ავარიული ისტორიული შენობების ჩანაცვლების პროგრამა დაიცავს როგორც მოქალაქეების საკუთრების უფლებას, ასევე კულტურულ მემკვიდრეობას - ზურაბ აბაშიძე
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი ზურაბ აბაშიძე დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც 2026 წლიდან თბილისის ისტორიულ ნაწილში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამა ამოქმედდება. პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი სრულად გამოისყიდის კერძო მესაკუთრეებისგან ისტორიულ არეალში მდებარე უძრავ ქონებას. გამოსასყიდი ქონება შეფასდება საბაზრო ღირებულებით, რაც უზრუნველყოფს სამართლიან გამოსყიდვას და მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესების დაცვას.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, თბილისის ძველი უბნების მთავარი გამოწვევა ავარიული ისტორიული შენობებია. მისივე თქმით, ავარიული ისტორიული შენობების ჩანაცვლების პროგრამა დაიცავს როგორც მოქალაქეების საკუთრების უფლებას, ასევე კულტურულ მემკვიდრეობას.
„ ჩვენს მრავალსაუკუნოვან ქალაქსა და განსაკუთრებით, მის უძველეს უბანში - მთაწმინდის რაიონში, მთავარი გამოწვევა ავარიული ისტორიული შენობებია, რომლებსაც რეაბილიტაცია სპეციფიკურად უნდა ჩაუტარდეს, რათა მათ იერსახე შეუნარჩუნდეს. ამ მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარების გზებზე დღეს, თბილისის მერმა კახი კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და ავარიული ისტორიული შენობების ჩანაცვლების პროგრამა გამოაცხადა, რომელიც დაიცავს როგორც მოქალაქეების საკუთრების უფლებას, ასევე ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას. როგორც მან აღნიშნა, იდეა ვიცე-მერს გიორგი ტყემალაძეს ეკუთვნის და იგი 2026 წლიდან ამოქმედდება.
ამ პროგრამის მიხედვით, მუნიციპალიტეტი მოსახლეობის სრული, 100%-იანი თანხმობის შემთხვევაში, კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდის ისტორიულ არეალში მდებარე უძრავ ქონებას, გამოსასყიდი ქონება კი მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, საბაზრო ღირებულებით შეფასდება. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული პროგრამა მოსახლეობის ჩართულობით წარმატებით განხორციელდება და ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვასა და დედაქალაქის ისტორიული იერსახის შენარჩუნებას“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
05.09.2025.10:21
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარტია - „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მიუხედავად სხვადასხვა გარემოებებისა, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება.
„გუშინ დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესი. რეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის არის ერთი პარტია - „ძლიერი საქართველო - ლელო“, რომლის ლიდერები ამჟამად კონკრეტული დანაშაულისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან სასჯელს.
უდავოა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კონკურენტულ გარემოში მათი პატიმრობის პირობებშიც ჩატარდება. ამასთან, ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ საზოგადოდ, არჩევნები არ უნდა იქცეს ინდულგენციად არცერთი პოლიტიკოსისთვის, რომელიც დანაშაულს სჩადის. არც ის გარემოებაა მხედველობიდან გასაშვები, რომ ჩემს შეთავაზებას შეწყალების შესახებ შესაბამისმა პატიმრებმა რამდენიმე კვირის წინ უარით უპასუხეს, რითაც პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის შეურაცხყოფის მიყენება სცადეს.
თუმცა, ყველა ზემოაღნიშნული გარემოების მიუხედავად, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება, მივიღე გადაწყვეტილება ორი მსჯავრდებულის - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების თაობაზე. გამოვთქვამ იმედს, რომ მომავალში ისინი კანონის პატივისცემით განაგრძობენ პოლიტიკურ საქმიანობას.
მოვუწოდებ ყველა საარჩევნო სუბიექტს, ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჯანსაღ და მშვიდ გარემოში ჩატარებას. წარმატებებს ვუსურვებ ყველა საარჩევნო სუბიექტს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მუნიციპალიტეტების განვითარებისა და მოსახლეობის ინტერესების რეალიზების გულწრფელი სულისკვეთებით მონაწილეობს“, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში.