მოსალოდნელია თუ არა მედიკამენტების დეფიციტი რეფერენტული ფასების პირობებში - ჯანდაცვის მინისტრის პასუხი
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განმარტა შეიქმნება თუ არა ადგილობრივ ბაზარზე მედიკამენტების დეფიციტი რეფერენტული ფასების დაწესების შემდეგ.
მინისტრის თქმით, აფთიაქების ნაწილში სხვადასხვა მედიკამენტებზე დეფიციტი ხელოვნურად იქმნება და სამინისტრომ ამისთვის კონტროლის სხვადასხვა მექანიზმი შემოიღო.
„ის რომ დეფიციტი არ შეიქმნას, აქ ბევრი სხვადასხვა მექანიზმი უნდა ჩაერთოს. მხოლოდ რეგულაციები საკმარისი არ არის. მაგალითად, ერთ-ერთი კარგი მექანიზმია, ის რომ სპეციალური ჯგუფი გავაკეთეთ, რომელიც რეაგირებს ზარებსა და პრეტენზიებზე, როცა კონკრეტული აფთიაქები კონკრეტულ მედიკამენტებს არ გასცემენ.
ეს კიდე ცალკე პრობლემაა, რომ ქვეყანაში ამდენი აფთიაქია. იმაზე სამჯერ მეტი ვიდრე ქვეყანას სჭირდება და ამ აფთიაქების გამოც შესაძლოა, ეს პრობლემები ხელოვნურად იყოს შექმნილი. ფიზიკურად შეუძლებელია, რამდენად ძლიერიც არ უნდა იყოს ეს ჰოლდინგური კომპანია იქნება თუ სხვა ფარმაცევტული კომპანია, ვისაც თავისი აფთიაქი აქვს ან იმპორტირებულს ყიდულობს, ყველა აფთიაქი მაქსიმალურად რომ შეავსოს. ეს საკმაოდ რთულია.
რადგან გვაქვს საკმაოდ ჭარბი აფთიაქების რაოდენობა, ამიტომ ამაზე მყისიერად ვრეაგირებთ, რადგან გუშინაც იყო შემთხვევები...პირველი დღე იყო და შეუძლებელია პირველ დღეს რაღაცა გამოეწვია, მაგრამ იყო სერიოზული პანიკა კონკრეტულ მედიკამენტებზე. ძირითადად თურქულზე. კონკრეტულ მედიკამენტებზე აფთიაქები უარს ეუბნებიან მომხმარებლებს. მერე ჩვენი ჯგუფი გადის და ჩვეულებრივ ყიდულობს. მეც ჩართული ვარ ამაში..მერე სხვები გავგზავნეთ, ხომ არ ცნობენ, მაგრამ რეგიონებშიც იგივე ხდება. აქ შესაძლოა, რაღაც მცდელობებთან გვქონდეს საქმე, მაგრამ რეაგირება და მონიტორინგი კარგად მუშაობს“, - აცხადებს აზარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 1-ლი იანვრიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები განისაზღვრა, ხოლო სისტემა 15 თებერვლიდან ამოქმედდა.
შესაბამისად, ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე ვალდებულია, მაქსიმალური ზედა ზღვარი რეფერენტული ფასების მიხედვით დაადგინოს.
ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, რეფერენტული ფასების დაწესება იმ რეფორმის ერთ-ერთი კომპონენტია, რომლის მიზანიც მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის, თუ მედიკამენტების მიწოდებაა. ცვლილების თანახმად, 1200-მდე დასახელების წამალი ეტაპობრივად გაიაფდება.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
06.05.2025.17:32
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე Max Foundation-ის დამფუძნებელ და აღმასრულებელ დირექტორ პატ გარსია-გონსალესს შეხვდა.
Max Foundation ჯანდაცვის მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში 2003 წლიდან ოპერირებს და ჯანდაცვის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით, შესაბამისი მედიკამენტებით უზრუნველყოფს ქრონიკული მიელოიდური ლეიკემიით , კუჭ-ნაწლავის სტრომალური სიმსივნით, თირკმლის უჯრედული კარცინომით და სხვა იშვიათი სიმსივნეებით დაავადებულ პაციენტებს.
შეხვედრაზე მხარეებმა ონკოჰემატოლოგიური და იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტებისთვის წამლის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხებზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს საქართველოში ფუნდამენტური სერვისების გაძლიერებისა და ინოვაციური მოდელების დანერგვის პერსპექტივებიც.
მინისტრმა Max Foundation-ის საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან პარტნიორობის შედეგად პაციენტებს კიდე უფრო მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მიეწოდებათ.
პატ გარსია-გონსალესმა პაციენტებზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვისთვის საქართველოს მთავრობის მუშაობას გაუსვა ხაზი.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები საქართველოს ჯანდაცვის სისტემის შემდგომი გაძლიერების მიზნით სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.