ჩვენ არ გავჩერებულვართ, ვმუშაობდით და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი ოთხი წელი კიდევ უფრო შედეგიანი იქნება - ლევან ჯაფარიძე
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ლევან ჯაფარიძე თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერის ანგარიშს გამოეხმაურა და საკრებულოს მუშაობის გასული ოთხი წელი შეაფასა. ლევან ჯაფარიძემ კახა კალაძეს თანამშრომლობისთვის და თბილისის საკეთილდღეოდ თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კოვიდის პანდემიის დროს მერიისა და საკრებულოს აქტიური მუშაობა გაიხსსენა და განაცხადა, რომ კახა კალაძემ შეძლო, რომ ასეთ მძიმე დროს უყურადღებოდ არცერთი ოჯახი არ დარჩენილიყო. ლევან ჯაფარიძემ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყება და ქვეყანაში დევნილების მიღებაც გაიხსენა და განაცხადა, რომ მაშინ, სწორედ კახა კალაძის ხელმძღვანელობით, თბილისმა თავის თავზე უდიდესი დატვირთვა აიღო და დევნილებს შესაბამისად დახვდა.
„ამ ყველაფრის პასუხად კი ვნახეთ, თუ რამხელა ბრძოლა ატყდა ჩვენს წინააღმდეგ ჩვენი მტრეებისგან ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ეს ყველაფერი დააგვირგვინეს იმით, რომ რევოლუციის რამდენიმე მცდელობა მოგვიწყვეს, რომელიც ძირითადად ამ ქალაქის ქუჩებმა გადაიტანა. მადლობა ბატონო კახი, რომ ამ ყველაფრის ფონზე დღეს ჩვენ ვსაუბრობთ გაზრდილ ბიუჯეტზე, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ ყველაფრის პარალელურად ჩვენ ვაკეთებდით უამრავ საქმეს. როგორც კრწანისის მაჟორიტარი, გეტყვით, რომ არცერთი დაპირება, რომელიც გავეცით არ დაგვრჩა შეუსრულებელი. ჩვენ არ გავჩერებულვართ, ვმუშაობდით და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი ოთხი წელი კიდევ უფრო შედეგიანი იქნება“- განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.
სხვა სიახლეები
შთამბეჭდავი იყო დედაქალაქის მერის ანგარიში, 2025 წლის საანგარიშო პერიოდი კი უმნიშვნელოვანესი იყო - ზურაბ ჩიკვილაძე
23.12.2025.15:54
„შთამბეჭდავი იყო დედაქალაქის მერის ანგარიში, 2025 წლის საანგარიშო პერიოდი კი უმნიშვნელოვანესი იყო. ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი პროგრამა, პროექტი, რეფორმა განხორციელდა, ამ ყველაფერს ჩვენმა რადიკალურმა ოპოზიციამ რევანშისა და რევოლუციის არაერთი მცდელობა დაუპირისპირა’’- განცხადება ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, საკრებულოს სხდომაზე გააკეთა, სადაც დედაქალაქის მერი საკრებულოს წინაშე ანგარიშით წარდგა.
„თვალში საცემია კაპიტალურად გამაგრებული ობიექტები, კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურა, ახალი და განახლებული სარეკრეაციო სივრცეები. მისასალმებელია ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის განხორციელება. მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით და სწორად ვითარდება სატრანსპორტო პოლიტიკა.
იმ საქმეებს, რომლებიც ჩამოვთვალე, საანგარიშო პერიოდში რადიკალური ოპოზიცია მხოლოდ რევანშსა და რევოლუციურ სცენარებს უპირისპირებდა. ამის არაერთი გამოვლინება ვნახეთ. ყველას თვალწინ გვიდგას პარლამენტის შენობის გადამწვარი ფლიგელი, მიმდებარე ტერიტორიის დანგრეული ინფრასტრუქტურა, საჯარო მოხელეებისა და პოლიციელების მუდმივი ბულინგი და დედაქალაქის მუდმივი პარალიზება - ეს არის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის რეალური სახე“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ფრაქციის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში გაუმართლებელი ბოიკოტის რეჟიმში იყო ოპოზიცია ასევე დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში - საკრებულოში.
„ამ ყველაფრის შედეგი კი 4 ოქტომბერი იყო, როდესაც ჩვენმა მოსახლეობამ ოპოზიციას „დაუფასა“ ეს „ღვაწლი“ და თითქმის ხმების გარეშე დატოვა ის დედაქალაქში. იმედს ვიტოვებ, რომ მერვე მოწვევის საკრებულოში ასეთი დემარშები აღარ იქნება და ჩვენ ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ შრომას კოლეგიალურ და კონსტრუქციულ ვითარებაში განვაგრძობთ“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.