დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „დიზაინის შესახებ" კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „დიზაინის შესახებ" კანონში ცვლილება, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.
როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა განაცხადა, კანონპროექტის ერთ-ერთი სიახლეა დიზაინის ხელახალი რეგისტრაციის პროცედურის შემოღება, რომელიც წარმოადგენს ხანგრძლივი სასამართლო დავების ალტერნატივას.
მისი განმარტებით, აღნიშნული ცვლილება დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობას მისცემს, როგორც დიზაინის მოქმედების ვადის განმავლობაში, ისე მისი ვადის გასვლის შემდეგაც, „საქპატენტთან" არსებულ სააპელაციო პალატაში მოითხოვონ დიზაინის თაობაზე გარკვეული უფლებების დაცვა ან დაცული სფეროს კიდევ ერთხელ გადამოწმება.
კანონპროექტი აფართოებს დიზაინის ბათილად ცნობის საფუძვლებს. კერძოდ, შესაძლებელი იქნება დიზაინის ბათილად ცნობა იმ შემთხვევაშიც, თუ დიზაინის დაცვის ვადა გასულია ან რეგისტრაცია გაუქმებულია. ასევე, მოწესრიგებული იქნება დიზაინის ბათილად ცნობის უკუძალის შედეგები.
კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება დიზაინის რეგისტრაცია შეცვლილი ფორმით, თუ ცვლილების შემდეგ აღნიშნული დიზაინი დააკმაყოფილებს დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებს და შენარჩუნებული იქნება თავდაპირველი დიზაინის არსი.
„დიზაინის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის შემდეგ, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობა უკვე საბოლოოდ დაუახლოვდება ევროპული ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობას", - აღნიშნა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.
სხვა სიახლეები
17.06.2025.15:36
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ნუმან ქურთულმუშს შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველომ და თურქეთმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს ორმხრივ და მრავალმხრივ თანამშრომლობაში, რაც ასახვას პოვებს როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ განზომილებებში. ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტების დინამიკაზე.
შალვა პაპუაშვილმა თურქულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერისთვის.
მხარეებმა განიხილეს დადებითი დინამიკა საპარლამენტო ურთიერთობებში და კავშირების შემდგომი გაღრმავების მზაობა გამოხატეს. ამ კუთხით, ხაზი გაესვა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების განსაკუთრებულ როლს.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საპარლამენტო თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატების მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ იგეგმება საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარლამენტების თავმჯდომარეების დონეზე სამმხრივი შეხვედრის კვლავ გამართვა.
საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. აღინიშნა რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაზე ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობა.
შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები. აღინიშნა ენერგო და სატრანსპორტო დაკავშირებადობის გაუმჯობესებაზე მუშაობის მზაობა, რაც შუა დერეფნის პოტენციალის სრულად ათვისებაზე იქნება მიმართული.
შალვა პაპუაშვილმა ნუმან ქურთულმუში საპასუხო ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილის მიერ თურქეთში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციაში შედიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯია; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე; თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ჭყონია.