შევეცდებით, გავზარდოთ დიალიზის პროგრამის რეგიონული მოცვა - მიხეილ სარჯველაძე
„მოგეხსენებათ, რომ დიალიზის სერვისი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევეცდებით, გავზარდოთ აღნიშნული პროგრამის რეგიონული მოცვა. იმავდროულად, მნიშვნელოვანია მომსახურების ანაზღაურების გაუმჯობესება და უკეთესი ხარისხის შესაძლებლობა“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, პარლამენტში მიმდინარე გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ, სიტყვით გამოსვლისას, აღნიშნა, დიალიზის პროგრამასთან ერთად, უწყვეტად გაგრძელდება, მოსახლეობისთვის სხვა, სამედიცინო მომსახურების მიწოდებაც.
„გაიზრდება ცალკეული პროგრამების საბიუჯეტო დაფინანსება, რაც მოხმარდება მათი ეფექტიანობის ზრდას. პრიორიტეტული იქნება იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების საჭიროებების, ტრანსპლანტაციისა და სხვა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მოცვა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სხვა სიახლეები
ჯანდაცვის მინისტრი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
03.04.2026.10:02
მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ჯანდაცვის სექტორის ხელმძღვანელს, რეკა მენონსა და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, აგრეთვე თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტული მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და მოსახლეობისათვის მისი ხელმისაწვდომობის ზრდაზე.
საუბარი შეეხო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დადგენის მექანიზმსა და შესაბამისი კომისიის საქმიანობას, რომელიც, როგორც ეფექტიანი და სისტემური რეგულირების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, დადებითად შეფასდა. აღინიშნა, რომ მექანიზმი ხელს უწყობს ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობას, სამართლიანი ფასების ფორმირებასა და პაციენტების ინტერესების დაცვას.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ადამიანური კაპიტალის განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, როგორც ქვეყნის გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორს.
აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას სხვადასხვა სექტორში მიმდინარე რეფორმებისა და განვითარების პროცესში.