150 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა
დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, მორიგი განკარგულება დაამტკიცა, რომლის მიხედვით, კიდევ 150 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცემა საცხოვრებელ ბინები საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისში, ქუთაისში, წყალტუბოში, მცხეთაში, გორში, მარნეულსა და ზუგდიდში - ჯამში 153 ერთეული ქონება დევნილ ოჯახებს დაუკანონდებათ.
გადასაცემ ქონებაზე სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში შუამდგომლობა წარადგინა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, შესაბამისად, ამ ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობისთვის, საქართველოს მთავრობამ, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღო გადაწყვეტილება, საცხოვრებელი ფართები საკუთრების უფლებით მათ ფაქტობრივ მფლობელებს დაუკანონდეთ.
საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს დევნილი ოჯახების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა. შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მათი, როგორც საცხოვრებელი ბინებითა და დამხმარე ფართებით, ასევე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებით უზრუნველყოფა და ეს პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. მთავრობის ამოცანაა, არც ერთი დევნილი ოჯახი არ დარჩეს სახელმწიფოს ყურადღების გარეშე.
სხვა სიახლეები
ბიძინა ივანიშვილმა ბიზნეს ცენტრში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლა
06.04.2026.19:31
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ბიზნეს ცენტრში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლა.
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ლევან ჟორჟოლიანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზურაბ პატარიძე.
ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა საქართველოში ნაყოფიერი ვიზიტისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრული ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა, რაც სასიკეთო და სარგებლის მომტანია ორივე ქვეყნისათვის.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ღრმა და ყოვლისმომცველი ეკონომიკური ურთიერთობის მნიშვნელობას, სატრანზიტო დერეფნის მაქსიმალურად ათვისების პოტენციალს და აღნიშნა, რომ მჭიდრო პარტნიორობა საერთო ჯამში ერთნაირად ემსახურება როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის ეროვნულ ინტერესებს.
ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული მშვიდი და სტაბილური ვითარების მხარდაჭერისთვის, ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გამოწვევებით აღსავსე გარემოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ორი ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელებმა მაქსიმალური ძალისხმევის ფასად შეინარჩუნონ მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ენერგეტიკის სექტორში მჭიდრო პარტნიორობას და სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებს, რასაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ. აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც საკვანძო როლს ასრულებს რეგიონული კავშირების უზრუნველყოფაში. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო კვლავ არის ღია აზერბაიჯანული ინვესტიციებისთვის, რაც ბოლო წლების განმავლობაში აქტიურ ზრდას განაგრძობს.
ილჰამ ალიევმა ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი, სტაბილური და საინტერესო ადგილი ინვესტიციებისთვის. პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა ორმხრივ პროექტებზე, ენერგეტიკული დერეფნის მნიშვნელობასა და საქართველოს აქტიურ ჩართულობაზე აზერბაიჯანული ბუნებრივი რესურსების ექსპორტის პროცესში. ილჰამ ალიევმა დაადასტურა მზაობა, რომ ერთობლივად გაგრძელდეს მუშაობა რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებისათვის. ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოში დასრულებულია.