ამასთან, ყაზახეთის მთავრობის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრებისას ორივე მხრიდან ხაზი გაესვა, რომ წლების განმავლობაში საქართველო და ყაზახეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან - ყაზახეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულშია. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ ქვეყნებს შორის პარტნიორობის არსებული ჩარჩოები კიდევ უფრო გაფართოვდეს და სხვადასხვა სექტორული მიმართულებები მოიცვას, მათ შორის ტრანსპორტისა და ენერგეტიკის დარგები. კერძოდ, საუბარი შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებს ევროპასა და აზიას შორის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარების მიმართულებით. როგორც ორივე მხრიდან აღინიშნა, ამ სექტორებში საქართველოსა და ყაზახეთს შორის თანამშრომლობის კიდევ დიდი რესურსი არსებობს.