ფინანსების დაცვა | თაღლითობა საბანკო ბარათის, ბანკომატისა და პოსტერმინალის გამოყენებით
თუ ყურადღებასა და სიფრთხილეს არ გამოიჩენთ, თაღლითებმა შესაძლოა თქვენი საბანკო ბარათი ან ბარათის მონაცემები მაშინ მოიპარონ, როდესაც თქვენ ბანკომატით ან პოსტერმინალით სარგებლობთ.
ხშირად მომხმარებლები თავიანთ საბანკო ბარათს უყურადღებოდ ტოვებენ, რაც ხელსაყრელია თაღლითებისთვის. არ დატოვოთ ბარათი და ფინანსური დოკუმენტები მაგიდაზე სამსახურში ან სკოლაში, მანქანაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც მასზე ხელი ბევრ ადამიანს მიუწვდება. ამასთან, არ გაგზავნოთ ბარათის სრული მონაცემები - ნომერი, ვადა, უსაფრთხოების კოდი - ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით და არ გაუზიაროთ ეს მონაცემები თქვენს მეგობრებსაც კი.
ბანკომატით სარგებლობისას მნიშვნელოვანია სიფრთხილე გამოიჩინოთ: არ დაუშვათ, რომ სხვა ადამიანი თქვენთან ზედმეტად ახლოს იდგეს და ხედავდეს, თუ რა კოდს კრეფთ, დაფარეთ ბანკომატის კლავიატურა, როდესაც მას იყენებთ და დარწმუნდით, რომ ბანკომატის მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის დაყენებული ისეთი კამერა, რომელიც ბანკს არ ეკუთვნის და რომელმაც შესაძლოა თქვენი ბარათის მონაცემები დააფიქსიროს და ჩაიწეროს. დაბოლოს, მიაქციეთ ყურადღება, რომ ბარათი ან ფული სიჩქარეში შემთხვევით ბანკომატში არ დაგრჩეთ.
აქვე, მნიშვნელოვანია ვისაუბროთ „სკიმინგზე“, რომელიც ფინანსური თაღლითობის ერთ-ერთი საყურადღებო ფორმაა. სკიმინგის დროს ბანკომატზე ან პოსტერმინალზე მონტაჟდება სპეციალური მოწყობილობა - სკიმერი, რომელიც ბარათის მონაცემებს (პინკოდი, ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა, უსაფრთხოების კოდი) იპარავს, რასაც თაღლითი შემდგომში თანხის მისათვისებელად იყენებს.
„სკიმინგისგან“ თავის დაცვის მიზნით, ბანკომატის გამოყენებისას დარწმუნდით, რომ ბანკომატი განათებულ ადგილასაა განთავსებული, არ ემჩნევა დაზიანებები და რომ უშუალოდ ბანკომატზე არ არის დამონტაჟებული საეჭვო მოწყობილობები. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ბანკომატის გამოყენება უსაფრთხოა, მაშინ აჯობებს თავი შეიკავოთ მისი გამოყენებისგან, პრობლემის არსებობის შესახებ კი დაუყოვნებლივ აცნობოთ ბანკს.
პოსტერმინალით სარგებლობის დროსაც უნდა დაიცვათ უსაფრთხოების ზომები: დარწმუნდით, რომ მას არ ემჩნევა დაზიანებები. ამასთან, მოითხოვეთ, რომ ტრანზაქცია ჩატარდეს თქვენი თანდასწრებით და არასდროს გაატანოთ ბარათი მომსახურე პერსონალს (მათ შორის ბენზინგასამართ სადგურებზე, რესტორნებში და სხვა), რამდენადაც ამ დროს ჩნდება რისკი, რომ თქვენი ბარათის მონაცემები მოიპარონ (რაც, არამხოლოდ სპეციალური მოწყობილობებით, არამედ ძალიან მარტივად, ფოტოს გადაღებით ან მონაცემების გადაწერითაც კი შეიძლება მოხდეს).
