აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ახალ კანდიდატურას, დიდი ალბათობით, დღესვე წარვადგენთ პრეზიდენტთან ერთად - ირაკლი კობახიძე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ახალ კანდიდატურას, დიდი ალბათობით, დღესვე წარვადგენთ პრეზიდენტთან ერთად, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
პრემიერმა თორნიკე რიჟვაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„გვექნება კონსულტაციები. მე გუშინაც მქონდა საუბარი თორნიკე რიჟვაძესთან. მან მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე მას მინდა, მადლობა გადავუხადო. ბევრი რამ გაკეთდა აჭარაში გასული წლების განმავლობაში და მას ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. რაც შეეხება მომავალში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას, დიდი ალბათობით, დღესვე წარვადგენთ პრეზიდენტთან ერთად ახალ კანდიდატურას. გვაქვს ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან და ასევე შესაძლო კანდიდატთან კონსულტაციები. დიდი ალბათობით, დღეს უკვე წარვადგენთ კანდიდატს. წინ არ გავუსწრებ მოვლენებს, დღეისათვის უკვე შეიძლება შედგეს ოფიციალური წარდგენა“, - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
12.11.2026.20:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების მაღალ დონეს და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.
ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას და მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებულ თანამშრომლობას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომეხ კოლეგას საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.