მსგავსი შემთხვევები ხდება ყველა ქვეყანაში, მთავარია სწორი და დროული რეაგირება - თემურ მიქელაძე „სოფლის ნობათის“ რძეში აღმოჩენილ აფლატოქსინის მაჩვენებელზე
მსგავსი შემთხვევები ხდება ყველა ქვეყანაში, მთავარია სწორი და დროული რეაგირება. ვიმედოვნებ, სურსათის უვნებლობის სამსახური კეთილსინდისიერად გააგრძელებს თავის საქმიანობას და მომავალშიც აღმოფხვრის მსგავს პრობლემებს, - წერს პედიატრი თემურ მიქელაძე სოციალურ ქსელში „სოფლის ნობათის“ რძეში აღმოჩენილ აფლატოქსინის მაღალ მაჩვენებელთან დაკავშირებით.
„მინდა გამოვეხმაურო გავრცელებულ ინფორმაციას „სოფლის ნობათის“ რძეში აღმოჩენილ აფლატოქსინის მაღალ მაჩვენებელთან დაკავშირებით.
• აფლატოქსინი, ერთ-ერთი სოკოვანი ტოქსინია, რომელიც გვხვდება სხვადასხვა ტიპის საკვებში, მათ შორის რძეშიც. ის ასოცირებულია მწვავე და ქრონიკულ ინტოქსიკაციასთან.
• ქრონიკული ექსპოზიცია ასოცირებულია ღვიძლის დაზიანებასთან, ღვიძლისა და სხვა ორგანოების სიმსივნესთან და რამდენიმე კვლევის მიხედვით სიმაღლეში ზრდის შეფერხებასთან.
• არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი რეკომენდაცია სისხლში აფლატოქსინის განსაზღვრასთან დაკავშირებით.
• ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს სურსათის უვნებლობის სამსახური, რომელიც აკონტროლებს რძეში და არამარტო, აფლატოქსინის შემცველობას. აფლატოქსინის შემცველობის დასაშვებ ნორმაზე მეტი კონცენტრაციის აღმოჩენისთანავე, ისინი ვალდებულნი არიან აცნობონ შესაბამის სტრუქტურებს და ამოიღონ პროდუქცია ბაზრიდან.
• JESCA-ს მიერ დადგენილი უსაფრთხო შემცველობაა 0.5 to 15 µg/კგ-ზე. სოკოვანი ტოქსინების შემცველობა რძეში და სხვა პროდუქტებში მაქსიმალურად მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი. ყველა სახელმწიფო ვალდებულია აკონტროლოს პროდუქცია და დასაშვებ ნორმაზე მეტის აღმოჩენის შემთხვევაში ამოიღოს პროდუქცია გაყიდვებიდან.
• მსგავსი შემთხვევები ხდება ყველა ქვეყანაში, მთავარია სწორი და დროული რეაგირება. ვიმედოვნებ, სურსათის უვნებლობის სამსახური კეთილსინდისიერად გააგრძელებს თავის საქმიანობას და მომავალშიც აღმოფხვრის მსგავს პრობლემებს.
P.S რძის და რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები,რომლებიც რეკომენდაციას გასცემენ ბავშვთა კვებაში საკუთარი პროდუქციის გამოყენებაზე, მუდმივად უნდა კონტროლდებოდეს სახელმწიფოში არსებული მკაცრი მარეგულირებლების მიერ.
დედის რძე - ოქროს სტანდარტი ბავშვთა კვებაში.
გისურვებთ ჯანმრთელობას, ფიზიკურ, სულიერ და სოციალურ კეთილდღეობას!“, - წერს თემურ მიქელაძე.
სხვა სიახლეები
მიხეილ სარჯველაძემ გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
10.11.2026.10:59
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციაში (COP31) მიიღო მონაწილეობა.
კონფერენცია თურქეთში, ანტალიაში იმართება და მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა. კონფერენციაში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის 197 მხარე, 100-ზე მეტი ქვეყნისა და მთავრობის მეთაური მონაწილეობს.
კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ჯანმრთელობის საკითხებისადმი მიძღვნილ მრგვალ მაგიდასა და მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. ასევე, გამართა ორმხრივი შეხვედრა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრთან.
ღონისძიებებზე კლიმატის ცვლილების გავლენა ჯანმრთელობაზე, ჯანდაცვის სისტემების მდგრადობის გაძლიერებისა და ციფრული ჯანდაცვის განვითარების საკითხები განიხილეს.
მიხეილ სარჯველაძემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა კლიმატთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკების მონიტორინგის, ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარებისა და აუცილებელი სამედიცინო მომსახურების უწყვეტობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ციფრული ჯანდაცვის განვითარებას და რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას.
მინისტრთან ერთად კონფერენციას თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია ესწრებოდა.