ზოგადად, ფინანსური თაღლითობისგან თავის დაცვის მიზნით, კარგი იდეაა ბანკის SMS მომსახურებით სარგებლობა, რაც საშუალებას მოგცემთ მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ოპერატიულად მიიღოთ ინფორმაცია თქვენი ბარათით განხორციელებული ოპერაციების შესახებ. ამასთან, ბარათით განხორციელებული ოპერაციების გაკონტროლების კარგი საშუალებაა საბანკო ამონაწერის რეგულარული შემოწმება. ამ გზით, მარტივად შეამჩნევთ იმ საეჭვო ტრანზაქციებს, რომლებიც შესაძლოა თქვენ არ განგიხორციელებიათ.
საგადახდო ბარათის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში, თქვენი ბარათის დაბლოკვის მოთხოვნით დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ საფინანსო ორგანიზაციას, რომელმაც გადმოგცათ ბარათი - ამის გაკეთება ტელეფონითაც შეგიძლიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თაღლითებმა, რომლებმაც მოიპარეს ან იპოვეს თქვენი ბარათი, შესაძლოა ძალიან სწრაფად განახორციელონ თაღლითური ოპერაციები.
წყარო: https://www.finedu.gov.ge
სხვა სიახლეები
განავითარე აგრო მეურნეობა “კრისტალის” აგროსესხით
10.03.2026.10:59
გაზაფხული წელიწადის ის დროა, როცა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები იწყება. მიკრობანკი “კრისტალის” აგრო სესხი საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის სტაბილური შესაძლებლობაა, რომელიც დაგეხმარებათ, ამ მნიშვნელოვან სეზონს კარგად მომზადებულები დახვდეთ.
სტატიაში გაეცანით ინფორმაციას იმ მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც მიკრობანკი “კრისტალი” ფერმერებსა და აგრო საქმიანობით დაკავებულ ადამიანებს სთავაზობს.
სოფლის მეურნეობა საქართველოს, მნიშვნელოვანი და სტრატეგიული დარგია. გარდა იმისა, რომ ის ხარისხიანი, ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტის ადგილობრივ წარმოებას უკავშირდება, ამ სექტორის წინსვლას სოფლად ადამიანების დასაქმება, ყოველდღიურობის გაუმჯობესება და, ზოგადად, რეგიონების განვითარებაც მოაქვს.
პარალელურად, სოფლის მეურნეობა, რომელიც სეზონური, გარე ფაქტორებზე მჭიდროდ დამოკიდებული და მაღალრისკიანი დარგია, განსაკუთრებულ რესურსსა და მიდგომებს მოითხოვს. შესაბამისად, ადამიანებს, რომლებიც ამ სფეროში საქმიანობენ, განსხვავებული ფინანსური საჭიროებები აქვთ. სწორედ ამ საჭიროებებს ითვალისწინებს მიკრობანკი კრისტალის აგრო სესხი — ფერმერებისა თუ სოფლის მეურნეობით დაკავებული მომხმარებლებისთვის შექმნილი პროდუქტი.
რატომ არის აგრო სესხი მნიშვნელოვანი
აგრო სესხი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სოფლის მეურნეობაში საქმიანობის დაწყება სურთ და პირველი ნაბიჯების გადასადგმელად, ფინანსური რესურსი ესაჭიროებათ. ამას გარდა, აგრო სესხით სარგებლობა ეფექტიანია, თუ ფერმერს არსებული მეურნეობის გაფართოება და განვითარება — ახალი სათბურის აშენება, განსხვავებული კულტურის მოყვანა, პირუტყვის რაოდენობის გაზრდა და ა.შ. სურს.
როგორც წესი, აგრო სესხის პირობები სოფლის მეურნეობის რისკებსა და საჭიროებებზეა მორგებული, სხვა ფინანსური პროდუქტებისგან ის სწორედ ამ მოქნილობით განსხვავდება. მაგალითად, აგრო სესხის მომხმარებლებს ხშირად ფულადი თანხა მოსავლის რეალიზაციამდე სჭირდებათ, რადგან მათ სასუქის, ტექნიკის, საწვავის, თუ დამხმარეების დაქირავებისთვის სხვადასხვა ხარჯის გაწევა წინასწარ უწევთ. შემოსავალს კი ისინი მოგვიანებით იღებენ. აგრო სესხი სწორედ შემოსავალზე მორგებულ გრაფიკს, საშეღავათო პერიოდსა და სხვა ხელშემწყობ ფაქტორებს ითვალისწინებს, ამიტომ ის ფერმერებისთვის ზოგჯერ ერთადერთი ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსია.
