ზურაბ ჩიკვილაძემ „რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ ქვეპროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა
თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, „რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ ქვეპროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით დედაქალაქის საკრებულოში შეხვედრა გამართა.
ზურაბ ჩიკვილაძე რევმატოლოგთა ლიგის პრეზიდენტს, ნინო ცისკარიშვილს, რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების კავშირის თავმჯდომარეს, ინგა მამუჩიშვილს და დედაქალაქის სხვა და სხვა კლინიკების ექიმ-რევმატოლოგებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე წლის 1 სექტემბერს ამოქმედებული ქვეპროგრამის მნიშვნელობაზე, ქვეპროგრამაში ჩართვის პროცედურებზე და განხორციელების მექანიზმზე ისაუბრეს.
“პროგრამის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო დედაქალაქის მერიამ და მისი მხარდაჭერის გამო დიდ მადლობას ვუხდით მერს, კახა კალაძეს. უმნიშვნელოვანესი პროგრამა ამოქმედდა დღეიდან, ის ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს შეუმსუბუქებს ტკივილს. ერთი ადამიანის ამ პროგრამით უზრუნველყოფა და სერვისის მიწოდება დაახლოებით 25 ათასი ლარით ფინანსდება“,- განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
აღნიშნული ქვეპროგრამა მიზნად ისახავს რევმატოიდული ართრიტით დაავადებული მოქალაქეების მკურნალობის უზრუნველყოფას, რაც დაავადების პროგრესირების შესაჩერებლად და პაციენტთა ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად უაღრესად მნიშვნელოვანია.
დაფინანსების პირობები შემდეგნაირად განისაზღვრება: სოციალურად დაუცველი პირებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150,001-ს, უზრუნველყოფილია მედიკამენტების სრული, 100%-იანი,დაფინანსება; დანარჩენი ბენეფიციარებისთვის თბილისის მუნიციპალიტეტი მედიკამენტების ღირებულების 80%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს.
სხვა სიახლეები
ჯანდაცვის მინისტრი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
03.04.2026.10:02
მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ჯანდაცვის სექტორის ხელმძღვანელს, რეკა მენონსა და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, აგრეთვე თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტული მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და მოსახლეობისათვის მისი ხელმისაწვდომობის ზრდაზე.
საუბარი შეეხო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დადგენის მექანიზმსა და შესაბამისი კომისიის საქმიანობას, რომელიც, როგორც ეფექტიანი და სისტემური რეგულირების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, დადებითად შეფასდა. აღინიშნა, რომ მექანიზმი ხელს უწყობს ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობას, სამართლიანი ფასების ფორმირებასა და პაციენტების ინტერესების დაცვას.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ადამიანური კაპიტალის განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, როგორც ქვეყნის გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორს.
აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას სხვადასხვა სექტორში მიმდინარე რეფორმებისა და განვითარების პროცესში.