ჩვენ მზად ვართ აშშ-თან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დავიწყოთ - კახა კალაძე
ჩვენი ხელისუფლების მიერ გაკეთებული ყველა განცხადება თუ წერილი მიუთითებს იმაზე, რომ ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყება გვინდა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან.
კახა კალაძე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის მიმართვის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის, რაც ძველი ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა, სრული კატასტროფა იყო.
„პრეზიდენტს აბსოლუტურად ყველა წინანადებაში ვეთანხმები. ჩვენთვის აშშ-თან ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება და კიდევ უფრო გაღრმავება პრინციპულად მნიშვნელოვანია. პარალელურად, ჩვენ დონალდ ტრამპს ვგულშემატკივრობთ ორი მთავარი დაპირების შესრულებაში - ე.წ. დიფ სთეითის დამარცხება და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება. ჩვენი ქვეყნისთვის ორივე საკითხი მნიშვნელოვანია, თუმცა, ჩვენ მაინც ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამოვდივართ და როგორც წერილშია აღნიშნული, სტრატეგიული პარტნიორობისთვის ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს.
ის, რაც ძველი ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა, სრული კატასტროფა იყო. ამხელა სახელმწიფოს წარმომადგენლები ურცხვად გვიმტკიცებდნენ თეთრზე, რომ შავია. გვაყენებდნენ შეურაცხყოფას. მათი ყველა განცხადება სიცრუით, მუქარითა და ბინძური პროპაგანდით იყო გაჯერებული რაც კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, ყველა ჩვენს მიერ გაკეთებული განცხადება თუ წერილები მიუთითებდა იმაზე, რომ ჩვენ ახალი ფურცლიდან დაწყება გვინდა. ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის, პარტნიორობისთვის და ეს უნდა იყოს ორმხრივი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დონალდ ტრამპმა გაპრეზიდენტებისთანავე გააკეთა განცხადება იმაზე, რაზეც მანამდე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ საუბრობდა, კერძოდ, ე.წ. დიფ სთეითის საკითხის შესახებ.
„ზოგადად ჩვენ ვხედავთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ხელმოწერა მოხდა. რეგიონში, საქართველო თავისი ადგილმდებარეობით, კულტურით, ტრადიციებით უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობებისთვის.
ამდენი წელია ამ თემაზე ვსაუბრობთ და გლობალურ ომის პარტიას ვახსენებთ. ჩვენი მისამართით ისმოდა ქილიკი. მაგრამ აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა მეორე დღესვე გააკეთა განცხადება და მთელ მსოფლიოს დაანახა ის, რაზეც თუნდაც „ქართული ოცნება“ მანამდე საუბრობდა. დღეს, ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა სწორედ ე.წ. დიფ სთეითის დამარცხებაა. დონალდ ტრამპმა პირდაპირ ხელის გულზე დაგვიდო ყველაფერი, თუ რომელი ორგანიზაციები იყვნენ დაკავებული, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, რევოლუციები და სახელმწიფო გადატრიალებები დაეფინანსებინათ. ბინძური კამპანია ჩვენს წინააღმდეგ, რომელიც იფუთება ისე, თითქოს ხელისუფლება რუსულ საქმეს აკეთებს, ესეც კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ჩვენ გვინდა აშშ-თან მეგობრული ურთიერთობა გვქონდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
02.09.2025.15:35
4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებთან დაკავშირებით ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შეხვდა. შეხვედრაზე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს, როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრატორების საქმიანობისთვის და ამომრჩევლებისთვის საარჩევნო უფლების რეალიზებისთვის მშვიდი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა.
ცესკოს თავმჯდომარემ სახალხო დამცველს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ისაუბრა განხორციელებული საქმიანობებისა და არსებული გამოწვევების შესახებ. ასევე ხაზი გაუსვა ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრატორებისთვის მშვიდი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ არჩევნების ორგანიზება მხოლოდ ადმინისტრაციულ-ტექნიკური პროცედურებით არ შემოიფარგლება. საარჩევნო პროცესების ხარისხი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმ სოციალურ და პოლიტიკურ გარემოზე, რომელშიც ხდება არჩევნების ჩატარება.
ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, ომბუდსმენის ინსტიტუტთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია პრევენციული ქმედებების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.
„როგორც ყოველთვის სახალხო დამცველთან ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ვისაუბრეთ 4 ოქტომბრის არჩევნების სამზადისზე, ასევე ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც უკავშირდება დეზინფორმაციას, სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის შემთხვევებს, მათ შორის, ტარგეტირებულად ეს ყველაფერი საარჩევნო ადმინისტრატორების წინააღმდეგ. შესაბამისად, ორი ინსტიტუცია შევთანხმდით იმაზე, რომ ჯანსაღი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად ჩვენ კომპეტენციების ფარგლებში განვახორციელებთ სათანადო პრევენციულ ქმედებებს, ასევე უზრუნველვყოფთ ამომრჩეველთა და საზოგადოების ინფორმირებას ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დაიცავს მათ უფლებებს და უზრუნველყოფს არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას“ - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა სახალხო დამცველმაც. „ჩვენ ტრადიციულად არჩევნების წინ ვცდილობთ კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას სიძულვილის ენის მნიშვნელობა, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ყველა მონაწილეს პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკურ ლიდერს, საზოგადოების წარმომადგენლებს, რომ თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო შეგნება, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, რათა არჩევნები წარიმართოს მშვიდ გარემოში, სადაც ადამიანის უფლებები მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი და საარჩევნო უფლება, როგორც კონსტიტუციით გარანტირებული უფლება იქნება დაცული,“- განაცხადა ლევან იოსელიანმა.
შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა.