ჩვენ ვერ ვკარნახობთ ბაზარს ფასს, „ქეშბექები“ გამომდინარეობს დისტრიბუციისგან, რის უკანაც დგას მათი განზრახვა, რომ შეასუსტონ თავიანთი კონკურენტები - „უნივერსამის“ დამფუძნებელი იოსებ ღუდუშაური
ყველაზე აქტიურად დგას „ქეშბექების“ საკითხი, რაზეც აპელირებენ სადისტრიბუციო კომპანიები. ხშირ შემთხვევაში, ეს მაღალია, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ აქ წარმოდგენილი კომპანიები და ქსელები წამყვან როლს ვთამაშობთ ამ საქმეში, ანუ, ჩვენ ვერ ვკარნახობთ ბაზარს ფასს, მძაფრ კონკურენციაში ვართ ერთმანეთთან, - განაცხადა „უნივერსამის“ დამფუძნებელმა, იოსებ ღუდუშაურმა, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.
მისი განცხადებით, სადისტრიბუციო კომპანიების მიერ შემოთავაზებული ყველა „ქეშბექი“ თავის მხრივ, გულისხმობს მათი მხრიდან კონკურენტების ჩამოშორების მცდელობას, შესაბამისად, საბოლოოდ, დიდ ქსელებს ეძლევა საშუალება, რომ მაქსიმუმი მოითხოვონ ამ ფასდაკლებიდან, რაც საბოლოოდ, იწვევს ფასის ზრდას.
„კონკრეტულად ეს „ქეშბექები“ გამომდინარეობს დისტრიბუციისგან - მე არ მინდა, ჩემს პარტნიორებზე ნეგატიურ კონტექსტში ვისაუბრო, მაგრამ, მათ მიერ შემოთავაზებული ყველა „ქეშბექი“ და ყველა ფასდათმობა, თავის მხრივ გულისხმობს მათივე მხრიდან კონკურენტის ჩამოშორების მცდელობას. თუ რომელიმე დისტრიბუცია რაღაც ფასს ან რაიმე კომერციულ პირობას გაძლევს, ამას ტყუილად არ იძლევა - ამ „ქეშბექის“ უკან დგას მათი განზრახვა, რომ შეასუსტონ თავიანთი კონკურენტები. ეს ქსელებს, განსაკუთრებით - დიდ ქსელებს, აძლევს საშუალებას, რომ მაქსიმუმი მოსთხოვონ ამ ფასდაკლებიდან, რაც საბოლოოდ, იწვევს ფასის ზრდას“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.
მან ასევე განმარტა, რომ კომპანიებს არ სურთ, დისტრიბუტორის მიერ შეთავაზებული კომერციული პირობები, სხვა ქსელებისთვისაც ცნობილი იყოს, ამიტომაც ისინი ამჯობინებენ „ქეშბექის“ სქემას, ვინაიდან, ეს იძლევა საშუალებას, კომერციული პირობა სხვებისთვის უცნობი დარჩეს.
„ჩემი შეხედულებით, „ქეშბექი“ არის შეფარული ფასდაკლება და რას გულისხმობს ეს კონკრეტულად: კომპანიებს არ სურთ, რომ კომერციული პირობები, რომელსაც ჩვენ დისტრიბუტორი გვაძლევს, ცნობილი იყოს სხვადასხვა ქსელებისთვის, ამიტომ, „ქეშბექის“ ჭრილი ბუნდოვანია, ამას ვერ იგებს ადამიანი, რომელიც შედის rs.ge-ზე, ანუ, კომერციული პირობა უცნობია და ეს არის მათივე შემოთავაზებული სქემა, თორემ, ჩემთვის მაგალითად, სულ ერთია, „ქეშბექს“ მოვთხოვ თუ ფასდაკლებას“, - განაცხადა იოსებ ღუდუშაურმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
პარლამენტი 15 აპრილს, ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენს
14.04.2026.14:10
მიმდინარე კვირაში პლენარული სხდომები 14 და15 აპრილს გაიმართება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, 15 აპრილს, პარლამენტი ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს მოუსმენს. საგარეო საქმეთა მინისტრი საპარლამენტო ფრაქცია ,,საქართველოსთვის“ მიერ ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვებს უპასუხებს.
დღის წესრიგის თანახმად, პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში 30 საკითხს განიხილავს, მათ შორისაა დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტები: „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები გააცნო.