დედაქალაქის ბიუჯეტი 62 მილიონი ლარით გაიზარდა, რაც დამატებითი პროექტების დაფინანსების შესაძლებლობას იძლევა - ლევან არველაძე
„დედაქალაქის ბიუჯეტი 62 მილიონი ლარით გაიზარდა, რაც დამატებითი პროექტების დაფინანსების შესაძლებლობას იძლევა“, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სხდომაზე ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ლევან არველაძემ, 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ საუბრისას განაცხადა.
საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის თქმით, საკრებულოში შემოსული ბიუჯეტის ცვლილება ყველა დარგობრივმა კომისიამ განიხილა და დადებითი რეკომენდაციები გასცა.
„ძალიან კარგი ტენდენციაა, რომ ბიუჯეტი წლიდან წლამდე იზრდება. წარმოდგენილი პროექტით, ბიუჯეტის მოცულობა ჯამურად იზრდება 62 მილიონ 150,0 ათასი ლარით და შეადგენს 2 მილიარდ 271 მილიონ 497,5 ათას ლარს. ბიუჯეტის ზრდის ფარგლებში კი, ათივე რაიონულ გამგეობას ეზრდება ბიუჯეტი და ჯამში 24 მილიონზეა საუბარი. ეს კი ინფრასტრუქტურული, სოციალური, გამწვანების სამუშაოების და სხვადასხვა პროექტის დამატებითი დაფინანსების შესაძლებლობას იძლევა. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნულ ცვლილებებს საკრებულოს მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს“, - განაცხადა ლევან არველაძემ.
სხვა სიახლეები
საქართველო სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერებით ევროპის საუკეთესო სამეულშია, უსწრებს ევროკავშირის ყველა ქვეყანას და კანდიდატ ქვეყნებს, აღნიშნული გამოწვეულია იმ გადაწყვეტილებებითა თუ რეფორმებით, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვების სფეროშია დაგეგმილი - ლევან ჟორჟოლიანი
12.12.2025.13:36
ევროპის ანტიკორუფციული კვლევის ცენტრის ანგარიშის მიხედვით, საქართველო სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერებით ევროპის საუკეთესო სამეულშია, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, საქართველოს უსწრებს მხოლოდ ისლანდია და შვეიცარია.
„საქართველოს უსწრებს ევროკავშირის ყველა ქვეყანას და ასევე, კანდიდატ ქვეყნებს. აღნიშნული გამოწვეული არის იმ გადაწყვეტილებებითა თუ რეფორმებით, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვების სფეროშია დაგეგმილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს გვექნება უკეთესი შედეგები, ვინაიდან, გამჭვირვალობის კუთხით მიღებულ იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება, სახელმწიფო შესყიდვებში ბაზრის კვლევის ეტაპის გაელექტრონულებასთან დაკავშირებით. შექმნილია MRS სისტემა, რომელიც არის აბსოლუტურად ქართული ნოუჰაუ. ბაზრის კვლევები ჩატარდება სრულად ელექტრონული მეთოდით, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს ნებისმიერ კორუფციულ რისკს, აზღვევს 99%-ით. პრემიერის გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ევროპის სამეულში უნდა შევიდეთ კორუფციის სიმცირით, ხოლო სახელმწიფო შესყიდვების გამართვა არის ამ პოლიტიკის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.