ჩვენ ბოლომდე უნდა ვიწამოთ საკუთარი თავის და გვახსოვდეს, რომ სწორედ ჩვენ განვსაზღვრავთ საკუთარ მომავალს და არავინ სხვა - მიხეილ ყაველაშვილი
ჩვენ ბოლომდე უნდა ვიწამოთ საკუთარი თავის და გვახსოვდეს, რომ სწორედ ჩვენ განვსაზღვრავთ საკუთარ მომავალს და არავინ სხვა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, ჩვენი ქვეყნის წინაშე ყოველთვის იქნება საფრთხეები, რომელიც სათანადო რეაგირებას მოითხოვს.
„ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს - რას ნიშნავს გვერქვას ქართველი, ვცხოვრობდეთ ქართულ მიწაზე, ვსაუბრობდეთ ქართულად და ვიყოთ ერთ-ერთი უძველესი, ევროპული, ქრისტიანული ერის შვილები. უნდა გვესმოდეს რამდენად ძვირფასია დამოუკიდებლობა, რომელსაც მუდმივი დაცვა და მოფრთხილება სჭირდება. სამშობლოზე ზრუნვა არ არის ერთჯერადი აქტი, ან ვალდებულება. ეს არის უწყვეტი პროცესი, ერთგვარი მისია - ქართველი ხალხის ხვედრი, რომელიც საუკუნეების წინ ჩვენი წინაპრების ბრძოლით დაიწყო და არასდროს დასრულდება, სანამ იარსებებს საქართველო და ქართველი ერი.
სწორედ ამ იდეისთვის, მამა-პაპათა ბრძოლამ შემოგვინახა სამი ღვთაებრივი საუნჯე: მამული, ენა, სარწმუნოება, რომლის დაცვაც თითოეული ჩვენგანის ვალია. თუ, ამ სამიდან, რომელიმე გამოაკლდება ჩვენ დავკარგავთ მთავარ იდეას, რომელსაც საქართველო ჰქვია, დავკარგავთ ქართულ ფესვებს, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და ქართველი ერი განადგურების საფრთხის წინაშე დადგება.
ჩვენი ქვეყნის წინაშე ყოველთვის იქნება საფრთხეები, რომელიც სათანადო რეაგირებას მოითხოვს. ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, თუ რამდენად ამაოა, რომელიმე უცხო ძალის ლოდინი, რომელიც მოვა და გადაგვარჩენს, ჩვენს გასაკეთებელს გააკეთებს, ჩვენზე უკეთ ეცოდინება, თუ რა სჭირდება ჩვენს ხალხსა და ქვეყანას. ჩვენ ბოლომდე უნდა ვიწამოთ საკუთარი თავის და გვახსოვდეს, რომ სწორედ ჩვენ განვსაზღვრავთ საკუთარ მომავალს და არავინ სხვა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
სხვა სიახლეები
28.05.2025.16:51
იმდენად ვარ დაინტერესებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვით, ამერიკულ მხარეს ისიც კი ვაცნობე, რომ მზად ვიყავი, დაბლოკილი თანხა არა პირადი მიზნებით, არამედ მათ მიერ ნაკარნახევი ნებისმიერი დანიშნულებით დამეხარჯა, რამეთუ ფული არც მანამდე და არც ახლა არ არის ჩემი ინტერესი, - ვკითხულობთ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც აშშ-ს საელჩოს განცხადებას პასუხობს.
„მკაფიოდ განვმარტე, რომ დაბლოკილი თანხა მიქმნის ერთი მხრივ კომპლექსს, მეორე მხრივ კი განცდას, რომ შანტაჟის ქვეშ რაიმე გადაწყვეტილება არ მივიღო. თუმცა, ამაზე არავითარი პასუხი არ მიმიღია. შესაბამისად, ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას არა ჩემი თანხა, არამედ მხოლოდ ამ თანხით შანტაჟი აინტერესებდა“, - წერია განცხადებაში.
მისი თქმით, ელჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა შესთავაზეს, თუმცა, ელჩმა ამაზე უარი განაცხადა.
მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების თითოეული ლიდერი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, ამერიკული მხარის რეალური დაინტერესების შემთხვევაში, აქტიურად ჩაერთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში.
„აქვე მინდა დავაზუსტო, რომ უართან ერთად, ელჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა შევთავაზეთ. პრემიერ-მინისტრი არ არის არც ფორმალური და არც არაფორმალური სანქციების ქვეშ და შესაბამისად, მას პირად შანტაჟთან დაკავშირებული ვერავითარი კომპლექსი ვერ ექნება. თუმცა, ელჩმა ამაზე უარი განაცხადა, რაც გვიმყარებს რწმენას, რომ ისინი სწორედ პერსონალურ შანტაჟს განიხილავენ წამყვან ფაქტორად ქართული მხარის მიერ სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული პოტენციური გადაწყვეტილების მიღებისას.
შეიძლება მათ თქვან, რომ მე, როგორც მმართველი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, მაქვს განსაკუთრებული გავლენა გადაწყვეტილებების მიღებაზე. თუმცა, ამასთან დაკავშირებით, მინდა დაგარწმუნოთ, რომ მმართველ პარტიაში არცერთი პრინციპული გადაწყვეტილება არ მიიღება გუნდის და მით უმეტეს, პრემიერ-მინისტრის ჩართულობის გარეშე. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ჩემთან შეხვედრის მოთხოვნას აქვს ერთადერთი ახსნა, რომ ამგვარ შეხვედრას მხოლოდ პირადი შანტაჟის ფონზე აქვს ფასი.
იმედი მაქვს, ამერიკის საელჩო დადებითად უპასუხებს საქართველოს მთავრობის შეთავაზებას ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განახლების შესახებ. საქართველოს ხელისუფლების თითოეული ლიდერი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, ამერიკული მხარის რეალური დაინტერესების შემთხვევაში, აქტიურად ჩაერთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.