არ დავიშურებთ ძალისხმევას 2030 წელს ევროკავშირში საქართველოს საბოლოოდ გასაწევრიანებლად, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა განსაკუთრებით, იმ 1 120 000 ამომრჩევლის წინაშე, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენ კურსს - ირაკლი კობახიძე
ჩვენ გავუფრთხილდებით საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად მათი შეხედულებებისა. ყველას კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ ყველა ხელშესახებ შედეგს ევროინტეგრაციის გზაზე სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიაღწია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და ქვეყანამ მიიღო ვიზალიბერალიზაცია.
„ევროპელი ჩინოვნიკებისა და რადიკალური ოპოზიციის მიერ შექმნილი ხელოვნური დაბრკოლებების მიუხედავად, ჩვენ წელიწადნახევარი ჯიუტად ვიბრძოდით კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და თავდაუზოგავი ბრძოლით გამოვგლიჯეთ ეს სტატუსი ხელიდან იმ ძალებს, რომლებსაც კანდიდატის სტატუსი შანტაჟისა და ქვეყნის არევის ინსტრუმენტად ჰქონდათ მოაზრებული. ანალოგიურად, ვპირდებით ყველას, რომ არ დავიშურებთ ძალისხმევას 2030 წელს ევროკავშირში საქართველოს საბოლოოდ გასაწევრიანებლად. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს თითოეული მოქალაქეს წინაშე, განსაკუთრებით, იმ 1,120,000 ამომრჩევლის წინაშე, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენ კურსს და ჩვენ სლოგანს - მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ“, - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
17.11.2025.13:57
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს სრბუი გალიანს შეხვდა, რომელიც თბილისში ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში იმყოფება.
შეხვედრაზე საუბარი სომხეთსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს შეეხო.
განიხილეს საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობა სხვადასხვა ორმხრივ და საერთაშორისო ფორმატებში. ყურადღება დაეთმო საქართველოსა და სომხეთს შორის მართლმსაჯულების სფეროში ეფექტურ პარტნიორობას და ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის დამყარების, ასევე რეგიონის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების მნიშვნელობას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, საქართველოში სომხეთის ელჩი აშოტ სმბატიანი და სომხეთში საქართველოს ელჩი გიორგი შარვაშიძე ესწრებოდნენ.