გვწამს, რომ დიპლომატია უფრო პოზიტიური ინსტრუმენტია ეროვნული ინტერესების დასაცავად, ვიდრე უხეში პოლიტიკური ინტერესები, ამიტომ, მოთმინებით ველოდებით მშვიდობის დადგომას, როცა დიპლომატია მეტ ძალას შეიძენს - ირაკლი კობახიძე
გვწამს, რომ დიპლომატია უფრო პოზიტიური ინსტრუმენტია ეროვნული ინტერესების დასაცავად, ვიდრე უხეში პოლიტიკური ინტერესები, ამიტომ, მოთმინებით ველოდებით მშვიდობის დადგომას, როცა დიპლომატია მეტ ძალას შეიძენს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - “პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში“.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამჟამად პოლიტიკური ინტერესებია წარმმართველი, დიპლომატიის ინსტრუმენტების ნაცვლად და როგორც კი მშვიდობა აღდგება, დიპლომატია გადაწონის სხვა ფაქტორებს.
„დიპლომატიის ძალაზე საუბრისას უნდა გავმიჯნოთ მშვიდობიანობისა და ომიანობის პერიოდები. დიპლომატიას აბსოლუტურად განსხვავებული ძალა აქვს ამ ორ ვითარებაში, როდესაც ვადარებთ მსოფლიოში მოვლენათა განვითარების ამ ორ ეტაპს. ამჟამად გვიწევს ომის პირობებში არსებობა. ჩვენს ირგვლივ სხვადასხვა ომი მიმდინარეობს და ამ სიტუაციაში - ჩვენი გამოცდილებით - შემიძლია ვთქვა, რომ დიპლომატიის ძალა ძალიან სუსტია.
შემიძლია გითხრათ, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტში ჩართვის თხოვნით მოგვმართეს. მეორე თხოვნით 2022 წლის თებერვლის ბოლოს მოგვმართეს. ამ საკითხთან მიმართებით საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური წნეხი საკმაოდ უხეში იყო. ეს სიტუაცია, რა თქმა უნდა, არ იყო ქვეყნის ხელშემწყობი. ძალიან ინტენსიური პოლიტიკური ბრძოლის წარმოება მოგვიწია საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად და საქართველოში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ეს მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლა იყო, დიპლომატიის ძალის გარეშე.
დღემდე ვიმყოფებით ამ გამოწვევების წინაშე: ჩვენი ქვეყნის მშვიდობისთვის და კეთილდღეობისთვის ბრძოლაზე გვიწევს აქცენტირება, ვიდრე სხვადასხვა ქვეყანასთან დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებაზე. შემიძლია ისიც გითხრათ, რომ კონკრეტულ ქვეყნებში საქართველოს ელჩები საქმის გარეშე არიან დარჩენილნი, რადგან ამ ეტაპზე შეუძლებელია ამ კონკრეტულ ქვეყნებთან ურთიერთობა. ისინი ხშირად ჩივიან ამის თაობაზე, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით მათ, რომ მშვიდობიან პერიოდს უნდა დაველოდოთ. როგორც კი მშვიდობა აღდგება, დიპლომატია, რა თქმა უნდა, მთავარ ადგილს დაიკავებს.
ამჟამად პოლიტიკური ინტერესებია წარმმართველი, დიპლომატიის ინსტრუმენტების ნაცვლად და როგორც კი მშვიდობა აღდგება - აბსოლუტურად დარწმუნებულნი ვართ, რომ - დიპლომატია გადაწონის სხვა ფაქტორებს. ნამდვილად გვწამს, რომ დიპლომატია უფრო პოზიტიური ინსტრუმენტია ეროვნული ინტერესების დასაცავად, ვიდრე უხეში პოლიტიკური ინტერესები. ამიტომ, მოთმინებით ველით მშვიდობის დადგომას, როცა დიპლომატია მეტ ძალას შეიძენს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
ცესკოს თავმჯდომარემ ეუთო/ოდირის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
13.11.2026.11:42
„ონლაინ საარჩევნო კამპანიის სივრცის დაცვა: რეგულირების მიღმა არსებული მიდგომები“ - იყო ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრის განხილვის მთავარი თემა, რომელშიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და ამავე უწყების საერთაშორისო ურთიერთობის და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე იღებდნენ მონაწილეობას.
ღონისძიება ორ სამუშაო სესიას მოიცავდა. პირველი სესიის ფარგლებში მონაწილეებმა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და არჩევნების მთლიანობის დაცვის მიმართულებით სახელმწიფოების მზადყოფნასა და მედიაწიგნიერების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მეორე სესიაზე კი უშუალოდ შეფასდა ონლაინ საარჩევნო კამპანიის წარმოების პერიოდში, არსებული ქცევის კოდექსების გამოყენების გამოცდილება და მიღებული შედეგები.
სამუშაო შეხვედრამ ეუთოს წევრი ქვეყნების დელეგატებს, საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს, საარჩევნო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საშუალება მისცა ემსჯელათ ისეთ მნიშვნელოვან თემებსა და ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმაც შესაძლებელია რეგულირების ფარგლებს მიღმა, საარჩევნო კამპანიების წარმოების, ახალი საფრთხეების, დეზინფორმაციისა და მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა პანელურ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებაზე ისაუბრა.
“საერთაშორისო სამუშაო შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ეუთოს წევრ ქვეყნებს ძირითადად აქვთ საერთო გამოწვევები, რომელიც, რა თქმა უნდა, უკავშირდება ციფრულ დეზინფორმაციას, მანიპულაციას და მისგან მიღებულ შედეგებს, ასევე დაგვანახა რომ ის მიდგომები, რომლებსაც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით იყენებს, არის მეტნაკლებად ერთგვაროვანი, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა შესაძლებლობას იყენებს, რათა საზოგადოებამდე მიიტანოს სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია, რაც ხელს უწყობს საარჩევნო გარემოს დაცვასა და ამომრჩევლებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას“, -განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარემ ასევე გამართა შეხვედრა ალექსანდრე მაისურაძესთან, რომელიც ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ასევე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელია. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ვიზიტის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. ასევე ისაუბრეს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში საარჩევნო ადმინისტრაციის ჩართვისა და მონაწილეობის შესაძლებლობებზე. აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ეკატერინე ზოდელავა და ცესკოს საერთაშორისო ურთიერთობის და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე.
სამუშაო შეხვედრა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში 10 ნოემბერს, გაიმართა. გიორგი კალანდარიშვილი და თამარ კაპანაძე აღნიშნულ ღონისძიებაში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მიწვევით იღებდნენ მონაწილეობას.