ბათუმის მერიასა და GIZ-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერთან და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ სანდრა შენკესთან.
შეხვედრის ფარგლებში, ბათუმის მერიასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმებას ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, GIZ-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სანდრა შენკემ და
„მდგრადი ურბანული განვითარება საქართველოში“ პროგრამის დირექტორმა ანკა დერიხსმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის თანახმად, „მდგრადი ურბანული განვითარება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფი, ძველი ბათუმის არეალში შეირჩევა კონკრეტული ტერიტორია და ამ ტერიტორიისთვის შემუშავდება კლიმატზე ორიენტირებული, ინტეგრირებული ურბანული განვითარების საპროექტო წინადადებები.
ამასთან შერჩეული არეალისთვის მომზადდება განვითარების გეგმა (NDP). საპროექტო წინადადებების საფუძველზე შეირჩევა და დაიწყება მცირე ზომის საპილოტე პროექტების განხორციელება.
მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ერთობლივად განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.
სხვა სიახლეები
საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის კლიმატის ცვლილების თაობაზე თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
13.03.2026.14:46
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის კლიმატის ცვლილების თაობაზე თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
დოკუმენტს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა და კორეის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჰიონ დუ კიმმა მოაწერეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ხელშეკრულების მიზანს სათბური გაზების ემისიების შემცირების, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს.
„კლიმატის ცვლილების თაობაზე თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის გარემოსდაცვითი მიმართულებით კავშირების გაღრმავებისთვის. აღნიშნული შეთანხმება ქვეყნებს შორის თანამშრომლობას პრაქტიკულ ეტაპზე გადაიყვანს და ხელს შეუწყობს სათბური გაზების ემისიების შემცირების და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით ერთობლივი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას“,- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
როგორც ჰიონ დუ კიმმა აღნიშნა, საქართველო კავკასიის რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც კორეის რესპუბლიკა აფორმებს ხელშეკრულებას, რაც ორ ქვეყანას შორის კლიმატის ცვლილების მიმართულებით თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობა მოიცავს სხვადასხვა მნიშვნელოვან სფეროს, მათ შორის, სოფლის მეურნეობასა და სატყეო სექტორს, ასევე, კლიმატთან დაკავშირებულ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ საკითხებს.
შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.