ჩვენი მიზანი ისეთი განათლების სისტემის შექმნა უნდა იყოს, რომელიც ცოდნის მაღალ ხარისხთან ერთად, საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის განცდას მომავალ თაობებს ადრეული ასაკიდანვე აზიარებს - მიხეილ ყაველაშვილი
გრძელვადიანი წარმატების მიღწევა შეუძლებელია განათლებული და პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოების გარეშე. სახელმწიფოს მიზანი კი, ისეთი საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბება უნდა იყოს, რომელიც ეროვნულ ინტერესებს, სამშობლოს სიყვარულს, ჩვენი წარსულისა და აწმყოს გააზრებას დაეფუძნება და თანამედროვე გამოწვევების პირობებში, საქართველოს წინაშე არსებული სირთულეების დაძლევაზე იქნება ორიენტირებული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენების წარდგენისას განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ განათლების სისტემა ცოდნის მაღალ ხარისხთან ერთად, მომავალ თაობას საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის განცდას ადრეული ასაკიდანვე უნდა აზიარებდეს და სწორედ ამ სულისკვეთებით არის ნაკარნახევი დაანონსებული განათლების რეფორმა.
„ჩვენი მიზანი ისეთი განათლების სისტემის შექმნა უნდა იყოს, რომელიც ცოდნის მაღალ ხარისხთან ერთად, საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის განცდას ჩვენს მომავალ თაობებს ადრეული ასაკიდანვე აზიარებს.
სწორედ ამ სულისკვეთებით არის ნაკარნახევი დაანონსებული განათლების რეფორმა, რომელიც, როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების, ფაქტობრივად, მთლიანი სისტემის რეფორმირებას ითვალისწინებს.
მე მჯერა, რომ რეფორმის განხორციელების შემდეგ მივიღებთ თანამედროვე გამოწვევების შესაბამის, გამართულ სისტემას, რომელიც მოსწავლისა და მასწავლებლის, სტუდენტისა და პროფესორის საჭიროებებზე იქნება მორგებული და საქართველოს ეროვნულ, სახელმწიფოებრივ ინტერესებს მოემსახურება, გრძელვადიან პერსპექტივაში კი, ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
სხვა სიახლეები
ყველა წაყვანილი ძაღლი, ეტაპობრივად დაბრუნდება იმავე ტერიტორიაზე, გუშინ 57 ძაღლიდან უკვე დაბრუნდა 28, რომელთაც არ დასჭირდა სტერილიზაცია კასტრაცია და მხოლოდ ვაქცინაცია ჩაუტარდათ - ლაშა ავალიანი
02.04.2026.17:06
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მიუსაფარი და პატრონიანი ცხოველების მართვის მასშტაბურ პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილზე გასულ ჯგუფებს დახვდებათ პოტენციურად დაინტერესებული პირი, მოხდება შეფასება ცხოველების და ამ პროცესში ჩაერთვებიან ვეტერინარები, რაც აქამდე არ იყო შესაძლებელი, მცირე რესურსიდან გამომდინარე.
„უკვე სტერილურ და მიკედლებულ ცხოველს ადგილზე ჩაუტარდება ვაქცინაცია და შეფასდება მისი მდგომარეობა, ხოლო არაიდენტიფიცირებული და არასტერილური ცხოველების გადაყვანა მოხდება და მათი რაოდენობა ყველა დაინტერესებულ პირს ეცოდინება. ისინი ასევე ინფორმირებულები იქნებიან გეგმა-გრაფიკის მიხედვით ამ ცხოველების დაბრუნების თაობაზეც, რომ კითხვის ნიშნები არ იყოს რა რაოდენობით წაიყვანეს და რა რაოდენობით დააბრუნეს, როგორც არის ახლა ზუგდიდის მაგალითზე - ხვალ უკვე დადასტურებულად ეცოდინება ყველა დაინტერესებულ ადამიანს, რომ 57 წაყვანილი ძაღლიდან, 57-ვე ეტაპობრივად დაბრუნდა იმავე ტერიტორიაზე“, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.
მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა ცხოველების მეპატრონეების პასუხისმგებლობის საკითხზე.
„მიმდინარე წელს, რეგიონების მიხედვით, მოხდება გარკვეული რაოდენობის ცხოველების სტერილიზაცია და კასტრაცია, ხოლო მომავალი წლიდან ეს ვალდებულება უკვე მეპატრონეს ექნება. სწორედ ამ გზით მივაწოდებთ ინფორმაციას პატრონიანი ცხოველების მფლობელებს, რომლებიც, სამწუხაროდ, არიან მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის ზრდის ერთ-ერთი წყარო. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამის ფარგლებში, ცოფის საწინააღმდეგო მასიური ვაქცინაციის პარალელურად, მოხდება პატრონიანი ცხოველების იდენტიფიკაცია, წინასწარი მონაცემებით იდენტიფიკაციას დაახლოებით 102 000 ცხოველი გაივლის, რაც ძალიან შთამბეჭდავი და ამბიციური გეგმაა“, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.