თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
თბილისის საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თბილისის საპატიო მოქალაქის თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო.
„თენგიზ ცერცვაძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოში ინფექციური პათოლოგიის და კლინიკური იმუნოლოგიის მიმართულების განვითარებაში. თბილისის საკრებულოს სახელით, ვუსამძიმრებ თენგიზ ცერცვაძის ოჯახს, კოლეგებსა და საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ.
იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი, ავადმყოფობის გამო 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სხვა სიახლეები
08.09.2025.14:09
„საზოგადოებაც კარგად ხედავს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, მართლაც ძალიან აქტიურია სახელმწიფო, ონკოპაციენტების მხარდაჭერის თვალსაზრისით. რიცხვებიც ამას ადასტურებს - თუ რამდენიმე წლის წინ, ონკოლოგიური პაციენტებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი, 50 მილიონს არ აჭარბებდა, დღეისთვის, თითქმის, 300 მილიონს უტოლდება. ეს საზოგადოებისთვის თვალსაჩინო შედეგია. ინიციატივები, რომლებიც ცალკეულ გაუმჯობესებებს უკავშირდება, ჩვენ ისედაც მუდმივად, ყოველგვარი ხელოვნურად მოგონილი აქციების გარეშე, ყურადღების ქვეშ გვაქვს.
ონკოლოგია ის თემა არ არის, სადაც გარკვეულმა პოლიტიკოსებმა ხელის მოთბობის მცდელობები უნდა დააფიქსირონ, ეს ძალიან ცუდი საქმეა, მათ შორის ეთიკური თვალსაზრისით“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძე, სამინისტროსთან შეკრებილი, რამდენიმე ადამიანის აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამინისტრო მუდმივად მართავს შეხვედრებს პროგრამების ბენეფიციარებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.
„არასდროს მათ შეხვედრის პრობლემა არ ჰქონიათ და არ ვიცი, რისთვის შეიძლება, ჭირდებოდეთ ხმამაღლა თქმა, რომ მოთხოვნა აქვთ სამინისტროსთან შეხვედრის, როდესაც ეს შეხვედრები ისედაც იმართება. არ მგონია, რომ სადმე დახურულ კარს წააწყდნენ. ჩვენი სამინისტროს კარი, ამ თვალსაზრისით, ყოველთვის ღია გახლავთ.
რაც შეეხება თვითონ საკითხის შინაარსს, ალბათ, კონკრეტულად უნდა ითქვას, რა მოთხოვნებია, რა საკითხებია და კონკრეტული გადაწყვეტილებები როგორ უნდა იქნას მიღებული, სწორი მიმართულებით“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.