12:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე 602 445 ამომრჩეველი მივიდა - ცესკო
12:00 საათისთვის თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 17.15 პროცენტს შეადგენს, – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე.
ცესკოს ცნობით, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში გრძელდება.
„სანამ აქტივობის შესახებ მოგაწვდიდეთ ინფორმაციას, ყურადღება მინდა გავამახვილო იმ ინფორმაციაზე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი ჩვენთვის - ცესკოს სახელით მოქალაქეებს ურეკავენ, თითქოსდა იმის გადასამოწმებლად, იყვნენ თუ არა არჩევნებზე. რაც, თავის მხრივ, ჰგავს სხვადასხვა პროვოკაციული განცხადებისთვის მზადებას ცესკოს სახელით.
კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ მსგავსი სატელეფონო ზარები საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან არ განხორციელებულა. როგორც ჩანს, გარკვეული პირები მიზანმიმართულად იყენებენ ცესკოს სახელს ინსტიტუციის დაზიანების მიზნით და მსგავსი მანიპულაციებით ცდილობენ ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანას. მოვუწოდებთ ყველას, ნუ გამოიყენებენ ცესკოს სახელს და ნუ დააზიანებენ საარჩევნო გარემოს.
ახლა კი გაგაცნობთ ინფორმაციას აქტივობის შესახებ, 12:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე 602 445 ამომრჩეველი მივიდა. ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეშია.
ასევე გაცნობებთ, რომ ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივარი არ შესულა“,- განაცხადა ნათია იოსელიანმა.
სხვა სიახლეები
04.10.2025.18:17
უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში, ფიქსირდება 70 პროცენტზე მაღალი შედეგი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო თითქმის 1,200,000-მა ამომრჩეველმა, რაც, პრინციპულად, თანხვედრაშია 2014 და 2017 წლების ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების აქტივობის მაჩვენებლებთან.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის სახელით, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც უკვე გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე. ამასთან, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამომრჩევლებს აქტიურობისკენ. თითოეული ამომრჩევლის ხმას შეაქვს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი ქვეყნის და თითოეული მუნიციპალიტეტის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებაში.
მოხარული ვართ, რომ არჩევნები ტარდება მშვიდ ვითარებაში. ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა, მშვიდად, ყოველგვარი სახის ზეწოლისგან და ზემოქმედებისგან თავისუფალ გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი.
გაცნობებთ, რომ ჩვენი საარჩევნო შტაბების მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იგებს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში. მეტიც, ჩვენი საარჩევნო შტაბების მონაცემებით, უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში, ფიქსირდება 70 პროცენტზე მაღალი შედეგი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.
ხალხის ესოდენ მაღალ ნდობას ძალიან ვაფასებთ და კიდევ ერთხელ ვიძლევით პირობას, რომ ამ ნდობის გასამართლებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ“, - აღნიშნა პრემიერმა.