აბსოლუტურად ვეთანხმები ყველას ამ სულისკვეთებაში, რომ საქართველოს მომავალი ევროპულია - კახა კალაძე
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის სრულიად ეთანხმება ყველას იმ სულისკვეთებაში, რომ საქართველოს მომავალი ევროპულია.
ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს ქართველი ფეხბურთელების იმ განცხადებების კომენტირებისას განუცხადა, რომლითაც ისინი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურებიან.
„აბსოლუტურად ვეთანხმები ყველას ამ სულისკვეთებაში. რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპული მომავალი, საქართველოს ხელისუფლება არის ზუსტად ის, ვინც ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე. თუკი რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ამ მიმართულებით, ეს ყველაფერი მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ამ პროცესს და ამ გზას გავივლით ღირსეულად, თუმცა, რა თქმა უნდა, არის დაბრკოლებებიც, რომელიც ხელოვნურად იქმნება, როგორც კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში იყო.
დღეს ახალი მოიფიქრეს და მოლაპარაკებების გახსნას იყენებენ შანტაჟის იარაღად, თუმცა ჩვენი მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა ხელიდან გამოაცალა შანტაჟის ყველა იარაღი იმ ადამიანებს, რომელიც გარედან ამ ტიპის განცხადებებს აკეთებთ. გინდათ? - ჩვენ მზად ვართ! გახსენით მოლაპარაკეები, ჩვენ მზად ვართ ამისთვის, მაგრამ შანტაჟი კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
17.11.2025.13:57
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს სრბუი გალიანს შეხვდა, რომელიც თბილისში ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში იმყოფება.
შეხვედრაზე საუბარი სომხეთსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს შეეხო.
განიხილეს საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობა სხვადასხვა ორმხრივ და საერთაშორისო ფორმატებში. ყურადღება დაეთმო საქართველოსა და სომხეთს შორის მართლმსაჯულების სფეროში ეფექტურ პარტნიორობას და ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის დამყარების, ასევე რეგიონის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების მნიშვნელობას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, საქართველოში სომხეთის ელჩი აშოტ სმბატიანი და სომხეთში საქართველოს ელჩი გიორგი შარვაშიძე ესწრებოდნენ.