საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყნის კანდიდატად აირჩიეს
საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყნის კანდიდატად აირჩიეს. პროცედურაში, ორგანიზაციის 53 წევრი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კონკურენტებს შორის იყო რუსეთის ფედერაციაც. კენჭისყრისას, უმრავლესობამ, ხმა სწორედ საქართველოს სასარგებლოდ მისცა. ქვეყნის სახელით, აღნიშნულ პოზიციაზე წარდგენილია მინისტრის პირველი მოადგილის ირაკლი სასანიას კანდიდატურა.
არჩევნები, კოპენჰაგენში, ევროპის რეგიონული კომიტეტის 75-ე სესიის ფარგლებში ჩატარდა და საქართველო, როგორც კანდიდატი, ფარული კენჭისყრის შედეგად დასახელდა.
ნომინირებული კანდიდატების წარდგენა ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე, 2026 წლის მაისში მოხდება, სადაც აღმასრულებელ საბჭოში წარდგენილი კანდიდატების საბოლოო დამტკიცების პროცედურა გაიმართება.
აღნიშნულ ვაკანტურ პოზიციაზე საქართველოს კანდიდატად წარდგენის წინა მოსამზადებელ პერიოდში აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოს სამი წლის ვადით ირჩევენ. მისი ძირითადი ფუნქციებია ჯანდაცვის ასამბლეის გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის განხორციელება, კონსულტაციების გაწევა და ზოგადად, მისი მუშაობის ხელშეწყობა.
სხვა სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ როლანდ პრაისს შეხვდა
08.04.2026.11:57
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ როლანდ პრაისს შეხვდა.
შეხვედრაზე, მხარეებმა ადამიანური კაპიტალის პროექტის მიმდინარეობასა და სოციალური დაცვის ანგარიშგების ინტეგრირებული სისტემის დანერგვაზე (IRSSP) ისაუბრეს. განიხილეს სოციალური სისტემების გაძლიერებისა და დასაქმების შესაძლებლობები.
მიხეილ სარჯველაძემ, სამინისტროსა და მსოფლიო ბანკს შორის, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით არსებულ, მჭიდრო თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ადამიანური კაპიტალის პროგრამა მიზნად ისახავს კონკრეტული შედეგების მიღწევას, რისთვისაც აუცილებელია ინდიკატორების განსაზღვრა და მათი სწორი მონიტორინგი.
შეხვედრაზე, მხარეებმა სოციალური დაცვის ანგარიშგების ინტეგრირებული სისტემის დანერგვაზე (IRSSP) ისაუბრეს, რომელიც სოციალური დაცვის სფეროში არსებული ინფორმაციის მართვისა და გრძელვადიანი ეფექტიანობის ზრდას ისახავს მიზნად.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაო დადებითად შეაფასეს და მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები: ირინე წაქაძე გიორგი ცაგარეიშვილი. ასევე - მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები რობერტო სორმანი, ნინო უძილაური და ნინო მოროშკინა.