14-17 აპრილის სასესიო კვირაში პარლამენტი ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენს
14-17 აპრილის სასესიო კვირაში, პარლამენტი ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს მოუსმენს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ინტერპელაციის წესით დასმული შეკითხვები ფრაქციამ „საქართველოსთვის" წარადგინა.
ბიუროს გადაწყვეტილებით, საპარლამენტო კომიტეტებში ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა დაიწყება, მათ შორისაა: გრანტების შესახებ" კანონში ცვლილება.
პროექტის თანახმად, გრანტად არ მიიჩნევა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.
კანონპროექტის განხილვა ბიუროს გადაწყვეტილებით დაჩქარებული წესით მოხდება.
პარლამენტი ასევე დაჩქარებული წესით იმსჯელებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში ცვლილებაზეც.
კანონპროექტის თანახმად, ინერგება ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა. აღნიშნული კატეგორიის მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა 5 წლის მოქმედების ვადით და საქართველოში ყოფნის 1 წლის ვადით. C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა გაიცემა მოკლევადიანი მიზნებით საქართველოში მომავალ პირზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის ტურისტული მიზნით და რომელსაც ასევე აქვს უფლება განახორციელოს საქმიანობა მხოლოდ არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ თუ ის უკავშირდება არარეზიდენტი პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობის განხორციელებას. ამ კატეგორიის ვიზა ასევე გაიცემა პირის მეუღლესა და არასრულწლოვან შვილზე/შვილებზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს განსახილველი და საორგანიზაციო საკითხებიც გააცნო.
სხვა სიახლეები
ბიძინა ივანიშვილმა ბიზნეს ცენტრში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლა
06.04.2026.19:31
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ბიზნეს ცენტრში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლა.
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ლევან ჟორჟოლიანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზურაბ პატარიძე.
ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა საქართველოში ნაყოფიერი ვიზიტისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრული ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა, რაც სასიკეთო და სარგებლის მომტანია ორივე ქვეყნისათვის.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ღრმა და ყოვლისმომცველი ეკონომიკური ურთიერთობის მნიშვნელობას, სატრანზიტო დერეფნის მაქსიმალურად ათვისების პოტენციალს და აღნიშნა, რომ მჭიდრო პარტნიორობა საერთო ჯამში ერთნაირად ემსახურება როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის ეროვნულ ინტერესებს.
ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული მშვიდი და სტაბილური ვითარების მხარდაჭერისთვის, ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გამოწვევებით აღსავსე გარემოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ორი ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელებმა მაქსიმალური ძალისხმევის ფასად შეინარჩუნონ მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ენერგეტიკის სექტორში მჭიდრო პარტნიორობას და სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებს, რასაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ. აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც საკვანძო როლს ასრულებს რეგიონული კავშირების უზრუნველყოფაში. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო კვლავ არის ღია აზერბაიჯანული ინვესტიციებისთვის, რაც ბოლო წლების განმავლობაში აქტიურ ზრდას განაგრძობს.
ილჰამ ალიევმა ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი, სტაბილური და საინტერესო ადგილი ინვესტიციებისთვის. პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა ორმხრივ პროექტებზე, ენერგეტიკული დერეფნის მნიშვნელობასა და საქართველოს აქტიურ ჩართულობაზე აზერბაიჯანული ბუნებრივი რესურსების ექსპორტის პროცესში. ილჰამ ალიევმა დაადასტურა მზაობა, რომ ერთობლივად გაგრძელდეს მუშაობა რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებისათვის. ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოში დასრულებულია.