აღსანიშნავია, რომ იმ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში, მოიპოვეს მანდატები საკრებულოებში და ქართველი ხალხის ნების შესაბამისად, წარმატებით ეწევიან საქმიანობას -ზურაბ აბაშიძე
მაშინ, როდესაც ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა 4 ოქტომბრის არჩევნებს, ჩვენთვის მიუღებელია კრიტიკა იმის თაობაზე, თუ რატომ არ იკავებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პოლიტიკურ თანამდებობებს“, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და ევროპის საბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, იმ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში, მოიპოვეს მანდატები საკრებულოებში და ქართველი ხალხის ნების შესაბამისად, წარმატებით ეწევიან საქმიანობას.
ზურაბ აბაშიძის თქმით, არჩევნების ბოიკოტირების გადაწყვეტილებამდე ოპოზიციური პარტიები არწმუნებდნენ თავიანთ დამკვირვებლებს, რომ ახალი ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენება პრაქტიკულად გამორიცხავდა არჩევნების შედეგების გაყალბებას. აქედან გამომდინარე, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია არჩევნებისადმი უნდობლობის არგუმენტები.
ევროპის საბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარის მოადგილემ თავის გამოსვლაში გასულ წელს ჩატარებული არჩევნები შეაფასა და კონგრესის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არჩევნების მიმდინარეობისა და სადამკვირვებლო მისიების შესახებ. მისი თქმით, არჩევნების შედეგად საქართველოს მოქალაქეებმა 64 მუნიციპალიტეტში საკრებულოს წევრები და 64 მერი აირჩიეს. მისივე განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 40.93%-მა მიიღო და იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, ამომრჩეველთა გამოცხადება მაღალ აქტივობადაც შეიძლება ჩაითვალოს. როგორც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, არჩევნების დაკვირვების მიზნით 27 ადგილობრივი და 28 საერთაშორისო ორგანიზაცია დარეგისტრირდა. ასევე, აკრედიტებული იყო პრესისა და მასობრივი ინფორმაციის 73 საშუალება. მისივე თქმით, არჩევნებში დამკვირვებლები 20 სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობდნენ.
რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობდა 2 საერთაშორისო ორგანიზაცია - Association ALTERFACT-ი და „ფუნდამენტური უფლებების ცენტრი“ (Center for Fundamental Rights).
„მიუხედავად იმისა, რომ ODIHR-ის მოწვევის საკითხი სპეკულაციის თემა გახდა, საქართველოს მთავრობამ რეალისტური ვადების გათვალისწინებით გაუგზავნა მოწვევა ორგანიზაციას მისიის საქართველოში გამოგზავნასთან დაკავშირებით. სურვილის შემთხვევაში, ვადები შესაძლებლობას აძლევდა ორგანიზაციას გამოეგზავნა სადამკვირვებლო მისია და უზრუნველეყო საჭირო ტექნიკური საკითხები. მონაწილე საერთაშორისო დამკვირვებლებმა კი ხაზი გაუსვეს კენჭისყრის პროცესის ორგანიზების მაღალ დონეს, თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტიან გამოყენებას, ხმის ფარულობის დაცვასა და პროცედურების გამჭვირვალობას. მათი შეფასებები ადასტურებს, რომ კენჭისყრა მიმდინარეობდა შეუფერხებლად, უარყოფითი ტენდენციების გარეშე და სრულ შესაბამისობაში იყო დემოკრატიულ სტანდარტებთან“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
სხვა სიახლეები
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში თემაზე - ინვესტიციების მომავალი
03.02.2026.16:19
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში თემაზე - ინვესტიციების მომავალი.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე გაამახვილა ყურადღება.
ირაკლი კობახიძემ ისაუბრა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს და აღნიშნა, რომ მსოფლიოში არსებული მრავალი გამოწვევის მიუხედავად, ქვეყანაში უზრუნველყოფილია სწრაფი ეკონომიკური ზრდა.
„ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველო ეკონომიკურად ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანაა ევროპაში. 2021 წლიდან 2025 წლამდე ჩვენი საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა 9.3% იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო მსოფლიოს პირველ ათეულშია ეკონომიკური ზრდის მიხედვით. ამას რამდენიმე მიზეზი ამყარებს: პირველია პოლიტიკური სტაბილურობა. ვიტყოდი, რომ ქვეყნის პოლიტიკური კონტექსტი საკმაოდ რთულია: რეგიონში - უკრაინაში ომი მიმდინარეობს და ჩვენს ირგვლივ არსებული სიტუაცია საერთო ჯამში არ არის მარტივი. თუმცა, ამ სირთულეების მიუხედავად, პოლიტიკური სტაბილურობა და უწყვეტი მშვიდობა გვაქვს. ჩვენ გვაქვს ძალიან ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. საგადასახადო განაკვეთები ძალიან დაბალია და გვაქვს სწორი საგადასახადო პოლიტიკა, რაც კარგ პირობებს ქმნის საქართველოში საინვესტიციო საქმიანობისთვის. გვაქვს მარტივი ბიუროკრატია, რაც ასევე ქმნის კარგ პირობებს ეკონომიკური საქმიანობისთვის. ასევე, ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკა ეფექტური მართვით გამოირჩევა. ქვეყანაში კორუფციის დაბალი დონეა. თუ საერთაშორისო, გლობალურ ინდექსებს გადავავლებთ თვალს, საქართველო ერთ-ერთი ლიდერია, ხოლო რეგიონში პირველ ადგილზე ვართ კორუფციის დაბალი დონით. ევროკავშირის 8-9 წევრ სახელმწიფოზე უკეთესი მაჩვენებლები გვაქვს. ყოველივე ეს კარგ პირობებს ქმნის საქართველოში ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად და სწორედ ეს არის ჩვენი ხედვა: სწორი გარემო შევქმნათ საქართველოში უცხოელი ინვესტორებისთვის ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად. ეს მიდგომა საკმაოდ კარგად მუშაობს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა გლობალურ რეიტინგებში საქართველოს წამყვან პოზიციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკონომიკურ პოლიტიკასა და უსაფრთხოებასთან ერთად, ამას ხელს უწყობს ქვეყნის სტრატეგიული ადგილმდებარეობაც.
„მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს სტრატეგიული მდებარეობა საუკეთესოდ გამოვიყენოთ. ინვესტიციებს ვახორციელებთ ინფრასტრუქტურაში, დაკავშირებადობაში. მსხვილი კაპიტალდაბანდება ხორციელდება მაგისტრალებში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, რკინიგზაში, ციფრულ დაკავშირებადობაში. შავი ზღვის სანაპიროზე ვგეგმავთ ანაკლიის პორტის მშენებლობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოსთვის. მაგისტრალების მშენებლობაში ვდებთ ინვესტიციებს, რათა მთელი ქვეყნის მასშტაბით გვქონდეს თანამედროვე ჩქაროსნული მაგისტრალები 2030 წლისთვის. განვახორციელეთ საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია. დიდი ინვესტიციები იდება ასევე ციფრულ დაკავშირებადობაში. ვცდილობთ გლობალური მასშტაბით გავაფართოოთ ეკონომიკური თანამშრომლობის არეალი. ამჟამად საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები აქვს 40-ზე მეტ ქვეყანასთან. ესენია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრი სახელმწიფოები, ჩინეთი, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნები, თურქეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. ეს არის ის ინსტრუმენტი, რომელიც გვეხმარება განვითარებაში და საქართველოს ეკონომიკური ზრდის შემდგომ ხელშეწყობაში. მოზიდული გვაქვს 8 მილიარდზე მეტის ინვესტიცია. საუბარია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. ეს ბოლო 5 წლის განმავლობაში მოხდა და საქართველოს მსგავსი პატარა ზომის ქვეყნისთვის ეს დიდი მიღწევაა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია შემიძლია გაგიზიაროთ ეკონომიკური პარტნიორებისთვის საქართველოს სანდოობის დასადასტურებლად: საქართველომ 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციები გამოუშვა. მისი განთავსება სულ ახლახან ლონდონის ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟაზე განხორციელდა. მასზე მოთხოვნა 5.5-ჯერ მეტი იყო და 2.8 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ესეც ადასტურებს საქართველოს მიმართ არსებულ დიდ ინტერესს და ჩვენი ეკონომიკის სანდოობას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკისადმი ნდობის ერთ-ერთი მაგალითია ისიც, რომ კომპანია Eagle Hills-მა 6.6 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.
„ეს არის პროექტი უძრავი ქონების ბაზარზე, რომლის განხორციელებაც საქართველოში დაიწყო და წინასწარი გაყიდვების შედეგებს თუ შევხედავთ, სახეზეა ძალიან მაღალი ნდობა საქართველოს მიმართ ყველა შესაბამისი ეკონომიკური სუბიექტის მხრიდან. საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა იკვეთება უძრავი ქონების ბაზარზე, მასპინძლობის სფეროში, ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორში - რომელიც ძალიან სწრაფი ზრდის ტემპით ხასიათდება. ეს ყველა ფაქტორი ქმნის მიმზიდველობას და ინვესტორთა ინტერესს განაპირობებს. საქართველოს ენერგეტიკის სფეროში კაპიტალდაბანდებაც მომგებიანია. ჩვენი გეგმაა, საშუალოვადიან პერიოდში გავზარდოთ ენერგიის წარმოება 4800 მეგავატიდან 12 500 მეგავატამდე 2035 წლისთვის. ჩვენი ქვეყანა მდიდარია ჰიდრორესურსებით და ამიტომ ინვესტიციები ამ და სხვა - მზისა და ქარის - ელექტროსადგურებში სარგებელს მოუტანს ინვესტორებსა და ქვეყანას. საქართველოს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ჩვენი სურვილია, ეკონომიკური თანამშრომლობა გავაფართოოთ. ჩემთვის სასიამოვნო იყო ამ აუდიტორიის წინაშე გამოსვლა და ამ დარბაზში ყველას მოვუწოდებ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისკენ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პანელურ დისკუსიაში სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, მინისტრები და მსხვილი საერთაშორისო კორპორაციების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.