2026 წლის მეორე ნახევრიდან ამოქმედდება ცენტრალიზებული შესყიდვების უწყება, რომელიც დაკომპლექტდება კეთლსინდისიერი და პროფესიონალი ადამიანებით, ეს არის მათ შორის ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნა, ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი ვალდებულება - ლევან ჟორჟოლიანი
ჩვენ გვინდა, რომ მომავალი წლის ივნისიდან ავამოქმედოთ ცენტრალიზებული შესყიდვების უწყება - ეს არის, მათ შორის, ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნა, ასოცირების შესახებ შეთანხმების ერთ-ერთი ვალდებულება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „იმედის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, იარსებებს ცენტრალიზებული შესყიდვების ერთი ორგანო და მარჟები კონკრეტული მომსახურების თუ საქონლის მიმართულებით იქნება დადგენილი.
„გვსურს, რომ მომავალი წლის ივნისიდან ავამოქმედოთ ცენტრალიზებული შესყიდვების უწყება - ეს არის, მათ შორის, ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნა, ასოცირების შესახებ შეთანხმების ერთ-ერთი ვალდებულება. როგორც იცით, ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ ყველა იმ ვალდებულებას შევასრულებთ, რაც ასოცირების შეთანხმებიდან გვაქვს აღებული. რეალურად, ქვეყანასაც სჭირდება ეს. იარსებებს ცენტრალიზებული შესყიდვების ერთი ორგანო და კონკრეტული მომსახურებისა, თუ საქონლის მიმართულებით იქნება კონკრეტული მარჟები დადგენილი. მაგალითად, თუ საქმე ეხება ლეპტოპის შესყიდვას, თუკი ამ ლეპტოპების საერთო ღირებულება არის 500 000, ან 1 მლნ, უკვე ეს უწყება იყიდის და არა კონკრეტული სამინისტრო. პასუხისმგებელი იქნება ერთი უწყება, ერთი ადამიანი და ეს უწყება, რასაკვირველია, დაკომპლექტდება ძალიან კეთლსინდისიერი და ძალიან პროფესიონალი ადამიანებით, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ სახელმწიფო საჯარო შესყიდვების მიმართულებით. შესაბამისად, ყველა დიდი შესყიდვა გადმოვა აქეთ მხარეს და ეს სამინისტროებისთვისაც, კონკრეტული სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ებისთვისაც ძალიან კომფორტულია, იმიტომ რომ ფაქტობრივად პასუხისმგებლობას აიღებს ეს უწყება. გააკეთებენ შეკვეთას და ეს უწყება გააკონტროლებს - ხომ არ არის პირობები მორგებული, ბაზრის კვლევას, ყველაფერს თვითონ გააკეთებს და ტექნიკურ პირობებსაც თვითონ ნახავს", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
მისი თქმით, ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანო ასევე განახორციელებს მონიტორინგს მიწოდებასთან და ხელშეკრულების პირობების შესრულებასთან დაკავშირებით.
„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მონიტორინგის ნაწილი - შეიძლება ტენდერი შედგეს, ხელშეკრულებას ხელი მოეწეროს, მაგრამ ამის შემდეგ მონიტორინგია ძალიან მნიშვნელოვანი. ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანო განახორციელებს მონიტორინგს მიწოდებასთან და ხელშეკრულების პირობების შესრულებასთან დაკავშირებით. ამაში ჩართული იქნება ასევე მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი. ასევე, გარკვეული ხარვეზები გვქონდა შემდგომი ხელშეკრულებების მართვასთან დაკავშირებით, იგივე ვადაგადაცილებებთან, ვადის გაგრძელებასთან, პირგასამტეხლოს დარიცხვის ნაწილში როგორი პოლიტიკა უნდა იყოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს ხელშეკრულების ხარისხიანი შესრულება და ასევე ჯარიმებმა, რაც ეკისრება კომპანიებს, არ უნდა გააჩეროს კომპანია. ძალიან მნიშვნელოვანია, სწორი პოლიტიკა არსებობდეს ჯარიმების დარიცხვაზე. ჯარიმა არ შეიძლება, იყოს თვითმიზანი. ამ ყველაფრის მონიტორინგსაც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტთან ერთად გააკეთებს ცენტრალიზებული შესყიდვების სააგენტო, რომელიც 2026 წლის მეორე ნახევრიდან ამოქმედდება. ჩვენი მიზანია, დიდი შესყიდვები მთლიანად ამ უწყებამ გადაიბაროს და პასუხისმგებელი იყოს ამაზე და თუკი რაიმე ხარვეზი იქნება, ამ უწყებას მოვთხოვოთ და გარდა ამისა, გავაკონტროლოთ თუ რამდენად სწორად იმართება ხელშეკრულებები", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა
11.12.2025.16:43
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა. თურქმენეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ყურადღება დაეთმო სატრანზიტო-ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და შუა დერეფნის მეშვეობით ცენტრალური აზიიდან საქართველოს საზღვაო პორტების მიმართულებით დამატებითი ტვირთების მოზიდვის პოტენციალს.
პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, საქართველომ ხელი შეუწყოს თურქმენული გაზის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირებას.
ირაკლი კობახიძემ თურქმენეთის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.
ირაკლი კობახიძემ სერდარ ბერდიმუჰამედოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.