ფინანსების დაცვა | თაღლითობა საბანკო ბარათის, ბანკომატისა და პოსტერმინალის გამოყენებით
თუ ყურადღებასა და სიფრთხილეს არ გამოიჩენთ, თაღლითებმა შესაძლოა თქვენი საბანკო ბარათი ან ბარათის მონაცემები მაშინ მოიპარონ, როდესაც თქვენ ბანკომატით ან პოსტერმინალით სარგებლობთ.
ხშირად მომხმარებლები თავიანთ საბანკო ბარათს უყურადღებოდ ტოვებენ, რაც ხელსაყრელია თაღლითებისთვის. არ დატოვოთ ბარათი და ფინანსური დოკუმენტები მაგიდაზე სამსახურში ან სკოლაში, მანქანაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც მასზე ხელი ბევრ ადამიანს მიუწვდება. ამასთან, არ გაგზავნოთ ბარათის სრული მონაცემები - ნომერი, ვადა, უსაფრთხოების კოდი - ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით და არ გაუზიაროთ ეს მონაცემები თქვენს მეგობრებსაც კი.
ბანკომატით სარგებლობისას მნიშვნელოვანია სიფრთხილე გამოიჩინოთ: არ დაუშვათ, რომ სხვა ადამიანი თქვენთან ზედმეტად ახლოს იდგეს და ხედავდეს, თუ რა კოდს კრეფთ, დაფარეთ ბანკომატის კლავიატურა, როდესაც მას იყენებთ და დარწმუნდით, რომ ბანკომატის მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის დაყენებული ისეთი კამერა, რომელიც ბანკს არ ეკუთვნის და რომელმაც შესაძლოა თქვენი ბარათის მონაცემები დააფიქსიროს და ჩაიწეროს. დაბოლოს, მიაქციეთ ყურადღება, რომ ბარათი ან ფული სიჩქარეში შემთხვევით ბანკომატში არ დაგრჩეთ.
აქვე, მნიშვნელოვანია ვისაუბროთ „სკიმინგზე“, რომელიც ფინანსური თაღლითობის ერთ-ერთი საყურადღებო ფორმაა. სკიმინგის დროს ბანკომატზე ან პოსტერმინალზე მონტაჟდება სპეციალური მოწყობილობა - სკიმერი, რომელიც ბარათის მონაცემებს (პინკოდი, ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა, უსაფრთხოების კოდი) იპარავს, რასაც თაღლითი შემდგომში თანხის მისათვისებელად იყენებს.
„სკიმინგისგან“ თავის დაცვის მიზნით, ბანკომატის გამოყენებისას დარწმუნდით, რომ ბანკომატი განათებულ ადგილასაა განთავსებული, არ ემჩნევა დაზიანებები და რომ უშუალოდ ბანკომატზე არ არის დამონტაჟებული საეჭვო მოწყობილობები. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ბანკომატის გამოყენება უსაფრთხოა, მაშინ აჯობებს თავი შეიკავოთ მისი გამოყენებისგან, პრობლემის არსებობის შესახებ კი დაუყოვნებლივ აცნობოთ ბანკს.
პოსტერმინალით სარგებლობის დროსაც უნდა დაიცვათ უსაფრთხოების ზომები: დარწმუნდით, რომ მას არ ემჩნევა დაზიანებები. ამასთან, მოითხოვეთ, რომ ტრანზაქცია ჩატარდეს თქვენი თანდასწრებით და არასდროს გაატანოთ ბარათი მომსახურე პერსონალს (მათ შორის ბენზინგასამართ სადგურებზე, რესტორნებში და სხვა), რამდენადაც ამ დროს ჩნდება რისკი, რომ თქვენი ბარათის მონაცემები მოიპარონ (რაც, არამხოლოდ სპეციალური მოწყობილობებით, არამედ ძალიან მარტივად, ფოტოს გადაღებით ან მონაცემების გადაწერითაც კი შეიძლება მოხდეს).
ზოგადად, ფინანსური თაღლითობისგან თავის დაცვის მიზნით, კარგი იდეაა ბანკის SMS მომსახურებით სარგებლობა, რაც საშუალებას მოგცემთ მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ოპერატიულად მიიღოთ ინფორმაცია თქვენი ბარათით განხორციელებული ოპერაციების შესახებ. ამასთან, ბარათით განხორციელებული ოპერაციების გაკონტროლების კარგი საშუალებაა საბანკო ამონაწერის რეგულარული შემოწმება. ამ გზით, მარტივად შეამჩნევთ იმ საეჭვო ტრანზაქციებს, რომლებიც შესაძლოა თქვენ არ განგიხორციელებიათ.
საგადახდო ბარათის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში, თქვენი ბარათის დაბლოკვის მოთხოვნით დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ საფინანსო ორგანიზაციას, რომელმაც გადმოგცათ ბარათი - ამის გაკეთება ტელეფონითაც შეგიძლიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თაღლითებმა, რომლებმაც მოიპარეს ან იპოვეს თქვენი ბარათი, შესაძლოა ძალიან სწრაფად განახორციელონ თაღლითური ოპერაციები.
