6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტი აიკრძალება
პარლამენტში წარვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის მნიშვნელოვანი ეკოლოგიისთვის, ადამიანების ჯანმრთელობისთვის და ადამიანების კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად.
„საქართველოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში არის მნიშვნელოვნად და მკვეთრად გაზრდილი. 2012 წელს საქართველოში 864 000 ავტომობილი იყო რეგისტრირებული და წლევანდელი მონაცემებით ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა 2 მილიონს. ვხედავთ, რა მასშტაბის ზრდაზეა საუბარი. ავტომობილების რაოდენობის ასეთი ზრდა იწვევს, ერთი მხრივ, საგზაო მოძრაობის გადატვირთვას და მეორე მხრივ, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ აქაც ძალიან მნიშვნელოვანი ზომების მიღება არის აუცილებელი. ამისთვის ჩვენ პარლამენტში წარვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებას. რა თქმა უნდა, მცირე გამონაკლისები იქნება გათვალისწინებული. ვფიქრობთ, რომ არსებითად მნიშვნელოვანია 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილები არ იყოს შემოყვანილი ქვეყანაში. ეს არის მნიშვნელოვანი ეკოლოგიისთვის, ადამიანების ჯანმრთელობისთვის და ეს არის მნიშვნელოვანი ადამიანების კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად.
მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს მომზადებული კანონპროექტისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ინიციატივა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან განვიხილეთ მჭიდრო თანამშრომლობა და აზიის განვითარების ბანკის ჩართულობა ჩვენი ეკონომიკის ძირითად სექტორებში, ამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის საინვესტიციო პორტფელი 5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება - ირაკლი კობახიძე
06.03.2026.13:51
აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა და აზიის განვითარების ბანკის ჩართულობა ჩვენი ეკონომიკის ძირითად სექტორებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, თბილისში აზიის განვითარების ბანკის ახალი წარმომადგენლობის გახსნა კიდევ უფრო გააძლიერებს პარტნიორობას და ახალ შესაძლებლობებს შექმნის ინვესტიციებისა და განვითარებისთვის.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვმასპინძლობ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, მასატო კანდას. შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა და აზიის განვითარების ბანკის ჩართულობა ჩვენი ეკონომიკის ძირითად სექტორებში. ამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის საინვესტიციო პორტფელი 5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. თბილისში აზიის განვითარების ბანკის ახალი წარმომადგენლობის გახსნა კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს პარტნიორობას და ახალ შესაძლებლობებს შექმნის ინვესტიციებისა და განვითარებისთვის", - წერს ირაკლი კობახიძე.