2025 წლის ბიუჯეტი შესრულდა გადაჭარბებით შემოსავლის ყველა კატეგორიაში, 2026 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 36 300 000 000 ლარამდე, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე წელს 8 მლრდ ლარზე მეტი მიიმართება - ირაკლი კობახიძე
2025 წლის ბიუჯეტი რომ შევაჯამოთ, შესრულდა გადაჭარბებით შემოსავლის ყველა კატეგორიაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, შემოსულობების ჯამურმა მაჩვენებელმა 32 400 000 000 ლარს გადააჭარბა, რაც იყო გეგმის 100.9%.
„კონკრეტულად საგადასახადო შემოსავლებიც გადაჭარბებით შესრულდა, რომელმაც 25.5 მლრდ ლარზე მეტი შეადგინა. აქაც, გეგმა არის გადაჭარბებით შესრულებული.
გასულ წელს ასევე მივაღწიეთ საბიუჯეტო დეფიციტის ისტორიულ მინიმუმს. მან შეადგინა მთლიანი შიდა პროდუქტის 1.4%. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შემცირდა მთავრობის ვალის მაჩვენებელი, მისმა მოცულობამ გასული წლის ბოლოსთვის შეადგინა მთლიანი შიდა პროდუქტის 34.4%. მინდა შეგახსენოთ, რომ 2020 წელს ჩვენმა ვალმა 60%-ს გადააჭარბა. ეს მაჩვენებელი არის ჩამოსული მთლიანი შიდა პროდუქტის 34.4%-მდე. ამ პროცენტული წილის შემცირება არის დაგეგმილი მიმდინარე წელსაც. წლის ბოლოს გვექნება კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებელი.
2026 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 36 300 000 000 ლარამდე, რაც გასული წლის ფაქტობრივ მაჩვენებელს 4 300 000 000 ლარით აღემატება. კონკრეტულად ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ცალკე მინდა აღვნიშნო, წელს 8 მლრდ ლარზე მეტი მიიმართება“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ფინანსთა მინისტრს ძალიან მნიშვნელოვანი გაწეული სამუშაოსთვის, რისი შედეგიც არის ბიუჯეტის სათანადოდ შესრულება და ახალი ბიუჯეტის სათანადოდ დაგეგმვა.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროსთან აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
16.04.2026.15:15
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო შესაძლებლობებს. მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ეკონომიკური განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. ხაზგასმით აღინიშნა მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობისა და დიალოგის მნიშვნელობა, განსაკუთრებით მსოფლიოში უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების გათვალისწინებით.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და გაეროს შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ყურადღება გამახვილდა „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რომელსაც გაერო-ს გენერალური ასამბლეა ყოველწლიურად იღებს.
მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე და გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.