ჩვენმა ფეხბურთელებმა თავისი შეუპოვარი და ამავე დროს გააზრებული ბრძოლით ჩვენს თვალწინ ისტორია დაწერეს - შალვა პაპუაშვილი
„ჩვენ მასშტაბური მოვლენის მომსწრე და მონაწილე გავხდით. ისტორია ჩვენს თვალწინ თავისი შეუპოვარი და ამავე დროს გააზრებული ბრძოლით ჩვენმა ფეხბურთელებმა დაწერეს", - ამ სიტყვებით გამოეხმაურა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას.
მან ქართული ფეხბურთის დიდი წარმატება ყველას მიულოცა და აღნიშნა, რომ ფეხბურთს, თავისი მდიდარი ტრადიციებითა და მემკვიდრეობით გამორჩეული ადგილი უკავია ჩვენს საზოგადოებაში.
„ათწლეულობის განმავლობაში საქართველოს თავისუფლების ჟინს ჩვენი ხალხი ფეხბურთის გულშემატკივრობით იკლავდა და ოცნებობდა დღეზე, როდესაც ქართული დროშა საერთაშორისო საფეხბურთო ასპარეზზე ამაყად აღიმართებოდა.
დამოუკიდებლობის აღდგენიდან სამ ათწლეულზე მეტია ველოდებით იმ დღეს, როდესაც საქართველო ევროპის საუკეთესო გუნდებს შორის თანასწორ ადგილს დაიკავებდა და ეს დღეც დადგა.
არის მოვლენები, რომლებიც ქმნიან ისტორიას, ისტორიას რომლებიც წლების ქარტეხილებს უძლებს, ისტორიას, რომელიც ქმნის ერის ერთობასა და იდენტობას. ჩვენს სწორად ასეთი მასშტაბური მოვლენის მომსწრე და მონაწილენი გავხდით. ისტორია ჩვენს თვალწინ თავისი შეუპოვარი და ამავე დროს გააზრებული ბრძოლით ჩვენმა ფეხბურთელებმა დაწერეს. ჩვენ გმირ ფეხბურთელებთან ერთად ამ გამარჯვებას ჰყავდა მოედნის მიღმა გმირები - სამწვრთნელო შტაბი, ტექნიკური პერსონალი, ფეხბურთის ფედერაცია, ფეხბურთელების ოჯახის წევრები და რა თქმა უნდა, ქართველი ქომაგები, რომლებმაც ყველაზე მეტად დაიმსახურეს სიხარულის ეს მომენტი.
მეათე მოწვევის პარლამენტი ამ მოვლენას განსაკუთრებული ემოციის ვხვდებით, ვინაიდან ჩვენ შორის არიან ჩვენი ვეტერანი ფეხბურთელები - მიხეილ ყაველაშვილი და ლევან კობიაშვილი, რომლებიც აშენებდნენ ამ გამარჯვების ფუნდამენტს და ამავე დროს ჩვენს შორისაა გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი. მინდა მისი სახით პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან მივესალმოთ და მადლობა გადავუხადოთ ჩვენს დიდ საფეხბურთო ოჯახს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სხვა სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა
07.04.2026.15:05
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრ ნურლან საურანბაევთან.
შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მაღალი დონის სახელმწიფო ვიზიტების მნიშვნელობაზე ორმხრივი ურთიერთობის შემდგომ განვითარებაში.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ტრანსპორტის და ლოგისტიკის სექტორებში. მხარეებმა ისაუბრეს ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე რეგიონში დამატებითი ტვირთის მოზიდვისა და არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რაც ხელს შეუწყობს როგორც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, ისე შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას.
აღინიშნა, რომ ეფექტურად ფუნქციონირებს საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის რკინიგზების ერთობლივი კომპანია, რომელსაც 2025 წლიდან ჩინური მხარე შეუერთდა. მხარეების შეფასებით, ერთობლივი საწარმო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს შუა დერეფნის ეფექტურ ფუნქციონირებასა და ქვეყნებს შორის სატვირთო გადაზიდვების სფეროში კოორდინაციის გაუმჯობესებაში.
მარიამ ქვრივიშვილმა ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრს საქართველოში მიმდინარე მსხვილი, სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ტრანსპორტის სექტორში თანამშრომლობას, მათ შორის, აღინიშნა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი და რკინიგზის მილიარდიანი ინვესტიცია სალოკომოტივე და სავაგონე პარკის განახლებისთვის.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა თამარ იოსელიანმა, გენადი არველაძემ და ინგა ფხალაძემ, აგრეთვე საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ.