არც წინა დღეებში და არც იმ დღეს, თუ არ ჩავთვლით უშუალოდ სტიქიის წუთებს, არ დაფიქსირებულა წყლის დონის არც მატება, არც კლება, რაც შეიძლებოდა რაციონალური დასკვნის გამოტანის საფუძველი გამხდარიყო - ირაკლი კობახიძე
წყლის დონეზე იყო უამრავი სპეკულაცია, ჯერ ითქვა, რომ თითქოს წინა დღეებში იყო მომატებული, მერე ითქვა, რომ საერთოდ არ მოდიოდა მდინარე და მინიმუმამდე იყო დასული წყლის დონე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, წყლის დონესთან დაკავშირებით გავრცელებული სხვადასხვა ინფორმაცია სპეკულაციური ხასიათის იყო, ვინაიდან გაირკვა, რომ წყალმზომებს არც სტიქიის დღეს და არც წინა დღეებში, წყლის დონის ცვლილება არ დაუფიქსირებიათ.
„გაირკვა, რომ ეს ყველაფერი იყო სპეკულაციები, ერთი მარტივი მიზეზის გამო: რეალურად, წყლის დონე წყალმზომებით იზომება და არც წინა დღეების განმავლობაში, არც იმ დღეს, თუ არ ჩავთვლით უშუალოდ სტიქიის წუთებს, არ დაფიქსირებულა წყლის დონის არც მატება, არც კლება, რაც შეიძლებოდა რაციონალური დასკვნის გამოტანის საფუძველი გამხდარიყო.
შესაბამისად, ამაზეც მოვისმინეთ სპეკულაციები, დანარჩენს იტყვიან კომპეტენტური პირები.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.13:58
თბილისის მერი კახა კალაძე გლდანის რაიონში, მუხიანის აგარაკებზე, ხვანჭკარის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო.
მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ქუჩაზე სანიაღვრე და წყალარინების ქსელები მოეწყო, ამ ეტაპზე კი 4 000 კვ. მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარის ბოლო ფენა იგება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან მილიონ ლარამდე იხარჯება.
„მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. აქ წლების წინ იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა - მანქანით გავლა ფიზიკურად შეუძლებელი იყო და არ არსებობდა არანაირი მიწისქვეშა კომუნიკაცია. მოსახლეობას დავპირდით, რომ დავიწყებდით პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებში მოეწყობოდა ყველა საჭირო მიწისქვეშა კომუნიკაცია, მოწესრიგდებოდა საგზაო ინფრაქტრუქტურა და იმოძრავებდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. დღეისთვის სამუშაოები მიმდინარეობს ხვანჭკარის ქუჩაზე. პროექტი მიმდინარეობს შოვის ქუჩაზეც, თუმცა სამუშაოებს ამით არ ვამთავრებთ, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ბევრი ქუჩა და ჩიხია მოსაწესრიგებელი. ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, ვახორციელებთ ძალიან საჭირო პროექტს ზედა დასახლებაში - ეწყობა სანიღვრე სისტემა, მონტაჟდება კოლექტორი, რომელიც ბორჯომის ქუჩაზე იქნება დაერთებული. სამუშაოებს ვაგრძელებთ და გვინდა, უახლოეს მომავალში აღნიშნული დასახლება სრულად მოვიცვათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ მუხიანის აგარაკებზე, ვარდისუბნის IV შესახვევში, ნეკრესის, დაისის, ბორჯომის, ვანისა და ბორითის ქუჩებზე გზის მოწესრიგება უკვე დასრულდა. რვავე ქუჩაზე, მთლიანად შვიდ კილომეტრამდე საგზაო მონაკვეთი, 30 000კვ. მეტრი ფართობი რეაბილიტირდება, რისთვისაც გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან 4 000 000 მილიონამდე ლარი იხარჯება. საგზაო სამუშაოებამდე ტერიტორიაზე მოეწყო წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელებიც.
გარდა ამისა, გამგეობა კოლექტორის მოწყობის სამუშაოებს გეგმავს, რომელზეც დაერთდება ბორჯომის ქუჩის გარკვეული მონაკვეთისა და შემდგომში დაგეგმილი სხვა ქუჩების სანიაღვრე სისტემები. უკვე მომზადდა საპროექტო დოკუმენტაცია და სამუშაოებზე გამოცხადდა ტენდერი.
ხვანჭკარის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს, კახა კალაძესთან ერთად, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, გლდანის გამგებელი ბესიკ კალაძე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე და პარლამენტის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე გაეცნენ.