ჩვენ ძლიერები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ხალხის დასაცავად - ისრაელის ელჩი
ამ იერიშმა 4 მილიონ ისრაელელს აიძულა თავშესაფრებს და დაცულ ოთახებს შეფარებოდნენ - ჩვენ ძლიერები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ხალხის დასაცავად, - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი აცხადებს. რომლის განცხადებასაც საქართველოში ისრაელის საელჩო აქვეყნებს.
„რთულია ასეთ დღეს სიტყვების პოვნა. დილის 6:30 საათიდან ისრაელზე შეტევა ხორციელდება. რამდენიმე საათის განმავლობაში 2200-მდე რაკეტა და ჭურვია გამიზნულად გასროლილი ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით მათ მოსაკლავად. ამ იერიშმა 4 მილიონ ისრაელელს აიძულა თავშესაფრებს და დაცულ ოთახებს შეფარებოდნენ. სამხრეთში, რამდენიმე ებრაულ დასახლებაზე ბარბაროსული თავდასხმები განხორციელდა ტერორისტული „ჰამასის“ მიერ. ოჯახები, პატარა ბავშვებითა და მოხუცებით, თავიანთ სახლებში არიან დახოცილნი. ძნელია ასეთი სასტიკი სიმხდალის წარმოდგენა. ახლაც კი, ისრაელელები მძევლად არიან აყვანილნი და ზოგიც ღაზაშია გადაყვანილი. ჩვენ ვგლოვობთ 100-ზე მეტ ადამიანს, რომელიც სასტიკადაა მოკლული და იმედი გვაქვს 900-ზე მეტი დაჭრილი ისრაელელის სწრაფი გამოჯანმრთელების. კვლავ ვლოცულობთ, რომ დაკარგული ადამიანები უსაფრთხოდ იყვნენ.
ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ წამოიწყო ეს საშინელი და ბარბაროსული თავდასხმები. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ძლიერები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ხალხის დასაცავად. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც მთელი დღის განმავლობაში მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატა ჩვენს მიმართ“, - აღნიშნავს ელჩი ჰადას მეიცადი.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
17.11.2025.13:57
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს სრბუი გალიანს შეხვდა, რომელიც თბილისში ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში იმყოფება.
შეხვედრაზე საუბარი სომხეთსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს შეეხო.
განიხილეს საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობა სხვადასხვა ორმხრივ და საერთაშორისო ფორმატებში. ყურადღება დაეთმო საქართველოსა და სომხეთს შორის მართლმსაჯულების სფეროში ეფექტურ პარტნიორობას და ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის დამყარების, ასევე რეგიონის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების მნიშვნელობას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, საქართველოში სომხეთის ელჩი აშოტ სმბატიანი და სომხეთში საქართველოს ელჩი გიორგი შარვაშიძე ესწრებოდნენ.