ანა კაკაბაძე: ოპოზიციის წევრები ათასობით ლარს იღებენ იმაში, რომ არაფერი აკეთონ, ისინი სხდომებსაც არ ესწრებიან
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ანა კაკაბაძემ ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს მიმართა, რომლებიც საკრებულოს სხდომებს იშვიათად ესწრებიან. ანა კაკაბაძემ სტატისტიკაც მოიყვანა ოპოზიციის იმ წარმომადგენლების შესახებ, რომლებიც საკრებულოს სხდომებს არ ესწრებიან.
„იმ ოპოზიციონერ კოლეგებს განსაკუთრებით მივესალმები, რომლებიც თვეების განმავლობაში არ გვინახავს ამ დარბაზში. შეიძლება მათ სახეზეც ვერ ვცნობდე და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებს, რომლებიც მოქალაქეებმა აირჩიეს, შეიძლება წელიწადი ისე გავიდეს, რომ სამუშაო ადგილას ვერ ვხედავდეთ. მართლა გულწრფელად გამიხარდა, დღევანდელ სხდომაზე დიდი რაოდენობით რომ იყვნენ წარმოდგენილნი, თუმცა ჩემი სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა, რადგან სხდომის დაწყებიდან მალევე უმეტესობამ დაგვტოვა. ისინი იღებენ თბილისის მოქალაქეების გადასახადებიდან ათასობით ლარს იმაში, რომ არაფერი აკეთონ. შეიძლება წლები გავიდეს და საკრებულოს სხდომათა დარბაზში ნამყოფებიც არ იყვნენ. არც კი ვიცი, იციან თუ არა როგორ უნდა მოვიდნენ თბილისის საკრებულომდე.
მე მაქვს ამოღებული სტატისტიკა, დაგისახელებთ სამ ადამიანს, რომლებიც 2023 წელს სხდომების 85%-ს არ დასწრებიან. ესენი არიან ბიკაშვილი თორნიკე, გრიგოლია შოთა და ეძგვერაძე ირაკლი. სხდომების 70%-ს არ დასწრებია სოფიო ჯაფარიძე, ასევე ზვიად კუპრავა. აგრეთვე გულწრფელად მინდა მივესალმო „ახალ სახეებს“ ქართულ პოლიტიკაში: გოგა ონიანს და ნინო კვიტაიშვილს. ესენი არიან თურმე „ახალგაზრდები“, რომლებიც გვარამიას გუნდს შეუერთდნენ. ძალიან უცნაურია, მე მახსოვს ეს ადამიანები დაახლოებით 10 წლის წინაც, როდესაც ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, მახსოვს გოგა ონიანი როგორ იყო ჩართული ზონდერულ საქმიანობაში, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, დავივიწყეთ და დღეიდან ახალ პლატფორმას ქმნიან, ახალგაზრდებით სავსეს, რომლებიც თურმე შემოგვთავაზებენ პოზიტიურ პლატფორმას“, - განაცხადა ანა კაკაბაძემ.
საკრებულოს უმრავლესობის წევრმა თბილისის ბიუჯეტის ზრდაზეც ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების აბილიტაციის ქვეპროგრამაზე. მისი განცხადებით, ამ პროგრამას დღეიდან დაემატება 250 ბენეფიციარი. ანა კაკაბაძემ ბიუჯეტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
სომხეთში მთავრობის წევრებთან შეხვედრებზე განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს როლი რეგიონში მშვიდობისა და დაკავშირებადობის გაძლიერებისა და განვითარების თვალსაზრისით - მარიამ ქვრივიშვილი
20.02.2026.17:50
სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები. ჩვენ ამომწურავად ვისაუბრეთ მიმდინარე პროექტებზე, ისევე როგორც ახალი გეგმების შესახებ, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს ქვეყნებს შორის სავაჭრო - ეკონომიკურ ურთიერთობებს, ისევე როგორც ხალხთა შორის კავშირებს,"- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც ერთდღიანი ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ტიგრან ხაჩატრიანს, ეკონომიკის მინისტრ გევორგ პაპოიანსა და ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ხუდატიანს შეხვდა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სომხეთის მთავრობის წევრებთან საუბარი წარიმართა ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის, ტურიზმზე, ავიაციაზე, ტრანსპორტზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთა რკინიგზაზე.
„შეხვედრებზე განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს როლი რეგიონში მშვიდობისა და დაკავშირებადობის გაძლიერებისა და განვითარების თვალსაზრისით. ხაზი გაესვა საქართველოს კონტრიბუციას უშუალოდ სიმბოლური ტარიფის დაწესების თვალსაზრისით, რაც აზერბაიჯანიდან სომხეთის მიმართულებით ნავთობპროდუქტების გადაზიდვის ხელშეწყობას უზრუნველყოფს," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის ინფორმაციით, სომეხ კოლეგებთან შეხვედრებზე ასევე საუბარი წარიმართა ენერგეტიკის სექტორში ურთიერთობების გაღრმავებაზე, მათ შორის, ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით. „აღნიშნული გააძლიერებს საქართველოსა და სომხეთს შორის ენერგეტიკული ვაჭრობას, ექსპორტ-იმპორტს, აგრეთვე ჩვენი ქვეყნის ტრანზიტული ქვეყნის როლს, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს როგორც სომხეთიდან ელექტროენერგიის ექსპორტს, ასევე ტრანზიტს საქართველოს გავლით," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
კიდევ ერთი ძირითადი მიმართულება, რაზეც მაღალი დონის შეხვედრებზე გაამახვილეს ყურადღება, ვაჭრობა იყო. „ჩვენ გვინდა ვიხილოთ მეტი ქართული პროდუქცია სომხეთში და ამისთვის განვაგრძობთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს კოლეგებთან. ვფიქრობთ, რომ მომდევნო პერიოდის განმავლობაში საქართველოდან ქართული პროდუქციის ექსპორტის მზარდ დინამიკას ვიხილავთ," - აღნიშნა მინისტრმა.
საქართველოს დელეგაციაში იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე.