ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ სოფელს მოდერნიზაციაში, მათ შორის, ძლიერი, ტექნოლოგიურად გამართული და ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბებით - პრემიერი
ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ სოფელს მოდერნიზაციაში, მათ შორის, ძლიერი, ტექნოლოგიურად გამართული და ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან დასაფასებელია სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის შექმნა, რომელიც პროდუქტიულობის, ფასებისა და ინვესტიციების მაჩვენებლებით, იძლევა ნათელ სურათს, სად არის პროგრესი და სად არის საჭირო მეტი მუშაობა.
„უპირველეს ყოვლისა, მადლობას ვუხდი „გალტ ენდ თაგარტს“ სექტორისთვის ამ უაღრესად დროული და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პლატფორმის შექმნისთვის. სოფლის მეურნეობა ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი და რეგიონული განვითარების მამოძრავებელი ძალაა. სახელმწიფოს მიდგომა ამ სექტორის მიმართ მტკიცე და თანმიმდევრულია: ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ სოფელს მოდერნიზაციაში, მათ შორის, ძლიერი, ტექნოლოგიურად გამართული და ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბებით.
სწორი ეკონომიკური პოლიტიკის დასაგეგმად ზუსტი ანალიტიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ, ძალიან დასაფასებელია სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის შექმნა, რომელიც დღეს იქნება წარმოდგენილი. ეს ინსტრუმენტი, პროდუქტიულობის, ფასებისა და ინვესტიციების მაჩვენებლებით, გვაძლევს ნათელ სურათს, სად გვაქვს პროგრესი და სად გვჭირდება მეტი მუშაობა. ციფრები და დარგობრივი ანალიზი, რომლებსაც დღეს დეტალურად გავეცნობით, ნამდვილად ყურადსაღებია. 2025 წელს ჩვენი კვების პროდუქტების ბაზარმა 21.5 მილიარდ ლარს მიაღწია. 2019 წლის შემდეგ ეს მოცულობა თითქმის გაორმაგებულია, ხოლო არსებული ტენდენციით 2030 წლისთვის 30-მილიარდიან ბაზარს ველოდებით.
ჩვენი მთავარი ამოცანაა, ამ მზარდ მოთხოვნას ადგილობრივი წარმოებით ვუპასუხოთ. დღეს ხორცის, რძის პროდუქტებისა და მარცვლეულის მიმართულებით ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული იმპორტზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ დედაქალაქის ვიცე-მერთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
09.04.2026.14:57
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, დედაქალაქის ვიცე-მერთან, გიორგი ტყემალაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ბექა დავითულიანთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან, თინათინ ნიბლოშვილთან და ლევან ჯაფარიძესთან, დედაქალაქის მერის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარესთან, ზურაბ ჩიკვილაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და პარლამენტის შენობის წინ არსებული მემორიალი ყვავილებით შეამკო.
„დღეს პატივს მივაგებთ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირებს, რომელთა თავგანწირვამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გზა. მათი სიმამაცე და შეუდრეკელი ნება დღემდე რჩება სახელმწიფოს ძლიერების და საზოგადოების ერთიანობის მაგალითად. ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ იმ იდეალებს, რომელთათვისაც მათ სიცოცხლე გაწირეს და განვაგრძოთ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
9 აპრილის მოვლენებიდან 37 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის მიერ მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევას 21 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. მომხდარიდან ორი წლის შემდეგ, 1991 წელს, 9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოცხადდა.