სახელმწიფოს აქვს რესურსი, რომ თავის თავზე აიღოს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა, საჭიროა კონტროლის გამკაცრება სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობაზეც, რათა მომსახურება თავიდან ბოლომდე იყოს ორიენტებული პაციენტის განკურნებაზე და არა პრეპარატების რეალიზაციაზე - ირაკლი კობახიძე
სახელმწიფოს თავიდან ბოლომდე აქვს იმის რესურსი, მათ შორის მატერიალური რესურსი, რომ თავის თავზე აიღოს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს პროგრამის დაახლოებით ნახევარს ახორციელებს სახელმწიფო თავისი დაწესებულებების მეშვეობით, ერთი ამდენი არის კერძო დაწესებულებები.
„თავიდან ბოლომდე სახელმწიფოს აქვს იმის რესურსი, რომ გადაიბაროს მთლიანად ეს მომსახურება. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ მანკიერი პრაქტიკა აღვკვეთოთ ამ სფეროში და საჭიროა კონტროლის გამკაცრება თავად სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობაზეც იმისათვის, რომ მომსახურება თავიდან ბოლომდე იყოს ორიენტებული პაციენტის განკურნებაზე და არა პრეპარატების რეალიზაციაზე. ყველა მიმართულებით გვექნება უმკაცრესი კონტროლი. ეს სერვისი მთლიანად წარიმართება იმ პირობებით, რა პირობებითაც ხორციელდებოდა დღემდე სახელმწიფო პროგრამები, უბრალოდ გაფართოვდება სახელმწიფო პროგრამების მოცულობა გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო თავის თავზე აიღებს დღევანდელი კერძო სუბიექტების მიერ განხორციელებული მომსახურების მიწოდებასაც", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო პერიოდში საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდება - ლაშა ხუციშვილი
სხვა სიახლეები
არსად მინახავს, რამდენიმე კონკურენტი ფარმაცევტული ქსელი გვერდი-გვერდ ხსნიდეს აფთიაქს, ჩვენთან ეს უცნაურობა არის, ერთი რომ გაიხსნება, მის გვერდით იხსნება რამდენიმე დასახელების აფთიაქი - მიხეილ სარჯველაძე
05.02.2026.11:07
„ჩვენთან ეს უცნაურობა არის, ერთი სადმე რომ გაიხსნება, იმას მიჰყვება რამდენიმე დასახელების აფთიაქი. ეს, ბუნებრივია, გარკვეულ ტვირთს აჩენს ბიზნესზე“ - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ აფთიაქების რაოდენობაზე საუბრისას.
„ამას არ სჭირდება დიდი ცოდნა და დიდი ანალიტიკა სტატისტიკის, ყველას სახლთან სადმე არის რამდენიმე დასახელების ერთდროულად, გვერდიგვერდ ჩაყოლებული. ეს, რასაკვირველია, უცნაურად გამოიყურება. ყველა ვყოფილვართ სადმე, გვინახავს ევროპულ სახელმწიფოებში როგორ არის. ასეთი რამ მე პირადად არსად შემიმჩნევია, რომ რამდენიმე კონკურენტი დასახელების ფარმაცევტული ქსელის წარმომადგენელი გვერდიგვერდ ხსნიდეს ობიექტს. ასეთი რამ მე მართლა არ მინახავს. ჩვენთან ეს უცნაურობა არის. ერთი სადმე რომ გაიხსნება, იმას მიჰყვება რამდენიმე დასახელების აფთიაქი. ეს ბუნებრივია, გარკვეულ ტვირთს აჩენს ბიზნესზე. ეს ტვირთი სად უნდა წავიდეს? უნდა აისახოს ფასში. ამიტომ, თუ მაგალითად იგივე რეფერენტული ფასების პირობებში მოგებისა და ზედმეტი ხარჯის შემცირების საკითხი დადგება, ბუნებრივია, რომ ასეთ დროს, თქვენ რომ ბრძანეთ, სხვა რამიდან შეეცდება დაიკმაყოფილოს თავისი ჭარბი მოგების მოთხოვნა, ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მეთოდი არის ხარჯების შემცირებაც. ხარჯების შემცირების ყველაზე კარგი ინსტრუმენტია, რომ გარკვეულწილად ეს იყოს რეგულირებული. შევხედოთ, ამ თვალსაზრისით ბუნებრივია, რომ სინქრონულად უნდა დარეგულირდეს, სინქრონულად იმასთან, როგორიც იქნება დამოკიდებულება იგივე მარკეტებთან. ალბათ ესეც არის ერთ-ერთი მიმართულება რეალური ხარჯების შემცირება, რომელზეც უნდა ვისაუბროთ. იქ იყო არა მხოლოდ ამაზე საუბარი, იქ იყო საუბარი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქართულ წარმოებას, რა თქმა უნდა, გულშემატკივრობენ.
„ჩვენ ამაზე არასდროს გვითქვამს უარი, რომ მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ წარმოებას. სხდომაზეც გამოითქვა ეს შეხედულება, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს ამოცანები მოკლევადიანი, საშუალოვადიანი, გრძელვადიანი. ალბათ, წარმოების ხელშეწყობა და განვითარება უპირატესად გრძელვადიანია. უფრო სტაბილურ განვითარებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი აქტივობაა მაგრამ, დიახ, რა თქმა უნდა, ეს არის აქტივობა. ამ ინიციატივას მხარდაჭერა ისედაც და ასედაც აქვს. რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ ქართულ წარმოებას. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამე შეიძლება გაკეთდეს და ამ დრომდეც კეთდება“, - განაცხადა მან.