ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასების ხელოვნური ზრდა დაფიქსირდა - სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე, რომელზეც რეფერენტული ფასები დაწესებული არ არის ფასების ხელოვნური ზრდა დაფიქსირდა.
„მედიკამენტზე, რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, მორიგი არაკეთილსინდისიერი ქმედებები ფიქსირდება.
ამჯერად საქმე ეხება ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებულ მედიკამენტებს, რომლებზეც რეფერენტული ფასი არ არის დაწესებული და რომლებიც სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. კერძოდ, კომპანიების ნაწილმა, აღნიშნულ წამლებზე ფასები ხელოვნურად და მნიშვნელოვნად გაზარდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ძვირადღირებული ონკოლოგიური მედიკამენტების რეალიზატორ კომპანიებს ერთი და იგივე დასახელების მედიკამენტებზე იდენტური ფასები აქვთ განსაზღვრული.
წინასწარი შეფასებით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტს, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს მოქალაქეებსა და სახელმწიფოს, რომელიც ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობას აფინანსებს.
ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან შესაძლო არაკეთილსინდისიერ ქმედების შესწავლის პროცესში ჩართულია კონკურენციის ეროვნული სააგენტო.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ქიმიო-სხივური ჰორმონოთერაპიისთვის ერთ ბენეფიციარზე ყოველწლიურად 25 000 ლარი გამოიყოფა, ხელოვნურად გაძვირებული წამლების შედეგად კი ონკოლოგიურ პაციენტებს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ეზღუდებათ.
სამწუხაროა, რომ ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ისევ გრძელდება მედიკამენტების ფასების ხელოვნურად ზრდა.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არაერთხელ გაცხადდა, რომ მიუღებელია წამლების ფასის ხელოვნური ზრდა და თითოეულ დარღვევაზე უწყებას ექნება მკაცრი რეაგირება“, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაური.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
26.06.2025.11:22
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა, შეხვედრაზე, მიმდინარე პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხზეც იმსჯელეს. საუბარი შეეხო ციფრული ჯანდაცვის სერვისების განვითარების, შინმოვლის სერვისების გაფართოების, საავადმყოფოებზე დატვირთვის შემცირებისა და ზოგადად, ჯანდაცვის პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებს, რაც ხელს შეუწყობს ინტეგრირებული ზრუნვის სერვისების ეფექტურ მიწოდებას.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკი სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა, სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასეს და მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ირაკლი სასანია და გიორგი პატარიძე, ასევე, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე ესწრებოდნენ.