მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია - პაატა იმნაძე
„მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.
მისი განმარტებით, წლის განმავლობაში არამარტო საქართველოში, არამედ ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის 1%-ს მუნი აღენიშნება. დაახლოებით, ასეთივე მონაცემებია დღეს საქართველოშიც.
სპეციალისტების განმარტებით, მუნის მკურნალობა ადვილია და ის კანით კანზე, მჭიდრო, ხანგრძლივი კონტაქტით ვრცელდება.
„მუნი არის ტკიპით გამოწვეული დაავადება. მისი ძირითადი სიმპტომი ძლიერი ქავილია. გადადის მხოლოდ მჭიდრო ხანგრძლივი კონტაქტით კანით კანზე, თუმცა, შესაძლებელია, გადავიდეს თეთრეულით, პირსახოცით, ტანსაცმლით. მკურნალობა საკმაოდ ადვილია, სპეციალური მალამოების საშუალებით.
პროფილაქტიკისთვის, მნიშვნელოვანია, რომ მოვერიდოთ ინფიცირებულთან კონტაქტს, მოვერიდოთ სხვისი პირსახოცის, სხვისი ტანსაცმლის და თეთრეულის გამოყენებას. მკურნალობა აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს არა მარტო იმას ვისაც აქვს მუნი, არამედ მისი ყველა ოჯახის წევრს და ასევე, ვისაც მჭიდრო, ახლო და ხანგრძლივი კონტაქტი აქვს მასთან“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ.
სხვა სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ როლანდ პრაისს შეხვდა
08.04.2026.11:57
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ როლანდ პრაისს შეხვდა.
შეხვედრაზე, მხარეებმა ადამიანური კაპიტალის პროექტის მიმდინარეობასა და სოციალური დაცვის ანგარიშგების ინტეგრირებული სისტემის დანერგვაზე (IRSSP) ისაუბრეს. განიხილეს სოციალური სისტემების გაძლიერებისა და დასაქმების შესაძლებლობები.
მიხეილ სარჯველაძემ, სამინისტროსა და მსოფლიო ბანკს შორის, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით არსებულ, მჭიდრო თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ადამიანური კაპიტალის პროგრამა მიზნად ისახავს კონკრეტული შედეგების მიღწევას, რისთვისაც აუცილებელია ინდიკატორების განსაზღვრა და მათი სწორი მონიტორინგი.
შეხვედრაზე, მხარეებმა სოციალური დაცვის ანგარიშგების ინტეგრირებული სისტემის დანერგვაზე (IRSSP) ისაუბრეს, რომელიც სოციალური დაცვის სფეროში არსებული ინფორმაციის მართვისა და გრძელვადიანი ეფექტიანობის ზრდას ისახავს მიზნად.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაო დადებითად შეაფასეს და მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები: ირინე წაქაძე გიორგი ცაგარეიშვილი. ასევე - მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები რობერტო სორმანი, ნინო უძილაური და ნინო მოროშკინა.