2026 წლის ბიუჯეტიდან ყველაზე მეტ თანხას სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯავთ, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა
დარწმუნებული ვარ, ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ქალაქი მომავალ წლებში იქნება უფრო მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე, - განაცხადა დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
კახა კალაძემ ისაუბრა დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის შესახებ, რომელიც საკრებულომ გუშინ დაამტკიცა და აღნიშნა, რომ მომავალ წელს ფინანსები მიემართება იმ პროექტებისკენ, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობასა და კომფორტს ეხება.
„გუშინ თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ვისაც გახსოვთ, 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტის მოცულობა, დაახლოებით, 861 მლნ ლარს შეადგენდა. ამის შემდეგ თანდათანობით, დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდებოდა, რაც საშუალებას გვაძლევდა, ქალაქში ხელშესახები ცვლილებები განხორციელებულიყო. გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირია: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები (სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით) – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი.
„მომავალ წელსაც პრიორიტეტული მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ნაწილი - გზები, ხიდები, სკვერები, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და ა.შ., მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტ თანხას კი, რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯავთ, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და კომფორტისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ამასთან, კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იმ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი 2026 წელს განახორციელებს.
„გუშინაც დეტალურად ვისაუბრეთ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილ მსხვილ და ახალ პროექტებზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომავალი წელი აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი, რადგან განხორციელდება: სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება/მშენებლობა; სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია (მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია); ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია; ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა; ავარიული სახლების ჩანაცვლება; ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ჩათვლით) და ბევრი სხვა პროექტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს, ცენტრალურ ხელისუფლებას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.
„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, ფინანსთა მინისტრს, რადგან მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების ბოლომდე მიყვანა. მადლობას ასევე იმსახურებენ ჩვენი უწყების თანამშრომლები, რადგან მათი დაუღალავი შრომისა და ერთგულების გარეშე, წარმატებაზე საუბარი წარმოუდგენელია.
მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი საკუთარ აგურს დებს ქალაქის აღმშენებლობის საქმეში, რაც მე, როგორც თბილისის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს, მეამაყება. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ძლიერი, პროფესიონალი, საქმესა და ქალაქზე შეყვარებული, ერთგული ადამიანები. ყველაფერი, რაც ბოლო წლებში გაკეთდა და რაც დაგეგმილია, ჩვენი თითოეული თანამშრომლის დიდი დამსახურებაა. ამ გაკეთებულ საქმეებში უზარმაზარი შრომაა ჩადებული. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ქალაქი მომავალი წლების განმავლობაში იქნება უფრო მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
სხვა სიახლეები
პრემიერის ინიციატივა დაბალინფლაციური გარემოს შენარჩუნებას და ფასების სტაბილურობას შეუწყობს ხელს - ნათია თურნავა
24.12.2025.18:49
პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინიციატივა და ასეთი ტიპის მონიტორინგი ცალსახად ხელს შეუწყობს ქვეყანაში დაბალინფლაციური გარემოს შემდგომ შენარჩუნებას და ფასების სტაბილურობის მეტად უზრუნველყოფას, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ.
მისივე შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა მიმართულია საცალო ვაჭრობის სფეროში ფასწარმოქმნის მეტი გამჭვირვალობისკენ, მეტი ლოგიკისკენ და პრევენციისკენ, რომ სამართლიანი კონკურენციის პირობები არ დაირღვეს და მომხმარებლების ინტერესები მეტად იყოს დაცული."ქვეყანაში ფასების სტაბილურობის შენარჩუნება ეს ეროვნული ბანკის საზრუნავია, ჩვენ ამისთვის კონკრეტული ბერკეტი გაგვაჩნია და ეს არის საპროცენტო განაკვეთი. აღნიშნულის მართვით კი, ვცდილობთ ზეგავლენა მოვახდინოთ ინფლაციაზე და საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მიზნობრივის ირგვლივ ვიქონიოთ. როგორიც არ უნდა იყოს ეროვნული ბანკის საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებული პოლიტიკა მხოლოდ ამ ბერკეტით შესაძლოა გაჭირდეს ფასების სტაბილურობის შენარჩუნება თუკი ჩვენი მცირე ზომის ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტში კონკურენცია დაირღვევა. ჩვენ დარწმუნებული ვართ ეს ინიციატივა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ინფლაციური მოლოდინების უკეთ მართვასა და დაბალინფლაციური გარემოს შენარჩუნებაში. ეს არის სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო პრაქტიკასთან, არსებობს შესაბამისი დირექტივები. ეს არ ნიშნავს თავისუფალი ბაზრის პრინციპებში ჩარევას. მთავრობის ვალდებულებაა, რომ იქ სადაც არსებობს ეჭვი სამართლიანი კონკურენციის დარღვევის, კარტერული გარიგებებისა, თუ არალოგიკური ფასნამატების მიმართულებით, - აუცილებელია ქმედება", - აცხადებს ნათია თურნავა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, რომ მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ. მისივე თქმით, წინასწარი ანალიზის საფუძველზე, შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასნამატს და შესაბამისად, მაღალ ფასებს განაპირობებს. მათ შორის, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ.