მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ, მნიშვნელოვანია, ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე სრული პასუხისმგებლობა აიღოს სახელმწიფომ - ირაკლი კობახიძე
მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურება, ხშირ შემთხვევაში, არა პაციენტის განკურნებას, არამედ მისთვის ნარკოტიკული საშუალების ლეგალურად მიწოდებას ისახავს მიზნად.
„როგორც ცნობილია, ჩანაცვლებით თერაპიისთვის გამოიყენება ისეთი პრეპარატები, როგორიცაა მეთადონი და ბუპრენორფინი. საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურება, ხშირ შემთხვევაში, არა პაციენტის განკურნებას, არამედ მისთვის ნარკოტიკული საშუალების ლეგალურად მიწოდებას ისახავს მიზნად. იმ პირობებში, როდესაც კერძო კომპანიას აქვს პირდაპირი კომერციული ინტერესი პრეპარატის რეალიზაციის მაქსიმალურად გაფართოების მიმართ, ბუნებრივია, მას აქვს ძლიერი ცდუნება, არა პაციენტის განკურნებაზე, არამედ პრეპარატის რეალიზაციაზე იყოს ორინტირებული. ამგვარი პრაქტიკა სრულად უნდა აღიკვეთოს. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია, ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე, რომელიც მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო საქმიანობათა კატეგორიას განეკუთვნება, სრული პასუხისმგებლობა აიღოს სახელმწიფომ, რომელიც თავისი დაწესებულებების მეშვეობით, მკურნალობის პროცესში ერთიანი სტანდარტის დამკვიდრებას უზრუნველყოფს.
„გამკაცრდება კონტროლი ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაზე. მკაცრად იქნება უზრუნველყოფილი, რომ თითოეული მომსახურება პაციენტის მაქსიმალურად სწრაფ განკურნებას მოემსახუროს და არ მოხდეს მისი ბოროტად გამოყენება ე.წ. ლეგალური ნარკომანიის წასახალისებლად. ასევე, დღეს ვთხოვე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, უზრუნველყოს ჩანაცვლებითი თერაპიისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის მაქსიმალურად მოკლე ვადებში გატანა მჭიდროდ დასახლებული სივრცეებიდან. დღეს ამ ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მჭიდროდ დასახლებულ სივრცეებშია განთავსებული, რაც ადგილობრივი მოსახლეობის საფუძვლიან უკმაყოფილებას იწვევს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო პერიოდში საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდება - ლაშა ხუციშვილი
სხვა სიახლეები
არსად მინახავს, რამდენიმე კონკურენტი ფარმაცევტული ქსელი გვერდი-გვერდ ხსნიდეს აფთიაქს, ჩვენთან ეს უცნაურობა არის, ერთი რომ გაიხსნება, მის გვერდით იხსნება რამდენიმე დასახელების აფთიაქი - მიხეილ სარჯველაძე
05.02.2026.11:07
„ჩვენთან ეს უცნაურობა არის, ერთი სადმე რომ გაიხსნება, იმას მიჰყვება რამდენიმე დასახელების აფთიაქი. ეს, ბუნებრივია, გარკვეულ ტვირთს აჩენს ბიზნესზე“ - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ აფთიაქების რაოდენობაზე საუბრისას.
„ამას არ სჭირდება დიდი ცოდნა და დიდი ანალიტიკა სტატისტიკის, ყველას სახლთან სადმე არის რამდენიმე დასახელების ერთდროულად, გვერდიგვერდ ჩაყოლებული. ეს, რასაკვირველია, უცნაურად გამოიყურება. ყველა ვყოფილვართ სადმე, გვინახავს ევროპულ სახელმწიფოებში როგორ არის. ასეთი რამ მე პირადად არსად შემიმჩნევია, რომ რამდენიმე კონკურენტი დასახელების ფარმაცევტული ქსელის წარმომადგენელი გვერდიგვერდ ხსნიდეს ობიექტს. ასეთი რამ მე მართლა არ მინახავს. ჩვენთან ეს უცნაურობა არის. ერთი სადმე რომ გაიხსნება, იმას მიჰყვება რამდენიმე დასახელების აფთიაქი. ეს ბუნებრივია, გარკვეულ ტვირთს აჩენს ბიზნესზე. ეს ტვირთი სად უნდა წავიდეს? უნდა აისახოს ფასში. ამიტომ, თუ მაგალითად იგივე რეფერენტული ფასების პირობებში მოგებისა და ზედმეტი ხარჯის შემცირების საკითხი დადგება, ბუნებრივია, რომ ასეთ დროს, თქვენ რომ ბრძანეთ, სხვა რამიდან შეეცდება დაიკმაყოფილოს თავისი ჭარბი მოგების მოთხოვნა, ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მეთოდი არის ხარჯების შემცირებაც. ხარჯების შემცირების ყველაზე კარგი ინსტრუმენტია, რომ გარკვეულწილად ეს იყოს რეგულირებული. შევხედოთ, ამ თვალსაზრისით ბუნებრივია, რომ სინქრონულად უნდა დარეგულირდეს, სინქრონულად იმასთან, როგორიც იქნება დამოკიდებულება იგივე მარკეტებთან. ალბათ ესეც არის ერთ-ერთი მიმართულება რეალური ხარჯების შემცირება, რომელზეც უნდა ვისაუბროთ. იქ იყო არა მხოლოდ ამაზე საუბარი, იქ იყო საუბარი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქართულ წარმოებას, რა თქმა უნდა, გულშემატკივრობენ.
„ჩვენ ამაზე არასდროს გვითქვამს უარი, რომ მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ წარმოებას. სხდომაზეც გამოითქვა ეს შეხედულება, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს ამოცანები მოკლევადიანი, საშუალოვადიანი, გრძელვადიანი. ალბათ, წარმოების ხელშეწყობა და განვითარება უპირატესად გრძელვადიანია. უფრო სტაბილურ განვითარებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი აქტივობაა მაგრამ, დიახ, რა თქმა უნდა, ეს არის აქტივობა. ამ ინიციატივას მხარდაჭერა ისედაც და ასედაც აქვს. რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ ქართულ წარმოებას. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამე შეიძლება გაკეთდეს და ამ დრომდეც კეთდება“, - განაცხადა მან.