არჩევნებამდე, რომელიც საბოლოოდ დაასრულებს რადიკალიზმს ამ ქვეყანაში, ძალიან ცოტა დრო დარჩა - კონსტანტინე ზარნაძე
„არჩევნებამდე, რომელიც საბოლოოდ დაასრულებს რადიკალიზმს ამ ქვეყანაში, ძალიან ცოტა დრო დარჩა“, - განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს წევრმა კონსტანტინე ზარნაძემ გააკეთა.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ რადიკალიზმი ამ ქვეყანაში ზუსტად იმ დღეს დასრულდება, რომელ დღესაც ძალადობრივი ცვლილებების განხორციელების ილუზია აქვთ რადიკალურად განწყობილ ადამიანებს.
„ხელისუფლების, თვითმმართველობის ცვლილების ერთადერთი გზა ამ ქვეყანაში არის და მომავალშიც იქნება არჩევნები. არჩევნების გზის გარდა ამ ქვეყანაში ვერავინ ვერაფერს შეცვლის.
მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია ნათლად აჩვენებს, რომ ერთადერთი პარტია, რომელსაც აქვს მკვეთრი და სწორი ხედვა, არის პარტია „ქართული ოცნება“. ამ პარტიის მაჟორიტარი კანდიდატები და პროპორციული სიის წევრები ყოველდღიურ რეჟიმში ატარებენ შეხვედრებს მოსახლეობასთან იმისათვის, რომ მათ წინაშე მდგარ ამოცანებზე რეაგირება არჩევნების შემდეგ მყისიერად მოხდეს“, - აცხადებს კონსტანტინე ზარნაძე.
დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ არჩევნების მოგების შემთხვევაში მეორე დღესვე გაფიცვის რეჟიმში გადავლენ, რა პასუხს აძლევენ მოსახლეობას, რომელსაც აინტერესებს არა გაფიცვა, არამედ ტრანსპორტის, ლიფტის საკითხები, რომელსაც სკვერი უნდა თავის უბანში და ა.შ.
„მჯერა და მწამს, რომ ეს არჩევნები იქნება ყველაზე უფრო მაღალი რეიტინგის მაჩვენებელი პარტია „ქართული ოცნებისთვის“. ყველაზე უფრო დიდი ლეგიტიმაციით მოიგებს სწორედ კახა კალაძე და პარტია „ქართული ოცნება“ და ამ ქალაქის განვითარებას ვერცერთი პოლიტიკური პროცესი ვერ გააჩერებს“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.
სხვა სიახლეები
23.09.2025.15:30
„არჩევნებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და წინასაარჩევნო პერიოდმა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, რომ კახა კალაძე თბილისის მერობის ერთადერთი რეალური კანდიდატია“, - ამის შესახებ საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა ნინო ვარდოსანიძემ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, არაერთი სასიკეთო საქმე გაკეთდა ქალაქისთვის და ფაქტობრივად, დღე არ გადის ისე, რომ მიმდინარე თუ განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია არ მიეწოდოს თბილისის მცხოვრებლებს.
„მთავარი არის ფაქტები, შედეგი და რეალობა, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია მომავლის ხედვა და კონკრეტული გეგმა. ჩემთვის, როგორც ამომრჩევლისთვის, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა პროექტებია დაგეგმილი ამა თუ იმ მიმართულებით, რადგან დანამდვილებით ვიცით, რომ ქართული ოცნების და კახი კალაძის პირობებში ყველა ეს დაპირება აუცილებლად შესრულდება. ყველას გვქონდა შესაძლებლობა მოგვესმინა საარჩევნო პროგრამა, ძალიან კონკრეტული და მნიშვნელოვანი პროექტების ჩამონათვალი, რაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში თბილისს კიდევ უფრო ლამაზ, კომფორტულ და ევროპულ ქალაქს გახდის. 4 ოქტომბერი კი იქნება გამარჯვების დღე და მეტი სიკეთის მომტანი თბილისისთვის და მთელი საქართველოსთვის“, - განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.
საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ნინო ვარდოსანიძემ ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ საარჩევნო დაპირებებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქმიანი საუბრის ნაცვლად ოპოზიცია ცრუ მოლოდინებს უქმნის საზოგადოებას, რითიც საკუთარ ამომრჩეველს მორიგ ჯერზეც იმედს გაუცრუებს.