აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის კანონმდებლობა გამკაცრდა
პარლამენტმა მესამე მოსმენით, 80 ხმით მიიღო კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", რომელიც აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებულ დარღვევებს უკავშირდება.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილების თანახმად, დროის ნებისმიერ მონაკვეთში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივ-საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვებ ნორმებზე გადამეტებისთვის ჯარიმის ოდენობა იზრდება.
„ამ კანონპროექტით დარეგულირდება აკუსტიკური ხმაური და პირველივე ჯერზე, სანქცია ნაცვლად გაფრთხილებისა, განისაზღვრება ფულადი მაჩვენებლით", - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.
კანონპროექტით პირველივე შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირის შემთხვევაში 150 ლარი იქნება, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში -1500 ლარი. განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირებისთვის იქნება 500 ლარი, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმისთვის - 5000 ლარი. მესამე და ყოველ მომდევნო შემთხვევაში ფიზიკური პირისთვის ჯარიმის ოდენობა 1000 ლარით განისაზღვრება, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმისთვის - 10 000 ლარით.
სხვა სიახლეები
საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის კლიმატის ცვლილების თაობაზე თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
13.03.2026.14:46
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის კლიმატის ცვლილების თაობაზე თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
დოკუმენტს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა და კორეის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჰიონ დუ კიმმა მოაწერეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ხელშეკრულების მიზანს სათბური გაზების ემისიების შემცირების, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს.
„კლიმატის ცვლილების თაობაზე თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის გარემოსდაცვითი მიმართულებით კავშირების გაღრმავებისთვის. აღნიშნული შეთანხმება ქვეყნებს შორის თანამშრომლობას პრაქტიკულ ეტაპზე გადაიყვანს და ხელს შეუწყობს სათბური გაზების ემისიების შემცირების და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით ერთობლივი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას“,- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
როგორც ჰიონ დუ კიმმა აღნიშნა, საქართველო კავკასიის რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც კორეის რესპუბლიკა აფორმებს ხელშეკრულებას, რაც ორ ქვეყანას შორის კლიმატის ცვლილების მიმართულებით თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობა მოიცავს სხვადასხვა მნიშვნელოვან სფეროს, მათ შორის, სოფლის მეურნეობასა და სატყეო სექტორს, ასევე, კლიმატთან დაკავშირებულ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ საკითხებს.
შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.