2025 წელს მთაწმინდის რაიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების ბიუჯეტმა 24 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა - ზურაბ აბაშიძე
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე მიმდინარე წელს მთაწმინდის რაიონში განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების შესახებ ანგარიშის წარდგენას დაესწრო.
თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ მთაწმინდის რაიონში 2025 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების ღირებულებამ 24 054 468 ლარი შეადგინა.
„2025 წელს მთაწმინდის რაიონში განხორციელდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები, რომელთა საერთო ბიუჯეტმა 24 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. გზების რეაბილიტაცია, გამწვანება, სკვერებისა და სპორტული მოედნების განახლება, საცხოვრებელი სახლების გამაგრება - ეს ის კონკრეტული შედეგებია, რომლებიც პირდაპირ აისახება მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მნიშვნელოვანია, რომ უკვე წარმოდგენილია 2026 წლის გეგმებიც, რაც კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელების შესაძლებლობას გვაძლევს. მადლობა მთაწმინდის რაიონის გამგებელს, დავით კირკიტაძეს, გამგეობის გუნდს და ყველა იმ უწყებას, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართული“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
პრეზენტაციაზე მთაწმინდის გამგებელმა დავით კირკიტაძემ საზოგადოებას 2025 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.
ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წელს მთაწმინდის რაიონში კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა ჯამში 23 730 კვ.მ ფართობის გზის საფარი, აქედან შემოერთებულ ტერიტორიებზე შეკეთდა კაპიტალურად 10 ქუჩა. აშენდა გრუნტის დამჭერი 4 კედელი. კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდა 143 მისამართზე, გამწვანებისა და მცენარეთა მოვლა-პატრონობის სამუშაოები - 403 მისამართზე, 48 მისამართზე სკვერებსა და სპორტულ მოედნებს ჩაუტარდა აღდგენითი სამუშაოები. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 2025 წლის განმავლობაში განხორციელდა 129 პროექტი, მათ შორის კაპიტალურად გამაგრდა 3 ავარიული საცხოვრებელი სახლი. 35 მისამართზე სახლის სახურავი, ხოლო წყალარინების ქსელი 20 მისამართზე შეიცვალა. მოსახლეობის ჩართულობით გაიმართა სხვადასხვა სახის 8 კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიება.
ანგარიშის წარდგენას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე, მთაწმინდის რაიონის მოსახლეობა და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
პრეზენტაციაზე 2026 წლისთვის დაგეგმილ მნიშვნელოვან, მასშტაბურ პროექტებზეც ისაუბრეს, რომელთა განხორციელება შემდეგ წელს გაზრდილი ბიუჯეტით იქნება შესაძლებელი.
სხვა სიახლეები
უწმინდესს ილია II-ს უდიდესი დამსახურება მიუძღვის აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებისა და განმტკიცების საქმეში - ილჰამ ალიევი
18.03.2026.13:12
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
„პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ჩვენი დროის გამოჩენილი რელიგიური მოღვაწის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი.
უწმინდესმა ილია II-მ მთელი თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა საკუთარ ხალხსა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ მიმართულ კეთილშობილურ მიზნებს მიუძღვნა. კავკასიაში მშვიდობის, სტაბილურობის, ადამიანებს შორის სოლიდარობის, რელიგიათაშორისი ურთიერთგაგებისა და დიალოგის დამკვიდრების საქმეში გაწეული ძალისხმევით, ილია II-მ, ეროვნული და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, მილიონობით ადამიანის გულში დაიმკვიდრა ადგილი და მოიპოვა ღრმა პატივისცემა და სიმპათია.
უწმინდესს ილია II-ს უდიდესი დამსახურება მიუძღვის აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებისა და განმტკიცების საქმეში.
ვიზიარებ ამ მძიმე დანაკლისით გამოწვეულ მწუხარებას და პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით ღრმა სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, სრულიად საქართველოს მოსახლეობასა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.