წყარო: https://www.finedu.gov.ge
დღის ტოპ 10 სიახლე
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
30 , 2022
ფიქსირებული და ცვალებადი ხარჯები
იმის მიხედვით, თუ როგორ იცვლება მათი მოცულობა, შეიძლება, ხარჯების ორი ჯგუფი გამოვყოთ: ფიქსირებული და ცვალებადი (ცვლადი). ფიქსირებულს ისეთ ხარჯებს უწოდებენ, რომლის მოცულობაც, როგორც წესი, თვიდან თვემდე არ იცვლება. ასეთი შეიძლება იყოს, მაგალითად, ინტერნეტმომსახურების ფიქსირებული გადასახადი, სადარბაზოს დასუფთავების ღირებულება, დაზღვევის ხარჯი, სესხის შენატანი და სხვა.
რაც შეეხება ცვალებად ხარჯებს, მათი მოცულობა პერიოდულად იცვლება და ყოველ თვე სხვადასხვა თანხაა გადასახდელი. ცვალებად ხარჯებს მიეკუთვნება, მაგალითად, კომუნალური მომსახურების, სურსათის, მოგზაურობის, დასვენება-გართობის და სხვა ხარჯები, რომელთა მოცულობაც თქვენი ქმედებების თუ გადაწყვეტილებების მიხედვით იცვლება.
მიუხედავად იმისა, ხარჯი ფიქსირებულია თუ ცვლადი, ყოველთვის შეიძლება იმაზე დაფიქრება, რამდენად არსებობს მათი შემცირების შესაძლებლობა. ცვლადი ხარჯების შემცირება თქვენს სამომავლო გეგმებსა და ქცევებზე იქნება დამოკიდებული - მაგალითად, მოგზაურობას თუ ქვეყნის შიგნით დაგეგმავთ, დანახარჯი შესაძლოა უფრო მცირე იყოს, ვიდრე უცხოეთში წასვლისას. შესაბამისად, თქვენ თავად წყვეტთ, რა თანხა დახარჯოთ. ფიქსირებული ხარჯების შემცირება კი რიგ შემთხვევაში შესაძლოა მომსახურების სხვა ალტერნატივის ჩანაცვლებაზე იყოს დამოკიდებული. თუმცა აქ უკვე უნდა დაფიქრდეთ, ესა თუ ის ხარჯი თქვენს სურვილზეა დამოკიდებული თუ აუცილებლობას წარმოადგენს.
ხარჯების გაწევას საჭიროება განსაზღვრავს თუ სურვილი?
ხშირ შემთხვევაში, ფული ნივთებისა და მომსახურებების შეძენაში იხარჯება. ხარჯვის კუთხით გამოიკვეთება ადამიანების ორი პირობითი კატეგორია: ერთი, რომელსაც შემოსავალი ყველა ხარჯის დასაფარად ჰყოფნის და მეორე, რომელსაც შემოსავალი თვიდან თვემდე არ მიჰყვება. ამ ქცევის ასახსნელად ადამიანის საჭიროებებისა და სურვილების განხილვა დაგეხმარებათ. თითოეულ თქვენგანს გააჩნია საჭიროებები და სურვილები. საჭიროებებს ვუწოდებთ ყველაფერს იმას, რაც არსებობისთვის აუცილებელია.
მაგალითად, ჯანმრთელობაზე ზრუნვა, სრულფასოვანი კვება და სხვა, ხოლო სურვილები არის ყველაფერი ის, რაც აუცილებელი არაა, მაგრამ გაბედნიერებთ, ცხოვრებას გიხალისებთ და გსურთ, რომ გქონდეთ. მაგალითად, ახალი ავტომობილი, გემრიელი ტორტი, აგარაკი კონკრეტულ კურორტზე და სხვა. თუ დააჯგუფებთ იმას, რაც თქვენთვის აუცილებელია, ისინი შეგვიძლია ოთხ ძირითად კატეგორიაში გავაერთიანოთ: უსაფრთხო საცხოვრებელი; ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელი საკვები და წყალი; ჰიგიენის დაცვისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის აუცილებელი ნივთები; სიტუაციისა და საჭიროების შესაბამისი ტანისამოსი. სხვა დანარჩენი, მაგალითად, თანამედროვე დიზაინით მოწყობილი სახლი, ბრენდირებული სამოსი და მსგავსი ნივთები და მომსახურებები, საჭიროებებს მიღმაა და სურვილებში ერთიანდება.
შესაძლებელია გაჩნდეს კითხვა: თანხის რაციონალური ხარჯვა ხომ არ ნიშნავს სურვილებზე სრულად უარის თქმას და მხოლოდ საჭიროებების დაკმაყოფილებას?
პასუხია: რა თქმა უნდა, არა. თქვენ შრომობთ იმისთვის, რომ სურვილებიც აისრულოთ. შემოსავლის გონივრულად განაწილება გულისხმობს იმას, რომ სურვილები მხოლოდ მას შემდეგ აისრულოთ, რაც საჭიროებებს დაიკმაყოფილებთ.
გააზრებულად დახარჯვა კი იმასაც გულისხმობს, რომ სურვილებიც და საჭიროებებიც შეძლებისდაგვარად თქვენი სახსრებით და საჭიროების შემთხვევაში გონივრული სესხებით დააფინანსოთ.
წყარო: https://www.finedu.gov.ge