ჩვენს სასამართლოს ევროპული სასამართლოების ნდობის თანაბარი მაჩვენებელი აქვს - პრემიერი
ბევრი რეფორმა განვახორციელეთ სასამართლო სისტემაში იმისთვის, რომ უფრო ინკლუზიური, გამჭვირვალე, მეტად ანგარიშვალდებული გამხდარიყო, ბოლო 10 წლის განმავლობაში სასამართლომ განიცადა სრული ტრანსფორმაცია, ჩვენს სასამართლოს ევროპული სასამართლოების ნდობის თანაბარი მაჩვენებელი აქვს,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საბოლოო ცვლილებების განხორციელებამდე, ხელისუფლება ოქტომბერში ვენეციის კომისიის რეკომენდაციას ელოდება.
„რაც შეეხება კიდევ ერთ რეკომენდაციას, რომელიც არის პროცესში, ეს ეხება სასამართლო რეფორმას და მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რეფორმა განვახორციელეთ ზოგადად სასამართლო სისტემაში, რომ უფრო ინკლუზიური, გამჭვირვალე, უფრო მეტად ანგარიშვალდებული გამხდარიყო. ბოლო 10 წლის განმავლობაში სასამართლომ განიცადა სრული ტრანსფორმაცია და დღეს სასამართლო არის მართლაც სანიმუშო სისტემა, უნდა ითქვას. ნდობა სასამართლოს მიმართ არის ძალიან მაღალი საქართველოში და ზოგადად, ევროპული სასამართლოების ნდობის თანაბარი მაჩვენებელი აქვს ჩვენს სასამართლოს. ამას გარდა, ჩვენ ველოდებით ვენეციის კომისიიდან საბოლოო რეკომენდაციებს ოქტომბრის თვეში. ჩვენ მანამდეც გვექნება რა თქმა უნდა, თქვენთან კონსულტაციები და ამის შემდეგ მოხდება საბოლოო ცვლილებების განხორციელება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
17.11.2025.13:57
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს სრბუი გალიანს შეხვდა, რომელიც თბილისში ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში იმყოფება.
შეხვედრაზე საუბარი სომხეთსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს შეეხო.
განიხილეს საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობა სხვადასხვა ორმხრივ და საერთაშორისო ფორმატებში. ყურადღება დაეთმო საქართველოსა და სომხეთს შორის მართლმსაჯულების სფეროში ეფექტურ პარტნიორობას და ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის დამყარების, ასევე რეგიონის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების მნიშვნელობას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, საქართველოში სომხეთის ელჩი აშოტ სმბატიანი და სომხეთში საქართველოს ელჩი გიორგი შარვაშიძე ესწრებოდნენ.