ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2024/2025 წლების არჩევნების ანგარიშისა და ახალი ვებპლატფორმის „დეზინფორმაციის რეესტრის“ პრეზენტაცია გაიმართა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 2024/2025 წლების არჩევნების ანგარიშისა და ახალი ვებპლატფორმის „დეზინფორმაციის რეესტრის" პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას პარტნიორი სახელმწიფო და კერძო უწყებების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. მან მოწვეულ სტუმრებს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოების საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ანგარიში წარუდგინა. ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა აღნიშნული არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირების მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციამ საქმიანობა 2023-2026 წლების სტრატეგიის შესაბამისად წარმართა, რომელიც სამ მთავარ პრიორიტეტს მოიცავდა - საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, ინსტიტუციური გაძლიერება და ტექნოლოგიური განვითარება. ცესკოს თავმჯდომარის განმარტებით, ანგარიშის საჯაროდ წარდგენა წარმოადგენს ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და ინსტიტუციური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს და ემსახურება საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობის განმტკიცებას.
როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ორივე საერთო არჩევნებისას საარჩევნო ადმინისტრაციამ ადმინისტრირება გაუწია ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს, სადაც ამომრჩეველთა თითქმის 90 პროცენტისთვის იყო კენჭისყრაში ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით მონაწილეობის შესაძლებლობა უზრუნველყოფილი. უპრეცედენტო მასშტაბის სამუშაოების ჩატარების შედეგად საარჩევნო პროცესი ყველა ეტაპზე იყო სწორად დაგეგმილი და ორგანიზებული. საარჩევნო ადმინისტრაციამ უზრუნველყო ტექნოლოგიების წარმატებით დანერგვა და ორივე არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება.
ღონისძიების მეორე ნაწილი „დეზინფორმაციის რეესტრის" პრეზენტაციას დაეთმო. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ვებპლატფორმა საარჩევნო პროცესების მიმართ ინფორმაციული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნა. ახალი ვებგვერდი disinfo.cec.gov.geპასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც უკავშირდება დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას და უარყოფით გავლენას ახდენს საარჩევნო გარემოზე.
რეესტრი წარმოადგენს საჯარო, გამჭვირვალე და სისტემატიზებულ პლატფორმას, სადაც თავმოყრილია ის დეზინფორმაციული განცხადებები და ნარატივები, რომელთა მიზანია საზოგადოებაში არასწორი აღქმების ჩამოყალიბება და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია.
აღსანიშნავია, რომ რეესტრში დეზინფორმაციასთან ერთად წარმოდგენილია შესაბამისი, გადამოწმებული და ფაქტებზე დამყარებული ზუსტი ინფორმაცია, რაც მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სანდო ინფორმაცია პირველწყაროდან. პლატფორმა ხელს უწყობს საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებას და საარჩევნო პროცესების შესახებ ობიექტური აღქმის ჩამოყალიბებას.
ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „დეზინფორმაციის რეესტრი" სხვა საშუალებებთან ერთად წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს ღია კომუნიკაციის, პრევენციისა და ნდობაზე დაფუძნებული საარჩევნო გარემოს შესაქმნელად და მისი განვითარება მომავალშიც გაგრძელდება.
სხვა სიახლეები
უწმინდესს ილია II-ს უდიდესი დამსახურება მიუძღვის აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებისა და განმტკიცების საქმეში - ილჰამ ალიევი
18.03.2026.13:12
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
„პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ჩვენი დროის გამოჩენილი რელიგიური მოღვაწის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი.
უწმინდესმა ილია II-მ მთელი თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა საკუთარ ხალხსა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ მიმართულ კეთილშობილურ მიზნებს მიუძღვნა. კავკასიაში მშვიდობის, სტაბილურობის, ადამიანებს შორის სოლიდარობის, რელიგიათაშორისი ურთიერთგაგებისა და დიალოგის დამკვიდრების საქმეში გაწეული ძალისხმევით, ილია II-მ, ეროვნული და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, მილიონობით ადამიანის გულში დაიმკვიდრა ადგილი და მოიპოვა ღრმა პატივისცემა და სიმპათია.
უწმინდესს ილია II-ს უდიდესი დამსახურება მიუძღვის აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებისა და განმტკიცების საქმეში.
ვიზიარებ ამ მძიმე დანაკლისით გამოწვეულ მწუხარებას და პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით ღრმა სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, სრულიად საქართველოს მოსახლეობასა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.