მიხეილ სარჯველაძე ლევან იოსელიანს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. მხარეებმა, ფსიქიატრიული მიმართულებით, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები განიხილეს. მინისტრმა, სახალხო დამცველს, საკითხით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების განვითარება სამინისტროს გაცხადებულ მიზანს წარმოადგენს.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამინისტრო ფინანსური რესურსის მობილიზებისა და ხარისხობრივი ინდიკატორების განსაზღვრით, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას გეგმავს, ამ პროცესში კი სექტორთაშორისი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. თავის მხრივ, სახალხო დამცველმა, სამინისტროს, აღნიშნული მიმართულებით რეკომენდაციები გაუზიარა და აღნიშნა, რომ მათ შესასრულებლად, უწყება, აქტიურად მუშაობს.
შეხვედრას, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე, სამინისტროს სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი თამარ კურტანიძე, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოს დირექტორი რუსუდან კოხოძე, ასევე, სახალხო დამცველის მოადგილეები და აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
როდესაც ბიზნესი ამბობს, რომ პროდუქტის გაიაფებისა და მეტი მოგების მიღების მიზნით უფრო იაფი მუშახელის ჩამოყვანა სურს, სამართლიანია, სახელმწიფომ დაიცვას თავისი მოქალაქე და არ მისცეს ბიზნესს ამის შესაძლებლობა - მიხეილ სარჯველაძე
19.04.2026.01:46
„ვფიქრობ, სავსებით დროული იყო სახელმწიფოს ინიციატივა, შრომითი მიგრაციის საკითხის რეგულირების შესახებ. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა და გადავდგით საკმაოდ მკვეთრი და გაბედული ნაბიჯები შრომითი მიგრაციის დასარეგულირებლად, რასაც შესაძლოა, დიდწილად ეწირებოდეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა ინტერესები“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სახელმწიფოს საზრუნავია, პირველ რიგში, საკუთარ მოქალაქეებს მისცეს მეტი ასპარეზი და მათთვის გააჩინოს მეტი შესაძლებლობა. მისი განმარტებით, ეს ლეგიტიმური და კონსტიტუციური ნაბიჯია.
„როდესაც კონსტიტუციაში წერია, რომ სახელმწიფო მფარველობს თავის მოქალაქეს, ეს, მათ შორის, ნიშნავს იმას, რომ გარკვეულ ეტაპზე და გარკვეულ შემთხვევებში უპირატესობა უნდა მიანიჭო მას.
როდესაც კონკრეტული სამუშაოს შესრულება შეუძლია ქართველსაც და იმიგრანტსაც, აბსოლუტურად ნორმალურია, უპირატესობა მიანიჭო და პირველი არჩევანის უფლება მისცე შენს მოქალაქეს. თუ ბიზნესი მათ შორის ვერ იპოვის საჭირო კადრს, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მას უნდა ჰქონდეს ხელშეწყობა - მოიზიდოს ადამიანი, რომელიც აღნიშნულ ვალდებულებას შეასრულებს.
თუმცა, როდესაც ბიზნესი ამბობს, რომ პროდუქტის გაიაფებისა და მეტი მოგების მიღების მიზნით უფრო იაფი მუშახელის ჩამოყვანა სურს, თუნდაც ამას შეეწიროს ქართველისთვის სამუშაო ადგილის ხელმისაწვდომობა, სამართლიანია, რომ სახელმწიფომ დაიცვას თავისი მოქალაქე და არ მისცეს ბიზნესს ამის შესაძლებლობა.
მაგალითად, ტაქსის, გიდებისა და საკურიერო მომსახურების სერვისების გაწევა ქართველს აბსოლუტურად თავისუფლად შეუძლია. როდესაც კონკურენციამ შექმნა ისეთი მდგომარეობა, რომ ვიღაც ნაკლებ ანაზღაურებაზეა თანახმა, ვიღაცას კი, ვთქვათ, ღამის საათებში უფრო მარტივად შეუძლია მუშაობა და, ამის გამო, დამსაქმებელი პრიორიტეტს უცხოელს ანიჭებს, აი, ეს არ მიგვაჩნია სწორად. ზუსტად ეს აზიანებს ჩვენი მოქალაქეების ინტერესს, ამიტომ ვთვლით, რომ ამ საკითხის დარეგულირება სამართლიანი და რელევანტურია“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.