“კრისტალის” აგრო სესხი
“კრისტალისთვის” რეგიონებში მცხოვრები მეწარმეების ხელშეწყობა, სოფლად ახალი წამოწყებების მხარდაჭერა და პერსპექტიული შესაძლებლობების შექმნა ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ნაკლებია, მნიშვნელოვანი და სტრატეგიული მიმართულებაა. ამ სტრატეგიიდან გამომდინარეობს აგრო სესხი და მისი განსაკუთრებული პირობები, რომლებიც ფერმერებისა და სოფლის მეურნეობაში მომუშავე ადამიანების საჭიროებებს მაქსიმალურად ითვალისწინებს.
“კრისტალის” აგრო სესხის გამოყენება მეწარმეებს სხვადასხვა მიზნით შეუძლიათ. მათ შორისაა, სასოფლო-სამეურნეო საშუალებებისა და ინვენტარის, აგრო-საწარმოო მასალების, სასუქებისა და შხამ-ქიმიკატების შეძენა, მიწების დამუშავება, დამატებითი ნაკვეთების ან ბაღების ყიდვა და მეურნეობის გაფართოება, მცირე თუ მსხვილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, საქონლის ან მისი საკვების შეძენა, მუშა ხელის დაქირავება ან მომსახურების ხარჯების დაფინანსება ა.შ. საბოლოოდ, პროდუქტის მიზანი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების, აგრარული მეწარმეობისა და რეგიონების განვითარების მხარდაჭერაა.
“კრისტალის” აგრო სესხის განსაკუთრებული პირობები
“კრისტალში” აგრო სესხი 100 ლარიდან 300 000 ლარამდე ოდენობით გაიცემა, ვადა კი 120 თვემდეა. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 18%-იდან იწყება, ეფექტური კი – 22%-დან.
აღსანიშნავია, რომ სესხის საშეღავათო პერიოდი 11 თვემდე გრძელდება და ეს დრო როგორც ძირს, ისე პროცენტის თანხას გულისხმობს. მაგალითად, 5-წლიანი სესხით სარგებლობისას, ფერმერი 11 თვის განმავლობაში, ბანკში არაფერს იხდის და თანხას წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ფარავს.
ამას გარდა, აგრო სესხი შემოსავლებზე მაქსიმალურად მორგებულ გრაფიკს ითვალისწინებს. ფერმერის საჭიროებების მიხედვით, შესაძლებელია წინასწარ შეთანხმება და თანხის მხოლოდ მოსავლის რეალიზაციის შემდეგ გადახდაც.
საგულისხმოა, რომ თუ ფერმერს 50 000 ლარამდე სესხი სურს, მას არანაირი უზრუნველყოფა არ სჭირდება და თანხას დაჩქარებული წესით, იმავე დღეს იღებს. ზოგადად, მომხმარებლის კონკრეტული საკრედიტო ისტორიის, შემოსავლებისა და სხვა პარამეტრის გათვალისწინებით, „კრისტალის“ აგრო სესხი 50 000 ლარის ფარგლებში ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშეც გაიცემა.
აღსანიშნავია ისიც, რომ “კრისტალის” აგრო სესხით სარგებლობა თანამონაწილეობას არ მოითხოვს, შემოსავლის სახით კი აგრო აქტივობასთან ერთად, ხელფასის, იჯარის ან ფულადი გზავნილის შემოსავლის გათვალისწინებაცაა შესაძლებელი.
თუ მომხმარებელი აგრო სესხით ან სესხებით უკვე სარგებლობს, შეუძლია, ყველა მათგანი გააერთიანოს, “კრისტალში” დაპორტირდეს და შეღავათიანი პირობები მიიღოს.
თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებზე წინასწარ წარმოდგენას შეგიქმნით ჩვენი კალკულატორი, რომელსაც ამ ბმულზე იპოვით. აქვე გაეცნობით პროდუქტის დეტალურ პირობებსაც: https://crystal.ge/product/agro-seskhi-300-000-laramde/