აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
თეთრი სახლის ლიდერი მისალოც წერილში ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობების გაძლიერებაზე.
„ბატონო პრეზიდენტო, დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის 107-ე წლისთავია — ეპოქალური თარიღი ქართველი ხალხის ბრძოლაში სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ეროვნული იდენტობისათვის, რომელიც მძიმე სირთულეებისა და გამოწვევების ფონზე მიმდინარეობდა თაობიდან თაობამდე.
ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები. სამომავლოდ ველოდები ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას სამართლიანი ვაჭრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების გზით.
გულითადად ვულოცავ ქართველ ხალხს ამ მნიშვნელოვან თარიღს, რომელიც ქვეყნის გამორჩეულ და მრავალფეროვან ისტორიას ასახავს,” - ნათქვამია მისალოც წერილში.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
სომხეთში მთავრობის წევრებთან შეხვედრებზე განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს როლი რეგიონში მშვიდობისა და დაკავშირებადობის გაძლიერებისა და განვითარების თვალსაზრისით - მარიამ ქვრივიშვილი
20.02.2026.17:50
სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები. ჩვენ ამომწურავად ვისაუბრეთ მიმდინარე პროექტებზე, ისევე როგორც ახალი გეგმების შესახებ, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს ქვეყნებს შორის სავაჭრო - ეკონომიკურ ურთიერთობებს, ისევე როგორც ხალხთა შორის კავშირებს,"- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც ერთდღიანი ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ტიგრან ხაჩატრიანს, ეკონომიკის მინისტრ გევორგ პაპოიანსა და ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ხუდატიანს შეხვდა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სომხეთის მთავრობის წევრებთან საუბარი წარიმართა ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის, ტურიზმზე, ავიაციაზე, ტრანსპორტზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთა რკინიგზაზე.
„შეხვედრებზე განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს როლი რეგიონში მშვიდობისა და დაკავშირებადობის გაძლიერებისა და განვითარების თვალსაზრისით. ხაზი გაესვა საქართველოს კონტრიბუციას უშუალოდ სიმბოლური ტარიფის დაწესების თვალსაზრისით, რაც აზერბაიჯანიდან სომხეთის მიმართულებით ნავთობპროდუქტების გადაზიდვის ხელშეწყობას უზრუნველყოფს," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის ინფორმაციით, სომეხ კოლეგებთან შეხვედრებზე ასევე საუბარი წარიმართა ენერგეტიკის სექტორში ურთიერთობების გაღრმავებაზე, მათ შორის, ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით. „აღნიშნული გააძლიერებს საქართველოსა და სომხეთს შორის ენერგეტიკული ვაჭრობას, ექსპორტ-იმპორტს, აგრეთვე ჩვენი ქვეყნის ტრანზიტული ქვეყნის როლს, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს როგორც სომხეთიდან ელექტროენერგიის ექსპორტს, ასევე ტრანზიტს საქართველოს გავლით," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
კიდევ ერთი ძირითადი მიმართულება, რაზეც მაღალი დონის შეხვედრებზე გაამახვილეს ყურადღება, ვაჭრობა იყო. „ჩვენ გვინდა ვიხილოთ მეტი ქართული პროდუქცია სომხეთში და ამისთვის განვაგრძობთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს კოლეგებთან. ვფიქრობთ, რომ მომდევნო პერიოდის განმავლობაში საქართველოდან ქართული პროდუქციის ექსპორტის მზარდ დინამიკას ვიხილავთ," - აღნიშნა მინისტრმა.
საქართველოს დელეგაციაში იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე.