სწორი დიაგნოზის დასმა, ერთ-ერთი უმთავრესი ეტაპია, ჩვენთვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით, აქტიურად ვმუშაობთ - მიხეილ სარჯველაძე
„სწორი დიაგნოზის დასმა, მკურნალობის დასაგეგმად, ერთ-ერთი უმთავრესი ეტაპია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის ეფექტიანობას აზრი ეკარგება. შეცდომების თავიდან აცილება სწორედ ამ მომენტში უნდა მოხდეს - იქნება ეს ტექნოლოგიების გამოყენებით, მაღალი კვალიფიკაციით, თუ კონკრეტული პროცედურების ზუსტად გაწერით. მთავარია, რომ დიაგნოსტირების პროცესში, არ დავუშვათ ისეთი შეცდომებით, რომელთა არიდებაც შეიძლებოდა. ჩვენთვის, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და სწორედ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, პაციენტის უსაფრთხოების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 17 სექტემბერს, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოშიც აღინიშნა.
ღონისძიებაზე, ჯანდაცვის პოლიტიკის შემქმნელებმა, დარგობრივი ასოციაციებისა და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ასევე, ისაუბრეს პაციენტის უსაფრთხოების გაუმჯობესებაში, სწორი და დროული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა გლობალური პრობლემაა და ბუნებრივია, მის არსებობას საქართველოც აცნობიერებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დასაძლევად, ქვეყანამ, ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგა და მომავალშიც ასე გაგრძელდება.
„პაციენტების უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, სექტორის წარმომადგენლებს, ამ მიმართულებით, მოსაზრებების წარმოდგენა ვთხოვეთ. მათ საკმაოდ მრავლად, საკუთარი პერსპექტივიდან გაგვიზიარეს შეხედულებები, რომლებზე მუშაობამაც, შესაძლოა, პაციენტის უსაფრთხოებისთვის, კონკრეტული შედეგი მოიტანოს. ამ საკითხების სპექტრი ძალიან დიდია - დაწყებული სამაჯურებით, რომელიც შესაძლოა, გაუკეთდეს პაციენტს, რომ მის შესახებ სამედიცინო პერსონალს დეტალური ინფორმაცია ჰქონდეს და დამთავრებული საგანმანათლებლო სისტემებში, ისეთი კურიკულუმების შეტანით, რომელიც უკეთ მოამზადებს მომავალ ექიმებს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
პაციენტთა უსაფრთხოების მსოფლიო დღე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, 2019 წელს დააწესა. მისი მიზანი პაციენტის უსაფრთხოების გაუმჯობესების ხელშეწყობა და ამ საკითხზე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. წელს, მსოფლიოს მასშტაბით, მთავარი გზავნილია „დიაგნოსტიკის გაუმჯობესება პაციენტის უსაფრთხოებისთვის“, რაც სწორი და დროული დიაგნოსტიკის კრიტიკულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
სხვა სიახლეები
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში სასწრაფო დახმარების სერვისმა „ვიან კარდიო-ნეირო" დაიწყო მუშაობა
24.02.2026.13:03
ამერიკის საერთაშორისო კომისიის (AACI) მიერ აკრედიტებულ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, ფუნქციონირება დაიწყო სპეციალურად აღჭურვილმა სასწრაფო დახმარების სერვისმა - ვიან კარდიო-ნეირო, რომელიც განკუთვნილია გადაუდებელი კარდიოლოგიური და ნევროლოგიური პაციენტებისთვის. სერვისი ამ ეტაპზე მხოლოდ ქუთაისის მასშტაბით ოპერირებს.
სერვისი დაფუძნებულია პაციენტის დროულ და უსაფრთხო მართვაზე. გამოძახების (16 003) შემთხვევაში ადგილზე ფასდება ჯანმრთელობის მდგომარეობა, გადაუდებელი სამედიცინო რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში — სწრაფი და უსაფრთხო ჰოსპიტალიზაცია დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, სადაც მაღალპროფესიონალური, მულტიდისციპლინური გუნდის მხრიდან ხდება ყოვლისმომცველი კარდიოლოგიური და ნევროლოგიური მაღალტექნოლოგიური კვლევების, ინტერვენციული ან/და ქირურგიული მკურნალობის სრული სპექტრის ჩატარება.
სასწრაფო დახმარების მაღალკვალიფიციური გუნდი, თანამედროვე, სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალება და ბრიგადისთვის შექმნილი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ვიან კარდიო-ნეიროს სერვისის უწყვეტ, ზუსტ და პროფესიონალურ ფუნქციონირებას. შედეგად, ყოველი გამოძახება სრულად კოორდინირებული პროცესია, რომელიც ხორციელდება გამოცდილ ემერჯენსი სერვისთან პარტნიორობით — პაციენტის უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვის უმაღლესი სტანდარტით.
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი კვლავ აგრძელებს ზრუნვას, პაციენტთათვის თანამედროვე მკურნალობის მეთოდების, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობისა და ახალი ინოვაციების დანერგვის გზით.
როცა სიცოცხლეს წუთები წყვეტს — მოქმედებს ვიან კარდიო-ნეირო 24/7-ზე.
16 003